Accessibility links

logo-print

ცენტრალური სარჩევნო კომისიის რისკიანი გადაწყვეტილება


დავით პაიჭაძე, თბილისი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს გადმოჰყვა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მთავარი პრობლემა: საარჩევნო სიები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ცოტა არ იყოს,

სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, როცა ამომრჩევლებს ერთი კვირა მისცა საარჩევნო უბნებზე მისვლისა და რეგისტრაციისათვის. თუმცა ეს არ იქნება ამომრჩეველთა დადგენისა და მათი სიის შედგენის ერთადერთი ხერხი. და მაინც, რამდენად დაემთხვევა საარჩევნო კომისიათა მუშაობის შედეგი ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობას?

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლაპარაკობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებაზე საარჩევნო სიების კვლავ შედგენისა თუ დაზუსტების საქმეში. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ საქართველოს შემწეობის მოსურნე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები თავს იკავებდნენ საარჩევნო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსებისაგან, ცენტრალური საარჩევნო კომისია იძულებული გახდა თავად ეტვირთა გასაწევი შრომის მთელი სიმძიმე. ეს არ ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაირიყება წინასაარჩევნო პროცესიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი - დამმოწმებლის ფუნქცია ეკისრება:

[ქიტოშვილის ხმა] "ანუ სია უნდა შევადგინოთ ჩვენ და სამინისტრომ, უბრალოდ, უნდა დაგვიდასტუროს, რომ ჩვენ მიერ დადგენილი პიროვნებები მართლაც არსებობენ და იმ მისამართზე ცხოვრობენ, საიდანაც ისინი სიაში შევიყვანეთ. ამის შემდეგ რაიმე ინფორმაციის დამატებისა და მოკლების ფუნქცია სამინისტროს აღარ ენიჭება."

ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში 15 დეკემბრიდან ელიან. ამ დრომდე ერთი კვირა კი ახალი საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირებას სჭირდება. ამომრჩეველთა ერთკვირიანი თვითრეგისტრაციის შემდეგ, 22 დეკემბრიდან, სიების დაზუსტების მორიგი ეტაპი დაიწყება:

[ქიტოშვილის ხმა] "კომისიის წევრები ახალ წლამდე თვითონ მოახდენენ ამომრჩეველთა აღრიცხვას: კარდაკარ ივლიან, მონაცემთა ბაზებს შეადარებენ და ა.შ., ანუ მაქსიმალურად ზუსტ სიას შეადგენენ. ერთი კვირა იქნება საკმარისი, რადგან ეს კეთდება უბნის დონეზე; საშუალოდ, თითო უბანს 1000 კაცის აღწერა-რეგისტრაცია უწევს. ერთ კვირაში 15-მა კაცმა 1000 კაცის წინასაარჩევნო რეგისტრაცია უნდა მოასწროს."

დიმიტრი ქიტოშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კომისიათა ახალი წევრები არ გასწევენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დავალებათა საბოტაჟს. ჩვენ ვნიშნავთ გამოცდილ და შემოწმებულ პიროვნებებს, რომელთაც აქვთ საარჩევნო პროცესების ცოდნა და არჩევნებზე დაკვირვებისა თუ პარტიულ წარმომადგენლებად ყოფნის გამოცდილება, განმიცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა.

სიების შედგენა-დაზუსტების ორი ეტაპის შემდეგაც რჩება ალბათობა, რომ ამომრჩევლები არჩევნების დღეს თავიანთ თავს სიებში ვერ იპოვიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით მკაფიო წესები არ შეუმუშავებია ჩაშლილი საპარლამენტო არჩევნების ამ მთავარი პრობლემის მოსახსნელად, თუმცა ასეთ წესებს, როგორც ჩანს, დაადგენენ. მანამდე დიმიტრი ქიტოშვილი პირად მოსაზრებას გამოთქვამს:

[ქიტოშვილის ხმა] "ეს იქნება მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის თვით კენჭისყრის დღესაც კი, გარკვეული კრიტერიუმებით, მოხდეს კორექტივების შეტანა საარჩევნო სიაში, ანუ თვით არჩევნების დღესაც კი შეიძლებოდეს ამომრჩევლის შეყვანა სიაში, თუ ის წარმოადგენს უტყუარ დოკუმენტს, რომ ამ კონკრეტული ოლქისა და უბნის ამომრჩეველია."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი 4 იანვარს გამორიცხავს 2 ნოემბრის მსგავსს ქაოსს საარჩევნო უბნებში ამ ნიადაგზე, რადგან სიების კორექტირების პროცედურა წინასწარ იქნება დამუშავებული.
XS
SM
MD
LG