Accessibility links

logo-print

შეიქმნება თუ არა კოალიციური მთავრობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნის დღიდან სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს სამთავრობო ცვლილებების საკითხი. ბოლო ხანს გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი მთავრობის

შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას სახელისუფლებო კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს. მთავრობის გადაყენების წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როცა ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას პარტიულ კუთვნილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ეძლეოდა, ამჯერად საუბარია კოალიციური მთავრობის შექმნაზე.

სავარაუდოდ, 19 ნოემბერს დანიშნულ მთავრობის სხდომაზე გამოიკვეთებიან ის მინისტრები, რომელთაც უახლოეს ხანში საკუთარ თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწევთ. 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მომხდარი მორიგი გარღვევის ფონზე - ბოლო ცნობებით, ბიუჯეტი 290 მილიონი ლარით გაირღვა - ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, პირველ რიგში, ვინ აგებს პასუხს ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე: ე.წ. ეკონომიკური ბლოკის მინისტრების დიდი ნაწილის ბედი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილია.
მართალია, პრეზიდენტი შევარდნაძე ახალი პარლამენტის შეკრებამდე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პარლამენტის შეკრებამდე რამდენიმე დღე რჩება, გამორიცხული არ არის, მინისტრების თანამდებობებიდან დათხოვნის პროცესი უკვე 19 ნოემბრიდან დაიწყოს.
"ოპოზიციაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებთანაც შეიძლება დიალოგი. ასე რომ, შესაძლებელია ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი შევიდეს ხელისუფლებაში ", - ასეთი განცხადება გააკეთა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც იქვე განმარტა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის სარგებლიანობის საკითხი "ნაბიჯ-ნაბიჯ" იქნება გათვალისწინებული.
"ნაბიჯ-ნაბიჯ გათვალისწინება" ანუ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესის დროში გაწელვა, მეტწილად, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები პარლამენტში. საეჭვოა, მთავრობის დაკომპლექტებისას პრეზიდენტს მხოლოდ ოპოზიციის რიგებში მყოფი ადამიანების წინ წამოწევაზე მოუხდეს ფიქრი - მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელისუფლებო ბლოკის რღვევის პროცესი კატასტროფული სისწრაფით განვითარდება. შესაბამისად, ბალანსირების პოლიტიკის ხელოვნების ფლობით სახელგანთქმულ პრეზიდენტ შევარდნაძეს ამჯერადაც ბალანსის დაცვაზე მოუწევს ზრუნვა საკუთარ მხარდამჭერებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, საეჭვოა, გამართლდეს ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები, თითქოსდა, ძალოვანი მინისტრების თანამდებობებს ოპოზიციის წარმომადგენლები ჩაიბარებენ - ძალოვანი სამინისტროების პირველი პირების შეცვლის შემთხვევაში, ამ პორტფელებს ისევ და ისევ პრეზიდენტის მხარდამჭერები მიიღებენ. ასევე საეჭვოა, ოპოზიციას ერგოს ფინანსთა მინისტრის პოსტი - ეს თანამდებობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო ძვირად ფასობს.
დაბოლოს, გულუბრყვილოდ გამოიყურებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის არ იბრძვიან. როგორც არჩევნები, ისე ხელისუფლების გადადგომა, საბოლოოდ, ხელისუფლების გადანაწილებით სრულდება.
XS
SM
MD
LG