Accessibility links

logo-print

ოპოზიცია ვერც არჩევნების შემდეგ გაერთიანდა


საპროტესტო გამოსვლები, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნებს მოჰყვა, საერთო ოპოზიციურ მოძრაობაში ვერ გადაიზარდა. "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ღია

მხარდაჭერა მხოლოდ ჯუმბერ პატიაშვილმა და გურამ აბსანძემ გამოუცხადეს. მათგან განსხვავებით, "ლეიბორისტები", "ახალი მემარჯვენეები" და "მრეწველები" განზე დგომას ამჯობინებენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

4 ნოემბერს "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა მიერ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას, არა ერთი და ორი მოწოდების მიუხედავად, იმ საარჩევნო სუბიექტთაგან, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ, არავინ - მათ შორის, არც "ლეიბორისტული პარტია" - მიერთებია. თუ რატომ, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "შალვა ნათელაშვილი სანამ ცოცხალია, ის სააკაშვილთან, ჟვანიასთან და შევარდნაძესთან არ გამოცხადდება. შეიძლება მისი გვამი მიიტანონ მათთან. ეს მათი ნებაა. ცოცხალი ნათელაშვილი მათთან არ გამოცხადდება."

"ნაციონალებსა" და "ლეიბორისტებს" შორის არსებული დაუძლეველი ანტაგონიზმის გათვალისწინებით, შალვა ნათელაშვილისგან ამგვარი მსხვერპლის გაღებას არც არავინ ელოდა, თუმცა გაკვირვებას იწვევს ქართველ მშრომელთა ლიდერის შემდეგი განცხადება:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ყველაზე ნაკლები მასობრივი გაყალბება იყო ამ არჩევნების დროს."

და მაინც, რატომ არ გავიდნენ "ლეიბორისტები" ქუჩაში? კვლავ ბატონ შალვას მოვუსმინოთ:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ჩვენ ქუჩაში გავდივართ მაშინ, როცა ქუჩაში გასვლა იწვევს პოზიტიურ შედეგს ადამიანებისათვის - როცა აიაფებს დენის ტარიფს, როცა აღარ იყიდება "წყალკანალი", როცა იაფდება დენის ტარიფი, როცა შეღავათი ეძლევა საავადმყოფოს, ექიმს და მასწავლებელს."

ნათელაშვილი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საკუთარი ხმების დაცვას არც სასამართლოში აპირებს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "საერთოდ არ მაინტერესებს არანაირი ხმები. შალვა ნათელაშვილის ფეხი საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სასამართლოში არ იქნება."

"ლეიბორისტებისაგან" განსხვავებით, "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ქუჩაში გასვლამდე, შეეძლოთ სხვა მეთოდებით, მათ შორის, სასამართლოების საშუალებით ებრძოლათ.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "მთლიანობაში, როცა ხელისუფლება ემსახურება არა ხალხს, არამედ მხოლოდ თავის ინტერესებს, მაშინ ხალხს აქვს უფლება ეს ხელისუფლება მოიშოროს თავიდან, მაგრამ ეს არის ის უკიდურესი გზა, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ რჩება. მე მიმაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული და უნდა იყოს გამოყენებული ყველა ის შესაძლებლობა, რასაც იძლევა კანონი."

ვახტანგ ხმალაძე შიშობს, რომ არაადეკვატურმა მოწოდებებმა შეიძლება საზოგადოებრივი აზრის აფეთქება და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "იქნებ ყველას ეყოს გონიერება, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე, მათ შორის, იმ ფალსიფიკატორებსაც, ვინც დღესაც ცდილობს რაღაცების ფალსიფიცირებას. იმიტომ რომ პატარა ფალსიფიკაციას აიტანთ და კეტს არ დამარტყამთ, მაგრამ დიდს უკვე ვეღარ აიტანთ და კეტს დამარტყამთ თავში. ხომ ჩემთვისაც ცუდად დამთავრდება?"

"ახლებისა" და "ლეიბორისტებისაგან" განსხვავებით, "მრეწველები" საკუთარი პოზიციის გამჟღავნებას არ ჩქარობენ. ვის ვის და ქართველ მრეწველებს არ ესწავლებათ, რომ დუმილი ოქროა, მით უმეტეს, მაშინ, როცა 7 პროცენტიანი ბარიერი ჯერ არ გადაგილახავს, ხმებს კი ხელისუფლება ითვლის.
XS
SM
MD
LG