Accessibility links

logo-print

2 ნოემბრის არჩევნების შედეგი - ახალი პარლამენტი, რომლის ლეგიტიმურობაშიც სერიოზული ეჭვი შეაქვთ


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათს არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა და 2 ნოემბერს პროპორციული არჩევნებით არჩეულების სიაც გამოაქვეყნა. ამით ახალი არაფერი თქმულა.

ახალ პარლამენტში ერთადერთ ახალ საპარლამენტო ძალად "ლეიბორისტული შრომის პარტია" უნდა იყოს წარმოდგენილი. პარლამენტის ახალ, მაგრამ დიდწილად მაინც ძველ შემადგენლობაში სიახლე ვერც იმ პოპულარულ სახეებს შეაქვთ, რომლებიც სხვადასხვა ძალებმა საკუთარი სიების გადახალისებისთვის გამოიყენეს. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლებაა: პირველ და მეორე ადგილს ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ირგვლივ გაერთიანებული სახელისუფლებო ძალები იყოფენ. დანარჩენთაგან პარლამენტში შესასვლელად " ლეიბორისტები" და "ახალი მემარჯვენეები" ემზადებიან. "ნაციონალური მოძრაობა" და "ბურჯანაძე- დემოკრატები" კი 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტს არ ცნობენ და არ აპირებენ ამ პარლამენტში შესვლას. 2 ნოემბრის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც. და მაინც, რას გვთავაზობს ახალი პარლამენტის ის შემადგენლობა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა?

1999 წელს საპარლამენტო არჩევნებში "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა" გაიმარჯვა. მაშინ პრეზიდენტის პარტიამ, რომელმაც შექმნის დღიდან მთავარ მიზნად ხელისუფლებაში მოსვლა და იქ დიდხანს დარჩენა დაისახა, საარჩევნო სიის შემდეგი საწყისი შემადგენლობა შემოგვთავაზა: ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ნიკო ლეკიშვილი, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ ნანეიშვილი, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, გია მეფარიშვილი, თამაზ ნადარეიშვილი, ედუარდ სურმანიძე, ელენე თევდორაძე, გიორგი ბარამიძე, გიგი წერეთელი, დათო მაღრაძე და ასე შემდეგ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. 99 წელს "მოქალაქეთა კავშირის" პარტიული სიის წამყვანი სახეები დღეს შევარდნაძის წამყვან ოპოზიციას წარმოადგენენ. შევარდნაძის ძველი გუნდის ის შემადგენლობა, რომელსაც რეფორმატორულს უწოდებდნენ, პრეზიდენტის მოქმედ გუნდს, ასლან აბაშიძის "აღორძინებასთან" ერთად, ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. "სახელისუფლებო ბლოკის" პარტიული სიით პარლამენტში გაყვანილი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: ვაჟა ლორთქიფანიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, მოჭადრაკე ნინო გურიელი, თამაზ ნადარეიშვილი, ლევან მამალაძე, მერაბ სამადაშვილი, ვიტალი ხაზარაძე, მოკრივე გიორგი კანდელაკი, ირაკლი გოგავა, თამაზ წივწივაძე, გურამ შარაძე და ასე შემდეგ. შევარდნაძის ახალი საპარლამენტო გუნდისთვის, ერთი მხრივ, არასერიოზული ხალხი შეირჩა, პოლიტიკური მოღვაწეობის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, რეაქციული გამოსვლებით ცნობილი ადამიანები, წამყვან სახეებად კი ის ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც ბოლო წლებში შევარდნაძისა და "მოქალაქეთა კავშირის" ოპოზიციონერობაზე დებდნენ თავს.

შევარდნაძის საპარლამენტო გუნდისა არ იყოს, გარკვეული გარეგნული ტრანსფორმაცია ასლან აბაშიძის გუნდმაც განიცადა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო სიის პირველი ათეულის მიხედვით, ბლოკი "საქართველოს აღორძინება" ასე გამოიყურებოდა: აბაშიძე ასლან, პატიაშვილი ჯუმბერ, მაჭავარიანი მუხრან, რჩეულიშვილი ვახტანგ, ბოჭორიშვილი ვახტანგ, გვარამია ვახტანგ, ჯაველიძე ელიზბარ, დევდარიანი ნანა, თარგამაძე გიორგი, ჯგუშია თენგიზ.

"აღორძინების" საარჩევნო სიის ამჟამინდელ ათეულში არიან: ასლან აბაშიძე, ჯემალ გოგიტიძე, ელიზბარ ჯაველიძე, როსტომ ჯაფარიძე, ჯიმი ყიფიანი, თემურ მეგრელიშვილი, ცოტნე ბაკურია, ლია შაქარაშვილი, მომღერალი დათო ხუჯაძე, ნატო ჩხეიძე. როგორც ვხედავთ, აბაშიძის ძველი და ახალი სიის პირველ ათეულებს შორისაც სერიოზული განსხვავებაა და ამ შემთხვევაშიც - უარესობისკენ. ასეთი გაუარესებული სიებით გაიყვეს შევარდნაძის და აბაშიძის უკან მდგომმა ძალებმა პირველი და მეორე ადგილი 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტში. "სახელისუფლებო ბლოკის" წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ამ პარლამენტისგან, ბევრს თუ არა, დროებით ალიანსებს მაინც ელის:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] " იქნება დროებითი ალიანსები ერთი მიზნით - მოხდეს პარლამენტის ხელმძღვანელობის არჩევა, კომიტეტების გადანაწილება და მთავრობის კომპლექტაცია. აი, ეს ინტერესი იქნება დროებითი შემაერთებელი ფაქტორი. სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" არ ჩაერთვება ამ პროცესებში. დანარჩენები, ალბათ, ყველა ჩაერთვება." (სტილი დაცულია)

დანარჩენებში, " ლეიბორისტებისა" და "ახალი მემარჯვენეების" გარდა, ქუცნაშვილი "გაერთიანებულ დემოკრატებსაც" გულისხმობს, თუმცა ეს ძალა გადაჭრით აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა. უფრო მეტიც, ზურაბ ჟვანიამ ხუთშაბათს მოუწოდა ახალ პარლამენტში გასულ ძალებს, არ მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების უზურპაციაში და არ დაუპირისპირდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ ცნობს 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებს და ამ არჩევნებით არჩეული ორგანოს ლეგიტიმურობას.
პარლამენტის შეკრების მომხრეთა აზრით, "გაერთიანებული დემოკრატებისა" და "ნაციონალების" პარლამენტში შეუსვლელობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ პარლამენტმა ვერ ცნოს საკუთარი უფლებამოსილება. თუმცა გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები - საპროტესტო გამოსვლების ფონზე რამდენად შესაძლებელი იქნება იმ პარლამენტის შეკრება, რომელსაც შევარდნაძისა და აბაშიძის მიერ დანიშნულ პარლამენტს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG