Accessibility links

რატომ გადაიკეტა თბილისისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები


ოპოზიციის მომხრეთა თბილისში თავმოყრით შეშფოთებულმა ხელისუფლებამ მოქალაქეთა შეკავების არცთუ ორიგინალურ და კანონიერ მეთოდს მიმართა: 8 ნოემბრის დილიდან საგზაო პოლიციამ

თბილისისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალები სხვადასხვა მიზეზით ჩახერგა. როგორ ახსნეს ეს ქმედება სამართალდამცველმა სტრუქტურებმა და რა შედეგი გამოიღო საქართველოს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვამ?

თბილისის შემოსასვლელებში პოლიციელთა კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქში მომავალი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლას ცენტრალური მაგისტრალების სხვა მონაკვეთებზეც შეეცადა. თუ იმერეთში საგზაო პოლიციას ფანტაზიის უნარი აღმოაჩნდა, ამ მხრივ ვერაფრით დაიკვეხნის კახეთის პოლიცია.

ახლა უფრო კონკრეტულად: იმერეთის საგზაო პოლიციამ ქუთაისიდან თბილისში მომავალი ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა მიკროავტობუსები გააჩერა, მძღოლები პოლიციის სამმართველოში წაიყვანა და ასე დაბლოკა საპროტესტო აქციის მონაწილეების თბილისში გამგზავრება.

[გივი ზივზივაძის ხმა] "მძღოლების სიმთვრალე-სიფხიზლეში შეეპარათ ეჭვი, შეამოწმებენ, მოვლენ და ყველაფერი იქნება წესრიგში. სპეციალური არაფერი ისეთი, მძღოლების სიმთვრალე-სიფხიზლეში შეეპარათ ეჭვი, შეამოწმებენ და გადაწყდება ყველაფერი."

ეს იყო გივი ზივზივაძე იმერეთის საგზაო პოლიციიდან, რომელიც მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც მძღოლების გარეშე დარჩენილმა სააკაშვილის მომხრეებმა პროტესტის ნიშნად თავად გადაკეტეს ცენტრალური ავტომაგისტრალი.

პოლიცია გაცილებით მკაცრი და აგრესიული იყო კახეთის რეგიონში. იქ თბილისისკენ მიმავალ ნაციონალური მოძრაობის 500-მდე წევრისა და მომხრის სატრანსპორტო საშუალებებს მძიმე სატვირთო მანქანებით გადაუკეტეს გზა. ჩვენი კორესპონდენტის დავით მჭედლიძის ცნობით, თბილისისკენ მომავალმა მოქალაქეებმა პოლიციის ორი ასეთი პიკეტი გაარღვია. ჩალაუბანში მოწყობილი პოლიციის წინააღმდეგობის დაძლევისას კი სროლის ხმაც გაისმა.

[დავით მჭედლიძის ხმა] "პოლიციელები ამბობენ, ჩვენ საბურავებს ვესროდით, რომ ვერ შეძლებოდათ წინ წასვლაო, თუმცა ამ სროლაში ერთი ქალბატონი დაიჭრა. - დათო, პოლიცია თუ ამბობს, რატომ ცდილობდნენ აქციის მონაწილეთა შეჩერებას? - დავალება აქვთ მიღებული, რომ აქციის მხარდასაჭერად წამოსული კოლონები არ შეუშვან თბილისში."

ამავე მიზნით ახალციხელმა სამართალდამცველებმა ავტოსადგურის ბლოკირება განახორციელეს. ზესტაფონში კი ავტობუსების მძღოლებმა უარი განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა თბილისში გადაყვანაზე. პოლიციამ სააკაშვილის მომხრეთა შეჩერება გორშიც სცადა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ხელოვნური საცობი მოაწყო. ასეთმა პიკეტებმა, საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებთან ერთად, მრავალ საქორწინო მაყრიონსაც შეუშალა ხელი.

[მოქალაქის ხმა] "არაფერს არ გვეუბნებიან, არ ვიცი. ქორწილში მივდივარ, ქორწილშიც არ გვატარებენ."

8 ნოემბრის თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეობის მსურველთა შორის ყველაზე მოხერხებულად სააკაშვილის ზუგდიდელი მომხრეები მოიქცნენ. ჩვენი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, პოლიციასთან შეხლა-შემოხლის თავიდან აცილების მიზნით, სამეგრელოს წარმომადგენლები თბილისში 7 ნოემბერს ღამით მატარებლითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გაემგზავრნენ.

თუ რატომ უნდა სჭირდებოდეს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით ამგვარი ფარული გადაადგილება, ან რატომ უნდა აკავებდნენ მათ უმიზეზოდ, ესროდნენ ტყვიას და უკრძალავდნენ დედაქალაქში შესვლას, ყოველივე ამის კომენტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს პაატა გომელაურს ვთხოვე.

[პაატა გომელაურის ხმა] "ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ. - და რატომ, ბატონო პაატა, მოქალქეების დაკავება გზებზე ნამდვილად ხდება, რეალობაა. - როდესაც ჩვენ კითხვას კომენტარის გარეშე ვტოვებთ, თუ დავიწყეთ ახსნა, ეს უკვე კომენტარის გარეშე არ გამოდის. ჩვენ უახლოეს დღეებში სრულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, მათ შორის, გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებაც, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით."

იურისტების განმარტებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ პრეზიდენტის მიერ, პარლამენტის თანხმობით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პროფილაქტიკური ღონისძიების დროსაც კი, ქართველებს საქართველოში თავისუფლად გადაადგილება, შეკრება და მანიფესტაციების მოწყობა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG