Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 514-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ მოისმინოთ რადიოჟურნალი "მეათე სტუდია". მის 514-ე გამოშვებაში შევეცდებით გავარკვიოთ, რა ზეგავლენას ახდენს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კონფლიქტების მოგვარებაზე?; ვისაუბრებთ საქართველოსა და რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტზე ვიმსჯელებთ თემაზე: ინტელიგენცია და ხელისუფლება დღეს; მოგასმენინებთ ინტერვიუს ჩოგბურთელ ირაკლი ლაბაძესთან, რომელმაც გასულ კვირაში წარმატებით იასპარეზა "ჩელენჯერის" სერიის საერთაშორისო ტურნირში; დაბოლოს შემოგთავაზებთ მასალას ანიმაციური კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გმირზე, რომელსაც "დაბადებიდან" 75 წელი შეუსრულდა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რა ზეგავლენას ახდენს თბილისში შექმნილი კრიზისი კონფლიქტების მოგვარებაზე?

დავით კაკაბაძე:
ხელისუფლება საზოგადოებას ხშირად შეახსენებს, რა ზეგავლენას ახდენს თბილისში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის ცხოვრებაზე. თუ ამ კრიზისის ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს - ვგულისხმობ ლარის კურსის ვარდნასა და სურსათზე ფასის მომატებას, - ამ კვირის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი უარყოფითი მოვლენა გამოკვეთა, როცა შენიშნა, რომ არეულობის გამო თბილისს საშუალება არ აქვს, უპასუხოს სოხუმიდან და ცხინვალიდან წამოსულ მნიშვნელოვან იმპულსებს. რა ზეგავლენას ახდენს თბილისის ცენტრში მიმდინარე მოვლენები აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თამარ ჩიქოვანი შეეცდება.

თამარ ჩიქოვანი:
ამ დღეებში თბილისში ჩამოვიდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჟან-მარი გიენო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოხუმში გაემგზავრება. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, მოლაპარაკების პროცესი უწყვეტი უნდა იყოს. ამავდროულად, მისივე განმარტებით, მოლაპარაკების პროცესი არ უნდა გახდეს რომელიმე მხარის სურვილების მძევალი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ინსტრუმენტი.

მოლაპარაკების პროცესის განახლების სურვილს გამოხატავს სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. როგორც მან სააგენტო "ინტერ-პრესს" განუცხადა, სოხუმი კარგა ხანია გამოთქვამს მზადყოფნას, ქართულ მხარესთან ერთად განიხილოს დევნილთა დაბრუნების კონკრეტული პრობლემები, მაგრამ, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გართულებული ვითარების გამო, ქართული მხარე მოლაპარაკებისთვის ვერ იცლის.
ის, რომ სოხუმში ყურადღებით აკვირდებიან თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ეჭვგარეშეა. რაც არ უნდა ხმამაღლა აცხადებდეს სოხუმის ხელისუფლება, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანააო, ადრე თუ გვიან მას ქართულ მხარესთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს. შესაბამისად, ვისთან მოუწევს მოლაპარაკების წარმოება, სოხუმის ხელისუფლებისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ამ დღეებში მოსკოვში გამართულ ქართველ და აფხაზ ჟურნალისტთა შეხვედრაში მონაწილეობს, კითხვაზე, რა გავლენას ახდენს თბილისში მიმდინარე მოვლენები სოხუმის ხელისუფლების განწყობაზე, ამბობს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზები გარკვეული იმედით და შიშით უყურებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. არჩევნების წინ მქონდა მჭიდრო კონტაქტები სამ-ოთხ ადამიანთან, რომლებიც მოღვაწეობენ როგორც აფხაზეთში, ისე მოსკოვში. და რაღაც იმედები აქვთ. ჩემთან საუბარში მიხვდნენ, რომ მთლად წყალწაღებული სიტუაცია არ არის. მაინც, რადგან შევარდნაძის გარდა არავის იცნობენ, ყველასი ეშინიათ. და ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას გეგმა არ დაუდვია, თუ როგორ უნდა გადაწყდეს აფხაზეთის კონფლიქტი, ეს აფხაზებს აშინებთ."

პაატა ზაქარეიშვილის დაკვირვებით, სიმპტომატურია, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს არ წარმოუდგენიათ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების არავითარი გეგმა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგად პოსტულატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ. ასეთ ვითარებას იგი ორნაირ ახსნას უძებნის: პირველი - თავად საქართველოშია ისეთი მძიმე ვითარება, რომ პარტიებმა წინასაარჩევნოდ ამ კუთხით პროპაგანდას მიანიჭეს უპირატესობა; ან მეორე - საქართველოში მოღვაწე პარტიებმა, უბრალოდ, არ იციან, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ვინაიდან პოლიტიკოსებს დღემდე არ გაუაზრებიათ, არ გაუსიგრძეგანებიათ ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში აფხაზეთში და დღემდე არიან უკომპრომისონი, ანუ არავითარ კომპრომისზე წასვლა არ სურთ. შევარდნაძისა და ოპოზიციის ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ არენაზე არსებობს პოლიტიკა, მაგრამ არ არსებობს კულტურა. პოლიტიკური კულტურა არის კომპრომისი და დათმობა. ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუთმობთ ვერაფერს და აფხაზებს დავუთმობთ? მე, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ არის მზად გაიაზროს, რა დაუთმოს აფხაზებს, რომ, საბოლოო ჯამში, აფხაზეთი მოიგოს და აფხაზეთი მოაქციოს საქართველოს სახელმწიფო არეალში."

ცნობისთვის: რამდენიმე თვეში სოხუმში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოშიც იმართება. ექსპერტთა აზრით, კომპრომისებს უფრო ადვილად მიაგნებენ ის პოლიტიკოსები, ვინც უშუალოდ არ მონაწილეობდა კონფლიქტის გაღვივებაში.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი ასპექტი

დავით კაკაბაძე:
თამარ ჩიქოვანი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე გესაუბრათ. ბევრი ექსპერტისა თუ პოლიტიკოსის აზრით, კონფლიქტის მოგვარება რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია. და ჩვენი შემდეგი სიუჟეტი სწორედ საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობას ეხება; საქართველოს ხელისუფლება დღეს არ მალავს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს. სხვა საკითხია, რამდენად სასარგებლოა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რუსეთთან ურთიერთობის ამგვარი ინტერპრეტაცია. მით უფრო, რომ საქართველოში შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო გაააქტიურა რუსეთის ის ძალები, რომლებსაც ჯერაც არ დაუკარგავთ კრემლის გავლენის ქვეშ საქართველოს მყარად მოქცევის იმედი. ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, გარკვეული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს რუსეთის მოსახლეობის აზრსაც. მოუსმინეთ გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე:
რა უნდა მოიმოქმედოს ამ სიტუაციაში რუსეთმა? ეს კითხვაა დასმული ყოველკვირეული გაზეთის "არგუმენტი ი ფაქტის"
ერთ-ერთ ბოლო ნომერში. ავტორი, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს, წერს, რომ "სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება". ამასთან, როგორც იგი აცხადებს:

"ჩვენთვის უფრო მომგებიანია, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ ამიერკავკასიას შევთავაზოთ სავსებით აშკარა და დიდი ხნის წინათ მომწიფებული კავშირი ოთხი ძირითადი საკითხის გარშემო:

1.
ეკონომიკური ინტეგრაცია. აქ შედის ენერგეტიკული და სატრანსპორტო მდგენელები.
2.
თავდაცვითი ურთიერთმოქმედება. ეს განსაკუთრებით აუცილებელია, რეგიონში თურქეთისა და ირანის მხრიდან ტერიტორიული პრეტენზიების გათვალისწინებით.
3.
ანტიტერორისტულ ღონისძიებათა კოორდინაცია.
4. ერთიანი სამიგრაციო პოლიტიკა.

"არგუმენტი ი ფაქტის" თქმით, "თუ შესაძლებელი გახდება მთელი კავკასიის გაერთიანება ამ დროშების ქვეშ, მაშინ ჩვენი მეზობლების ბედი უფრო პროგნოზირებადი გახდება".

ამგვარი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ბევრ სხვა კითხვასთან ერთად ჩნდება კიდევ ერთი, რომელიც საქართველოს ფუნქციას უკავშირდება. ამ საკითხის გარშემო ნიშანდობლივი მოსაზრება გამოთქვა საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტმა ალექსანდრე რონდელმა:

[რონდელის ხმა] "ჩვენ ადრე გამრთობები ვიყავით და ახლა რა ფუნქციას მოგვინახავენ, არ ვიცი. საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიყავით გართობის ანსამბლი: მომღერლების, "კურორტნიკების", მოცეკვავეების და ამ ანსამბლით ართობდნენ უცხოელებს. ახლა, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არის, არ ვიცი რა ფუნქციის მოძებნას აპირებდნენ ჩვენთვის. - მათი აზრით, ჩვენ ხომ სერიოზული საქმის კეთება არ შეგვიძლია."

ჩვენი მსმენელისათვის საინტერესო უნდა იყოს იმის ცოდნაც, თუ რა დამოკიდებულებას ავლენს ორი ქვეყნის ურთიერთობის მიმართ რუსეთის მოსახლეობა. ამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები აღნიშნულ თემაზე. გამოკითხვაში რუსეთის 38 ოლქის, მხარისა და რესპუბლიკის 1600 რესპონდენტი მონაწილეობდა. "როსიისკაია გაზეტას" ცნობით, გამოკითხულთა უმრავლესობა (61%) რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას გრილს ან დაძაბულს უწოდებს და მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობა კეთილმეზობლურია და ნორმალური".
გამოკითხვის თანახმად, "იმ პრობლემებს შორის, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობას უშლის ხელს, ყველაზე მეტი,43%, მიიღო "ჩეჩნეთის პრობლემამ" (რაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი "ბოევიკების" ყოფნას გულისხმობს). გამოკითხულთა თითქმის მესამედმა მთავარ პრობლემად ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაასახელა, ერთი მეხუთედის აზრით კი, მთავარი დაბრკოლება უკავშირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას და მის ორიენტაციას აშშ-სა და თურქეთზე. გამოკითხულთა 8%-თვის პრობლემა ქართველი მიგრანტების რუსეთში ჩასვლას უკავშირდება.
რესპონდენტთა 59%-ის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარება შეუძლებელია მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იქნება და მხოლოდ 20%-ია საწინააღმდეგო აზრის. გარდა ამისა, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების შენარჩუნება".

შეგახსენებთ, რომ ჩვენ გაგაცანით იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც რუსეთში ამ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ეს გამოკითხვა, გარკვეულწილად, რუსეთის საზოგადოებრიობის დემოკრატიულობის დონეზეც მიანიშნებს.

საინტერესოა, რომ ბევრი ქართველი ექსპერტის აზრით, რუსეთი მაინცდამაინც არ არის დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებით. თავისთავად ეს თვალსაზრისი ნამდვილად უნდა იძლეოდეს გარკვეული შეშფოთების საფუძველს რუსეთთან ურთიერთობის განვითარების ფონზე.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ინტელიგენცია და ხელისუფლება დღეს

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების დღევანდელი დაპირისპირება ძალაუნებურად გამოიხმობს ასოციაციებს 12 წლის წინათ დამხობილ ხელისუფლებასთან. იმხანად ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საბჭოთა პერიოდში ფორმირებულმა ინტელიგენციამ, რომლის უდიდესი ნაწილი მოგვიანებით ლოიალური აღმოჩნდა ედუარდ შევარდნაძისადმი. რა დარჩა დღეს ძველი ინტელიგენციისაგან? რა პოზიციაზე დგანან ინტელექტუალები და რამდენად შეინარჩუნეს მათ ლოიალობა პრეზიდენტისადმი? ამ საკითხებზე დავით პაიჭაძე ესაუბრა პუბლიცისტ დავით ზურაბიშვილს, რომელიც ინტელიგენციის თემაზე გამოყვეყნებული არაერთი სტატიის ავტორია.

დავით პაიჭაძე:
12 წლის წინათ ის ადამიანები, ვისაც კრებით სახელს, ინტელიგენციას უწოდებდნენ, ყველაზე მძლავრად ზემოქმედებდნენ საზოგადოებრივ აზრზე. იმდენად მძლავრად, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის იდეოლოგიური უზრუნველყოფა ძირითადად ინტელიგენციას მიაწერეს. რა მოხდა გასული 12 წლის მანძილზე?

[დავით ზურაბიშვილის ხმა] "გაჩნდა სხვადასხვა სეგმენტი: გაჩნდა თავისუფალი მედია, რაც, სხვათა შორის, გამსახურდიას დროს არ იყო. მაშინ პრესა უფრო ოპოზიციური იყო, ვიდრე თავისუფალი. წამოვიდა ახალი ღირებულებების სისტემა, ანუ იწყო მოშლა ფენომენმა, რომელიც იმ, ძველი სისტემის პროდუქტი იყო. ამასთან, ახლა ეს არ არისდ ადრინდელივით ერთგვაროვანი მასა".

ცვლილებათა მიუხედავად, ძველი ინტელიგენციისგან, დავით ზურაბიშვილის აზრით, დარჩა მცირე ნაწილი, რომელსაც იგივე იდენტობა აქვს, რაც წლების წინათ ჰქონდა.

[დავით ზურაბიშვილის ხმა] "ეს არის ნარჩენები. პრაქტიკულად, ეს არის რამდენიმე ადამიანი. მათი გავლენა უშუალოდ საზოგადოებაზე შეუდარებლად მცირეა, შეიძება ითქვას, საერთოდ აღარა აქვთ. ტიპური წარმომადგენელია, მაგალითად, გიგა ლორთქიფანიძე - ერთ-ერთი კლასიკური სახეა - თამაზ წივწივაძე, რეზო მიშველაძე, რომელიც უფრო აღორძინებისა და ასლან აბაშიძის მომხრეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს; ამ შემთხვევაში მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. რაც მთავარია, ეს ხალხი არსებობს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების სათავეში არსებობს შევარდნაძე".

მაგრამ ეს, როგორც ითქვა, მცირე ნაწილია, რომელიც აღარ გამოხატავს ინტელექტუალთა ცხოვრების წესის ძირითად ტენდენციას.

[დავით ზურაბიშვილის ხმა] "განათლებული საზოგადოების, ე.წ. ცნობადი სახეების დიდი ნაწილი გამიჯნულია პრეზიდენტისგან და არჩევნების შემდეგ ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა. შევარდნაძემ ვერ მოახერხა ის, რასაც ადრე ყოველთვის ახერხებდა: ინტელიგენციამ მას მხარი არ დაუჭირა. გამიჯნულები კი იმიტომ არიან, რომ ცხოვრებაში სხვა გზა მონახეს და თვითდამკვიდრებას მთავრობასთან ჩაწყობით არ ცდილან. ეს ხალხი ნაკლებად არის დამოკიდებული უშუალოდ პრეზიდენტის კეთილგანწყობა-არაკეთილგანწყობაზე".

მაშ, ვინ ან რამ ჩაანაცვლა ძველი ინტელიგენცია დღეს. რა ფუნქციები ჰქონდა ინტელიგენციას და ვინ იკისრა ამ ფუნქციათა განხორციელება?

[დავით ზურაბიშვილის ხმა] "არის არასამთავრობო სექტორი, რომელმაც ნაწილობრივ აიღო ინტელიგენციის ფუნქცია. სხვათა შორის, პოლიტიკოსები, რომელბიც ადრე არ არსებობდნენ ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიები, საერთოდ, პოლიტიკური კლასი. რაღაც ნაწილი წაიღო ეკლესიამაც: ქართული მწერლობა დღეს აღარ არის სალოცავი ტაძარი, როგორც ადრე ამბობდნენ. ახლა ვისაც უნდა, მიდის და პირდაპირ ელაპარაკება მღვდელს. ინტელიგენციას ჰქონდა ტაძრის ფუნქციაც, პოლიტიკური ტრიბუნის ფუნქციაც და აკეთებდა იმას, რასაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს ანუ ითავსებდა საგანმანათლებლო ფუნქციასაც. ეგეც არ იყოს, მოვიდა ახალი თაობა მუსიკაში, მხატვრობასა და ლიტერატურაში. ისინი არ არიან დამოკიდებულნი ძველ სტრუქტურებსა და ურთიერთობებზე".

დავით ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლებასა და ინტელექტუალთა შორის ურთიერთობების ძველ ყალიბში აღდგენა შეუძლებელია. ახალი ელიტის ჩამოყალიბება, მისი არსებობა და გავლენა ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზით.

[დავით ზურაბიშვილის ხმა] "დღეს არის გარდამავალი სიტუაცია: ან მივდივართ ევროპული ცივილიზაციის, დემოკრატიისა და ა.შ. გზით, ან ჩავცვივდებით ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ რეჟიმში. რაც დღეს ხდება, დიდხანს ამის გაგრძელება შეუძლებელია. ან იქით უნდა იყო, ან აქეთ. მესამე ვარიანტიც არის, ე.წ. ბირმის ვარიანტი: ეს ქვეყანა მუდამ "ჩაშვებულია", არშემდგარია, თავს ვერაფერს აბამს და დაწყობილი ცხოვრება არა აქვთ. სულ ცუდადაა იქ საქმე. აი, ეს სამი ვარიანტი გვაქვს და, გააჩნია, საით წავალთ"...

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქართველი ჩოგბურთელი საუკეთესოთა ასეულში აღმასვლას განაგრძობს. ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიის" შემდეგი სიუჟეტი სპორტის მოყვარულებს დააინტერესებთ. ამ რამდენიმე დღის წინათ ყველას დიდი სიხარული მოგვანიჭა 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ირაკლი ლაბაძემ, რომელმაც გაიმარჯვა დნეპროპეტროვსკში გამართულ "ჩელენჯერის" სერიის საერთაშორისო ტურნირში (ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 125 ათას დოლარს შეადგენდა, ანუ "ჩელენჯერის" სერიაში ის უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნებოდა). აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში ლაბაძემ დაამარცხა პირველ ნომრად განთესილი რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ იუჟნი, ხოლო ნახევარფინალში მეტად ძლიერ რუმინელ ჩოგბურთელს, ანდრეი პაველს მოუგო.

ირაკლის ფინალური მატჩის შემდეგ, დნეპროპეტროვსკშივე დავურეკე, მაგრამ ვიდრე მას დაველაპარაკებოდი, გამარჯვება მამამისს, ბატონ გივის მივულოცე. მით უმეტეს, რომ მას, ყოფილ ფეხბურთელსა და თვითნასწავლ ჩოგბურთელს, უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისი ვაჟის წარმატებებში. აი, ასე იხსენებს გივი ლაბაძე ირაკლის პირველ ნაბიჯებს ჩოგბურთში.

[გივი ლაბაძის ხმა]: "პირველად ჩვენ დავიწყეთ სახლში ვარჯიში, კედელთან, როცა ოთხი წლის იყო. ერთი კედელი გავანთავისუფლე სახლში და იქ ვასწავლიდი თამაშს. მერე დავიწყეთ... ექვსი წლის იყო უკვე, კორტებზე რომ მოვიყვანე, ჰოდა, ჯერ მოვსინჯე... საწყალ ნიკო ელერდაშვილთან ცოტა ხანი იარა, ნახევარი წელი, მერე ალა ივანოვასთან იარა ცოტა ხანი, არ მომეწონა, და ბოლოს რენა აბჟანდაძესთან დაიწყო სიარული და სანამ რენა ცოცხალი იყო, რენასთან ვარჯიშობდა და ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ რენათი, ძალიან ბევრი მისცა ამ ბავშვს. ირაკლი 12 წლის იყო, როცა რენა გარდაიცვალა, და 13 წლის იყო ირაკლი, როცა წავიყვანე გერმანიაში. და მერე მანჰაიმში ვარჯიშობდა. ჩვენც რაღაცას ვაკეთებდით ცალკე კიდევ. უკვე წინდაწინ მქონდა ეგეთი ის, რომ ბავშვი რომ დამებადება, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩოგბურთი ვასწავლო და ჩოგბურთზე მივიყვანო და რახან მე ასე გვიან დავიწყე, იქნებ ჩემი შვილი გამოვიდეს-მეთქი."

ასე ყველაფერი აგიხდეთ. დღეს ირაკლი ლაბაძეს მყარად აქვს დამკვიდრებული ადგილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ასეულში და ამ კლასიფიკაციაში თანდათან ზევით მიიწევს. დნეპროპეტროვსკში მოპოვებული წარმატების შედეგად ირაკლიმ ATP-ის რეიტინგ-ლისტში ერთბაშად 16 ადგილით გადაინაცვლა წინ და ახლა 73-ე სტრიქონი უკავია. მაგრამ, როგორც ჩვენს საუბარში გაირკვა, გივი ლაბაძე დიდად კმაყოფილი არ არის თავისი შვილის მიღწევებით.

[გივი ლაბაძის ხმა]: "არა, კმაყოფილი მაინცდამაინც არა ვარ, იმიტომ, რომ პრინციპში მაგას მეტი შეეძლო და... 18 წლამდე ერთად ვიყავით ჩვენ და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, ბევრი რამე მოიგო 18 წლამდე. უიმბლდონის ფინალშიც იყო, ოლიმპიადა მოიგო, "როლან გაროსი" წყვილებში მოიგო, ევროპის ჩემპიონი გახდა და ძალიან ბევრი ტურნირი მოიგო და მერე ისე მოხდა, რომ მე წავედი და დარჩა ვიღაც მწვრთნელებთან, რომლებიც მაინცდამაინც არ გამოადგნენ. თვითონაც ახალგაზრდა იყო, 18-19 წლის, არ ესმოდა იმდენი, რომ უნდა ემუშავა, გაეკეთებინა... ცოტა დაიკარგა ის წლები და პრინციპში მაგას რომ სერიოზულად ევარჯიშა და კარგად, მე ვთვლი, რომ ათეულში იქნებოდა აუცილებლად."

აი, ასე კრიტიკულად აფასებს გივი ლაბაძე თავისი ვაჟის საჩოგბურთო საქმიანობას. არადა, სწორედ კრიტიკა და თვითკრიტიკაა ის, რაც ქართველებს ასე ხშირად გვაკლია. მით უფრო სასიამოვნოა, რომ, როგორც მკაცრმა მამამაც აღიარა, დღეს ვითარება შეიცვალა:

[გივი ლაბაძის ხმა]: "ახლა ბევრად უფრო სხვანაირად უდგება თავის საქმეს. მაგის პრობლემა ეგ არის: მაგის პრობლემა არის რეჟიმი და ვარჯიში ნორმალური. როგორც ვარჯიშობენ და როგორც უნდა ივარჯიშოს კაცმა, რომელსაც აქვს მიზანი, რომ ათეულში მოხვდეს. ხომ იცით, როგორ არის: ქართველებს არ უყვართ ბევრი მუშაობა, ჰოდა მარტო ნიჭით... არ არის საკმარისი მარტო ნიჭი, რომ ათეულში მოხვდე და ოცეულში. ჯერ არ არის გვიან, იმედები არის. 22 წლის არის და მე მგონი, რომ ალბათ მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს. თუ იმუშავა და თუ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭიროა, აუცილებლად იქნება, მაგაში დარწმუნებული ვარ."

იმედია, რომ ახალგაზრდა ჩოგბურთელი ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა და მოლოდინს გაუმართლებს არა მარტო მამამისს, არამედ ყოველ ჩვენგანს. ახლა კი თავად ირაკლი ლაბაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

მიკი მაუსი 75 წლისაა

დავით კაკაბაძე:
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილი, გლობალური სავაჭრო იმპერიის სიმბოლო, "კეთილი ნების დესპანი და მშვიდობისმყოფელი, რომელიც მეგობრობის უნივერსალურ ენაზე ლაპარაკობს" - შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, რომ ყოველივე ეს ... თაგვზეა ნათქვამი. მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ: მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომელ თაგვზეა საუბარი, ყველაფერი გასაგები ხდება: მიკი მაუსი მართლაც არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსახულებაც და გლობალური იმპერიის - კომპანია "დისნეის" სიმბოლოც. მიკი მაუსის ტრიუმფულ სვლაზე, რომელიც უკვე 75 წელია, გრძელდება, მარიამ ჭიაურელი გიამბობთ.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
დიახ, მიკი მაუსი 75 წლის წინ დაიბადა, რაც მულტიპლიკაციური ფიგურის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეკრანზე დებიუტს ნიშნავს. დასაწყისში საქმეს ტრიუმფისა არაფერი ეტყობოდა: ვერავინ იფიქრებდა, რომ უზარმაზარი შავი ყურებით შემკობილი თაგუნა ერთ მშვენიერ დღეს შოუ-ბიზნესის ნამდვილი ვარსკვლავი გახდებოდა. ეს ალბათ, მართლაც არ მოხდებოდა, რომ არა უოლტ დისნეის განსაკუთრებული მონდომება...

