Accessibility links

logo-print

ბიუჯეტის "გარღვევა" 300 მილიონიან ზღვარს უახლოვდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მოსახლეობა ისევ ტრადიციული მოლოდინის მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ ახალი პრეზიდენტისა და ახალი პარლამენტის მოლოდინი აქვთ,

ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასაც ელიან. მაგრამ რას უნდა ელოდეს მოსახლეობა და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევა 300 მილიონიან ზღვარს უახლოვდება?

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს წლის ბოლომდე 300 მილიონ ლარამდე „გარღვევა" ემუქრება. საარჩევნო წლის განმავლობაში ამგვარი დეფიციტი ლამის ტრადიციად ექცა ქართულ ეკონომიკას. 1999 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს სწორედ ამ ოდენობის თანხა დააკლდა. მომავალი წელიც დიდი არჩევნების პერიოდია საქართველოში. ასე რომ, წელს მდგომარეობის გამოსწორება, ფაქტობრივად, ფანტაზიის სფეროს უფრო განეკუთვნება. ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს მავნე პრაქტიკა მომავალ 2004 წელსაც არ გადაჰყვეს და ახალმა ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლოს ბიუჯეტის ახლებურად დაგეგმვა და, რაც მთავარია, დაგეგმილის შესრულება.

საბიუჯეტო სფეროში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა კი კატასტროფულთან მეტისმეტად ახლოა. ფინანსთა სამინისტროსა და ხაზინას ამჟამად მხოლოდ ძველი დავალიანებების თანდათანობითი გასტუმრება თუ შეუძლია. ოქტომბრის თვის ხელფასები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და სპეცდანიშნულების ცალკეულ ბატალიონებს დაურიგდათ.

რატომ არის ბიუჯეტის შესრულება ამდენად მნიშვნელოვანი და რატომ ამახვილებს ყველა ექსპერტი და დონორი ორგანიზაცია მის შესრულებაზე ყურადღებას?

ბიუჯეტი, რომელსაც ხშირად ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ კანონსაც უწოდებენ, გახლავთ ერთ-ერთი ორგანული საკანონმდებლო აქტი. დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ მთავრობას, დამოუკიდებელი საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის წარმოების მანძილზე, არც ერთხელ ეს კანონი არ შეუსრულებია, ანუ ხელისუფლება წლების განმავლობაში თავად გამოდის უმთავრესი ეკონომიკური აქტის დამრღვევად და ეს ასე იქნება წელსაც.

წლების განმავლობაში მთავრობა ბიუჯეტის შეუსრულებლობაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მზარდ მასშტაბებს, კონტრაბანდას, კორუფციას და დაბალ საგადასახადო კულტურას აბრალებს. ანუ მთავარი დამნაშავეა ფაქტორები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც სწორედ ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა. ამასთან, რა კანონმორჩილებასა და გადასახადების გადამხდელის ინსტიტუტზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც თავად აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაა სხვადასხვა დოზით ამ ინსტიტუციის მოშლისა და კანონდარღვევის ინიციატორი.

თუ როგორ აისახება კანონის ბიუჯეტის შეუსრულებლობა საქართველოს მოსახლეობაზე, ამას ყოველი ჩვენგანი საკუთარ ჯიბესა და მაგალითზე თვალნათლივ გრძნობს. თვეობით გაუცემელი ხელფასები, ცინიკური პენსია, რომელსაც ვერ გაძლევენ, ცხოვრების დაბალი დონე, ეროვნული შემოსავლის განაწილების მკვეთრი დიფერენციაცია, ეს ის „სიკეთეა", რომლის მთავარ შემოქმედად სწორედ ხელისუფლება უნდა მივიჩნიოთ. ის, რომ ამგვარად გაგრძელების სურვილი საქართველოს მოსახლეობას აღარ აქვს, ამას ამჟამინდელი ხელისუფლების ლიდერები თავადაც აფიქსირებენ, ხოლო რეალურად შეძლებენ თუ არა ახალი ხელისუფალნი სიტუაციის შეცვლის პოლიტიკური ნება გამოხატონ და ქმედითი ნაბიჯები გადადგან, ეს სულ ორიოდ თვეში გამოჩნდება. მანამდე კი მოსახლეობას, რომლისთვისაც ლოდინი ლამის ეროვნულ თავისებურებად იქცა, ისევ ისღა დარჩენია, რომ დაელოდოს. კარგი იქნება, თუ ამჟამად მაინც გამართლდება ეს მოლოდინი.
XS
SM
MD
LG