Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ათი წლის გახდა - ბევრისთვის სუვერენიტეტის დათმობა დღესაც პრობლემად რჩება


ათი წლის წინ, 1993 წლის 1 ნოემბერს ძალაში შევიდა ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ,

იგივე "მაასტრიხტის ხელშეკურლება". ამ დღიდან ეწოდება ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებას, რომელსაც საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირი. თავისი ისტორიისა და ნიშანთვისებათა გამო ევროკავშირი სახელმწიფოთა დღემდე არსებულ უნიკალურ გაერთიანებად უნდა ჩაითვალოს, თუნდაც, მასში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების მშვიდობიანი ხასიათის გამო. მაინც რა შეცვალა მაასტრიხტში ხელმოწერილი დოკუმენტის ძალაში შესვლამ.

საინტერესოა, რომ ინტეგრაციის ახალ ტალღაში მოხვედრილი ქვეყნები არად დაგიდევენ ძველთა გამოცდილებას და მაინც დიდ ორჭოფობაში არიან, როცა მათ სახელმწიფოთა მიერ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობაზეა საუბარი. "ძველთა გამოცდილება" ვახსენე და აქვე უნდა ითქვას, რომ სამი სახელმწიფო იმ ძველთაგან _ ავსტრია, ფინეთი და შვეცია ათი წლის წინ, 1993 წელს ჯერ კიდევ არ იყვნენ ევროკავშირის წევრები. ათი წლის წინ მხოლოდ დაიწყო მათი გაწევრიანების პროცესი, რომელიც 1995-ში მათი ევროკავშირში შესვლით დასრულდა.

მოდით, ისევ მაასტრიხტის ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ. რა მნიშვნელობა ჰქონდა მას. მასში განისაზღვრა გაერთიანების წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალი ფორმები, მაგალითად თავდაცვისა და კანონის დაცვის სფეროებში. მანამდე არსებული სისტემისთვის მთავრობებს შორის თანამშრომლობის სეგმენტის დამატებით მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომელიც ეკონომიკურის გარდა პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებდა და რასაც წარმოადგენს კიდეც ევროკავშირი.

ზოგიერთი მიმოხილველის აზრით სახელმწიფოთა გაერთიანების ევროკავშირად წოდებამ ბოლომდე ვერ გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მისი წევრი სახელმწიფოები ხშირად ვერ თანხმდებიან ხოლმე. მომავალი წლიდან 10 ახალი წევრის შემატება ხომ კიდევ უფრო დაამძიმებს სურათს, ევროკაშირის კავშირად წარმოჩენას ვგულისხმობ.

და მაინც, უნდა აღინიშნოს ერთი - ევროკავშირის წევრი 15 სახელმწიფოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვან სფეროებში თავ-თავიანთი სუვერენიტეტის ერთიანობისათვის დათმობით ისინი უკეთეს შედეგს მიიღებდნენ. თუმცა ეს თავის დროზე, ევროკავშირის ყველა წევრისთვის ერთნაირად გასაგები არ აღმოჩნდა. მაგალითად საბერძნეთი გაწევრიანებიდან მხოლოდ ათი წლის შემდეგ მიხვდა, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვისთვის თეთრ ყვავად ყოფნას, სრულყოფილი პარტნიორობა სჯობდა. იმავე ეტაპზეა ახლა პოლონეთიც, რომელიც 2004 წლიდან გახდება ევროკავშირის წევრი, როცა მისი ხელისუფლება პრიორიტეტულად პოლონეთის სუვერენიტეტის დაცვას მიიჩნევს. ევროპის ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი პიტერ ზერვაკისი ამბობს:

[ზერვაკისის ხმა]
"ეს შემეცნების პროცესია. ადრე თუ გვიან თითოეული წევრი ქვეყანა მიხვდება, რომ ის სინამდვილეში კი არ კარგავს ძალაუფლებას, არამედ მეტ ზეგავლენას იძენს, როცა თანაბარ პარტნიორთა გუნდში ერთიანდება".

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ თავიანთი ურთიერთობის განსაზღვრისთვის ტერმინ "კავშირის" შემოღებიდან 10 წელი გავიდა. მომავალ ეტაპს ევროკავშირის პირველი ერთიანი კონსტიტუციის მიღება წარმოადგენს.

ბლოკის წევრთა კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას მიმდინარე მოვლენები და ახალახალი პრობლემებიც უწყობს ხელს. კერძოდ არალეგალური მიგრაციის ზრდა ევროპაში, რასაც ვერც ერთი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ამის თაობაზე ევროპის პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტი სებასტიან კურპასი ამბობს:

[კურპასის ხმა]
"ცალკეული წევრი სახელმწიფოები - რაგინდ დიდებიც უნდა იყვნენ ისინი, ვეღარ შეძლებენ მსგავსი საკითხების გადაჭრას, რადგან თავად საკითხები გახდა ტრანსნაციონალური, საერთო ეროპული, რაც თავისთავად მოითხოვს მათ ევროპულ დონეზე გადაჭრას".

დღეს მწვავედ დგას ევროკავშირის საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის შემდგომი განვითარების საკითხი. მოსახლეობის გამოკითხვები როგორც წევრ, ასევე კანდიდატ ქვეყნებშიც აჩვენებს, რომ ხალხის უმეტესობა მომხრეა, რომ ევროკავშირმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში გააძლიეროს პოლიტიკა, თუმცა, როცა საქმა-საქმეზე მიდგება, ცალკეული სახელმწიფოების მეთაურები არ აღმოჩნდებიან ხოლმე მზად ერთიანი პოზიციის დასაცავად. ამის ნათელი მაგალითი ერაყის კრიზისი იყო.

თუმცა, ალექსანდერ სმოლარი პარიზის სამეცნიერო კვლევათა ნაციონალური ცენტრიდან უპრეცენდენტო მიღწევად თვლის ერთიანი ევროპული ვალუტის - ევროს ნებაყოფლობით შემოღებას, რადგან მანამდე არსებული სავალუტო კავშირები პოლიტიკური, ან სამხედრო ზეწოლის შედეგი იყო.

ევროკავშირის კონსტიტუციაზე მიმდინარე მოლაპარაკების პროცესშიც წარმოიშვა აზრი ევროკავშირის სახელწოდების კვლავ შეცვლის შესახებ, თუმცა, რაიმე საყურადღებო წინადადებით ჯერჯერობით არავინ გამოსულა.
XS
SM
MD
LG