Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის როლი შექმნილ ვითარებაში


ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, ოპოზიციური ლიდერების უმთავრესი ამოცანა ახალ პარლამენტში 118 ხმის, ანუ უმრავლესობის, მოგროვებაა. პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობის მთავარი მიზანიც,

ანუ ქვეყანაში განსახორციელებელი ცვლილებები, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობით მიიღწევა.

შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ოპოზიციის პროტესტულ ნაწილს საშუალება მიეცემა, პარლამენტში გაყვანილი დეპუტაციის რაოდენობა მეტ-ნაკლებად დაუახლოვოს 118 მანდატს, ამ შემთხვევაში მიტინგი მშვიდობიანად დაიშლება.

როგორია პრეზიდენტის როლი შექმნილ ვითარებაში?

რას ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობა და ჩატარდა თუ არა არჩევნები მაინცდამაინც იმ ნიშნით, რომ ოპოზიციას უმრავლესობა ვერ ჩამოეყალიბებინა? საქმე ის არის, რომ 118 პულტის მფლობელ პოლიტიკურ ძალას ან ძალთა კოალიციას შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს ძველ მთავრობას და დანიშნოს ახალი; დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტი; იბრძოლოს სისტემური რეფორმების ჩასატარებლად; დაეუფლოს რეალურ ბერკეტებს საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად და, ბევრი ჩრდილოვანი თუ საჯარო ფაქტორის საფუძველზე, უპირატეს სასტარტო პირობებში მოექცეს უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ამიტომ ოპოზიციას არ უნდა და არ შეუძლია, დათმოს ის შედეგები, რაც ხმების პარალელურმა დათვლამ აჩვენა და, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული ოპოზიცია ახლოს იყო 118 მანდატის მოპოვებასთან.

სრულიად რეალურია, რომ მეამბოხე ლიდერები უკან წაიღებენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, თუკი დაინახავენ ედუარდ შევარდნაძის კეთილ ნებას, რომ მან ოპოზიციას დაუთმოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ბერკეტი - საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ, თავის მხრივ, ხელისუფლების მთავარი მიზანიც ამ უმრავლესობის მოპოვებაა.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს გადაწყვეტილების მიმღები მხარე ერთია - საქართველოს პრეზიდენტი. იმ ვარაუდის გამოთქმაც შეიძლება, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ედუარდ შევარდნაძე მარტო მდგომი ფიგურაა, რადგან მისი ინტერესი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს არ თანხვდება. უფრო მეტიც, პრეზიდენტი ძლიერ წნეხს განიცდის სამი პოლიტიკური ძალისგან: ერთი მხრივ, აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსებისგან; მეორე მხრივ, სახელისუფლო ბლოკის ლიდერებისგან და, მესამე მხრივ, ასლან აბაშიძისგან. სამივე ძალა მისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ არსებული კონფლიქტის გადაწყვეტა არ მოხდეს ამ კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გაწირვის ხარჯზე. გავიხსენოთ, რომ როგორც კი თბილისში ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა, მაშინვე ასლან აბაშიძემ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში და პრეზიდენტს შეახსენა, რომ აჭარის ლიდერის რადიკალიზმი ბევრად აღემატება თბილისელი ლიდერების რადიკალიზმს.

რა შეიძლება გადაწყვიტოს სამმხრივ წნეხში მოყოლილმა პრეზიდენტმა? აქციის ორგანიზატორებს თავდადებით უჭერს მხარს საზოგადოება; ამ ფაქტორის იგნორირება, ალბათ, ყველაზე მეტად გაძნელდება. სახელისუფლო ბლოკის ლიდერების პოზიციას ამაგრებს პრეზიდენტის ოჯახის ინტერესები; ამ ფაქტორის იგნორირებაც ედუარდ შევარდნაძეს აქამდე არასოდეს უცდია; ასლან აბაშიძეს კი ზურგს უმაგრებს საკუთარი რეჟიმი, რომლის წინაშეც საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის უკან იხევდა. შეუძლებელი ჩანს იმგვარი დიალოგი, რომელიც ამ სამ მხარეს შორის დაახლოების წერტილებს მოძებნიდა, რადგან თითოეული ჯგუფის ინტერესი თვითკმარია და სხვებისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ამიტომაც ბოლო დღეებში ყველა მხრიდან მეტისმეტად ხშირად გაისმის დაპატიმრების მუქარა.

რა მოიმოქმედა პრეზიდენტმა ამ ურთულეს ვითარებაში? პირველ რიგში, იგი შეხვდა სახელისუფლო ბლოკის ლიდერებს და დააზუსტა მათი პოზიციები; შემდეგ შეხვდა ოპოზიციურ ლიდერებს და გაარკვია მათი დათმობების ზღვარი; ბოლოს შეხვდა ასლან აბაშიძეს და, საფიქრებელია, რომ მისი ინტერესების სფეროც ზუსტად მოინიშნა. ნიშანდობლივია, რომ, ჟვანიას განცხადების თანახმად, პრეზიდენტს მათთან შეხვედრისას უთქვამს: "მე მჭირდება დრო, რომ გავერკვე ვითარებაში". ახლა, როდესაც პრეზიდენტი უშუალოდ შეხვდა სამივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, ალბათ, იგი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გამოვიდეს შექმნილი ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით. ცხადია, მისი ქცევის მოტივი და უმთავრესი მიზანი 2005 წლამდე პოსტის შენარჩუნებაა.
XS
SM
MD
LG