მიკი მაუსის მონაწილეობით პირველი ფილმის გახმოვანებისას აპარატი გაფუჭდა, რამაც გაკოტრების საფრთხე შეუქმნა უოლტ დისნეის მანამდე ისედაც საკმაოდ უიღბლო მომცრო ფირმას. მაგრამ დისნეის უკან არ დაუხევია: მან საკუთარი მანქანა გაჰყიდა, რათა მიკი მაუსი ხმით, ხოლო ფილმი ორკესტრის მუსიკალური თანხლებით უზრუნველეყო. [ხმა ფილმიდან "ფანტაზია 2000"] "უოლტ დისნეიმ პირველმა შემოიღო სინქრონიზებული ხმა მულტიპლიკაციურ ფილმში".

ასე შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი "ორთქლმავალი უილი", რომლის გმირი, მეზღვაური მიკი გმირულად იცავს თაგვ გოგონას გემზე მყოფი კატისაგან. ფილმის პრემიერა 1928 წლის 18 ნოემბერს ნიუ-იორკში შედგა -რეჟისორისა და მიკი მაუსის პირველი გამხმოვანებლის, უოლტ დისნეისათვის საბედნიეროდ, არაერთი კინო-კრიტიკოსის თანდასწრებით. ისინი მამაცი და თავაზიანი თაგვით აღტაცებული დარჩნენ...

მაგრამ მიკი მაუსის ტრიუმფული წარმატებისათვის ეს საკმარისი არ იქნებოდა. უოლტ დისნეის კომერციული ნიჭიც აღმოაჩნდა, რომლის წყალობით სიმპათიური თაგუნას გამოსახულება ურიცხვ საგანზე - სათამაშოებსა თუ ტანისამოსზე, საათებსა თუ საწარკალმებზე, წიგნების ყდებსა თუ პლაკატებზე გამოჩნდა. უოლტ დისნეი მთელ ფულს თავისი კინოსტუდიის ტექნიკურ მოდერნიზაციასა და გაფართოებას ახმარდა, ზოგჯერ ერთდროულად ათასამდე მხატვარს ამუშავებდა, მათ შორის ნიჭით გამორჩეულ ხელოვანებს, თუნდაც აპ იუერკს - მხატვარს, რომლის ხელითაც შეიქმნა მიკი მაუსი. უოლტ დისნეიმ კი მიკის, რომ იტყვიან, სული შთაბერა: მისი გმირი კანონიერებისა და წესრიგის დამცველი უნდა ყოფილიყო, რიგითი მოქალაქის განსახიერება;- მიკი, შესაძლოა, სიძნელეებს აწყდებოდეს, ძლიერისაგან იჩაგრებოდეს, თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებდეს, მაგრამ შეუპოვარი რჩება, ფარხმალს არა ჰყრის. მიკის იმიჯს განსაზღვრავს აგრეთვე უოლტ დისნეის პრინციპული უარი ფილმებში უხეში ძალადობის, გადაუჭრელი კონფლიქტების, სექსის ჩვენებაზე...

ასე იქცა მიკი მაუსი მთელს მსოფლიოში ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელ კინო ვარსკვლავად, მულტიპლიკაციური ფილმის სიმბოლოდ, რომელიც 120-ზე მეტ ფილმში "მონაწილეობს" და რომლის შექმნისათვის დიდ უოლტ დისნეის ჯერ კიდევ 1932 წელს მიენიჭა საგანგებო ოსკარი. მაშინ მიკი მაუსი სულ 5 წლის იყო. ამ დღეებში კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თაგვი 75-წლიან იუბილეს ზეიმობს.

ვულოცავთ მიკის და გულწრფელად ვამბობთ - მას ასაკი სულ არ ეტყობა!

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებას ცნობილი და მილიონობით ბავშვისთვის ესოდენ საყვარელი მიკი მაუსის მარშით დავასრულებთ. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG