Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ეკონომიკურ პრობლემებში ოპოზიციას ადანაშაულებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულმა მოვლენებმა ეკონომიკურ პროცესებზე უკვე იქონია ადეკვატური გავლენა, თუმცა ის ფონი, რომელიც რეალურად ჩამოყალიბდა რუსთაველის პროსპექტზე

მიმდინარე საპროტესო აქციების შემდგომ, ბევრისათვის სპეკულაციის კარგ საშუალებად იქცა და სამწუხაროა, რომ ამ საქმეში პოზიციაც და ოპოზიციაც ცდას არ აკლებს.

პოლიტიკური მღელვარება ნებისმიერ ვითარებაში და თვით ინსტიტუციონალურად ჩამოყალიბებულ და განვითარებულ ქვეყნებშიც იწვევს სერიოზულ ექსცესებს ეკონომიკაში. მით უფრო დიდია პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენა იმ ტიპის სახელმწიფოებში, როგორიც საქართველოა. შესაბამისად, ის პროცესები, რაც ჩვენს ეკონომიკაში ვითარდება, სრულიად მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ეკონომიკური პროცესები და საერთო სოციალური ფონი ჩვეულებრივ სიტუაციაშიც ისედაც მეტისმეტად მყიფე და პრობლემებით აღსავსეა.

ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო განცხადებებში მუდმივად აფიქსირებენ, რომ არჩევნების შემდგომმა ვითარებამ მკვეთრად შეამცირა ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის მოცულობა, მინიმუმამდე დავიდა ტვირთბრუნვა, გაუარესდა საინვესტიციო გარემო, გადასახადების ამოღების მაჩვენებელი, ანუ საბიუჯეტო შემოსავლები, პრობლემები შეექმნა ეროვნული ვალუტის კურსს, გაძვირდა პური და ბაზარზე შეინიშნება ინფლაციური მოლოდინი. მთავრობა ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, ოპოზიციას ადანაშაულებს. ხელისუფლება გვამუნათებს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაფიქსირდა ეკონომიკის ზრდა, შეიქმნა შედარებით სტაბილური ენერგეტიკული ფონი, დაიწყო "საუკუნის პროექტის" რეალიზება, დესტაბილიზაციური მუხტი დამღუპველად იმოქმედებს ამ პოზიტიურ პროცესებზე. თუმცა ხელისუფლება არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის პრობლემები, რომელმაც დღეს გამოკვეთილად იჩინა თავი, საპროტესტო აქციებამდე რამდენიმე თვით და წლებით ადრე იღებს სათავეს და თავად იმ საპროტესტო ტალღის საბაბიც სწორედ ხელისუფლების უნიათობასა და უპასუხისმგებლობაშია საძებარი.

ოპოზიციას და აღშფოთებულ ამომრჩეველს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლად არსებობის მანძილზე ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვერც ერთი ფინანსური წლის დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტით დასრულება. ცნობისათვის: იგივე ბედი ელის წლევანდელი წლის მთავარ ეკონომიკურ კანონს, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ასეული მილიონითაა გარღვეული და, ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე მოვლენების ფონზე დეფიციტი, შესაძლოა, 300 მილიონამდეც ავიდეს. თუმცა იმ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების მობილიზების დონე ისედაც კატასტროფულად დაბალია, ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადასახადების გადაუხდელობისაკენ ოპოზიციის მოწოდებამ, შესაძლოა, უკიდურესად მძიმე შედეგი გამოიღოს და ამგვარი "ფისკალური ბოიკოტი", პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებს აზარალებს.

დაძაბულობას და გაურკვეველ სიტუაციას მუდამ ახლავს თან ერთგვარი მოლოდინის ეფექტი, როდესაც ეკონომიკური სუბიექტები თავს იკავებენ გარკვეული აქტივობისაგან, ძნელია ბიზნესის განვითარების პროგნოზირება, იშლება ან მუხრუჭდება საქმიანი კონტრაქტები და ა.შ. მაგრამ შეურაცხყოფილ ამომრჩეველს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ ცუდი საკანონმდებლო ბაზის, კრიმინალიზებული ეკონომიკისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო ქვეყანაში ინვესტიციები აღარ შემოდის; უფრო მეტიც, ის სერიოზული კერძო ინვესტორები, რომელთაც რამდენიმე წლის წინ დააბანდეს კაპიტალი ჩვენს ეკონომიკაში, იძულებულნი გახდნენ, ინვესტიცია უკან გაეთხოვათ; ხოლო ყბადაღებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რომელსაც წამდაუწუმ გვახსენებს ხელისუფლება, მხოლოდ დიდი ნავთობსადენის პროექტის წყალობაა, რომელიც ლამის ერთადერთ პოზიტიურ მოვლენად იქცა უახლეს ქართულ ისტორიაში.

ალბათ, არც ის უნდა იყოს ოპოზიციის ბრალი, რომ ქვეყნის სტრატეგიული სეგმენტი - ენერგეტიკა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებასთან შეზრდილ კაპიტალს "ვუფეშქაშეთ", რითაც დამატებითი ბერკეტები ვუბოძეთ ისედაც ქართულ პოლიტიკაზე არცთუ კეთილისმყოფელ მანიპულირებაში შემჩნეულ მეზობელს.

პოლიტიკური დაძაბულობა და საკანონმდებლო ხელისუფლების ვაკუუმი გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტში ერთი თვის წინ წარდგენილ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს სერიოზული სირთულეები შეექმნება, მით უმეტეს, როდესაც ამ დოკუმენტის მიმართ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც აქვს შენიშვნები.

პოლიტიკურ სიბრტყეში არსებული გაურკვევლობა კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნისადმი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან უკვე გამოკვეთილი ერთგვარი თავშეკავების ტენდენციას. დეკემბერში თბილისს სავალუტო ფონდის მაღალი რანგის დელეგაცია უნდა ეწვიოს. სახელისუფლებო კრიზისის პირობებში, თუ ამ დროისათვის არ მოხდება ვითარების დარეგულირება, საფინანსო ინსტიტუტებთან პროგრამის დაფინანსების აღდგენის საკითხი კიდევ გაჭიანურდება. შესაბამისად, გაჭიანურდება "პარიზის კლუბის" ეგიდით კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი და ქვეყანას პირისპირ, ფონდის დახმარების გარეშე, მოუწევს მევალეებთან ურთულესი დიალოგის წარმართვა.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ სახალხო მღელვარება და დაძაბული პოლიტიკური ფონი ეკონომიკაზე ვერ მოახდენს გავლენას; ისიც სრულიად ცხადია, რომ ეს გავლენა უკიდურესად მძიმე იქნება. ეს სირთულეები რეალურად არსებობს და არასტაბილური გარემო, ბუნებრივია, კიდევ უფრო ამუქებს და სახიერს ხდის ამ სიძნელეებს, თუმცა ყველაფრის არჩევნების შემდგომი სიტუაციისათვის და საპროტესტო მღელვარებისათვის გადაბრალება, უბრალოდ, ელემენტარული უპასუხისმგებლობა და მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობა იქნება. ამასთან, ხელისუფლების მაღალი ჩინების პერმანენტული დაუფიქრებელი განცხადებები ეკონომიკური კოლაფსის რეალურობის შესახებ კიდევ უფრო აძლიერებს იმ აჟიოტაჟურ ფონს და ეკონომიკურ დაბნეულობას, რაც უამისოდაც მძლავრობს საზოგადოებაში.
XS
SM
MD
LG