Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მოსალოდნელია მოსკოვისა და ვაშინგტონის დაპირისპირება საქართველოს საკითხში?


საქართველოს საკითხში რუსეთსა და აშშ-ს შორის გაჩენილი უთანხმოების თემაზე ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია.

"ხავერდოვან" თუ "ვარდების" რევოლუციად წოდებული მოვლენების შემდეგ არც მოსკოვსა და არც ვაშინგტონს არ დაუმალავთ, რომ კავკასიაში სტრატეგიული ინტერესები აქვთ და რომ ამ ინტერესების დასაცავად სამოქმედოდაც მზად არიან. ჩვენ უცხოელი ექსპერტების დახმარებით ვცადეთ, დაგვედგინა, რას ნიშნავს მათი ეს მზადყოფნა, ანუ რამდენად შეიძლება გაღრმავდეს რუსეთისა და შეერთებული შტატების უთანხმოება საქართველოს საკითხში.

თავიდან შეგახსენებთ, რომ ეს უთანხმოება ყველაზე აშკარად გამოვლინდა დეკემბრის დამდეგს ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში, სადაც, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მძაფრად გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც მოსკოვი საქართველოს მიმართ ატარებს. საქმეში ჩახედულ მსმენელს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უწინარესად სამხედრო ბაზებისა რუსეთის მიერ სეპარატისტთა მხარდაჭერას გულისხმობდა.

პაუელის ის სიტყვები უდავოდ უნდა მივაკუთვნოთ ბოლო წლებში ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვის მისამართით გაკეთებული უმკაცრესი განცხადებების რიცხვს. მაგრამ მიმომხილველები ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა საქართველოს საკითხში მკეთრი ურთიერთდაპირისპირების გზა აირჩიონ. ზოგის აზრით კი პირიქით, მხარეები შეეცდებიან, თანამშრომლობის გზებიც კი გამონახონ. ამ აზრის არის, მაგალითად, შარდ ურევიჩი, რომელიც რუსეთისა და კავკასიის ისტორიას ასწავლის პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების სახელმწიფო ინსტიტუტში.

[შარლ ურევიჩის ხმა] "არა მგონია, რუსეთი და შეერთებული შტატები ამ საკითხში ნამდვილად პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაზე ფიქრობდნენ. ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ მოხდეს. მაგრამ რისიც მჯერა, ის არის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, შეეცდება, მაქსიმალურად გამოიყენოს საქართველოში შექმნილი ვითარება. ისინი ერთმანეთს გულდასმით აკვირდებიან, მაგრამ, ამავე დროს, არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული მეორის უხეშად მოცილებით. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის."

კავკასიის საკითხთა კიდევ ერთი ექსპერტი თომას დე ვაალი ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტიდან, ფრანგი კოლეგის მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს, აღნიშნავს რა, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები კავკასიაში კვლავაც ურთიერთსაპირისპიროა.

[თომას დე ვაალის ხმა] "ორივე ქვეყანას ესმის, რომ კავკასიაში მთავარ რეგიონულ ძალებს სწორედ ისინი წარმოადგენენ, რომ მათ საქმე ერთმანეთთან ექნებათ. ესმით ისიც, რომ ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და რომ კავკასიაში თავისუფლად მოქმედების საშუალება არც ერთ მათგანს არ მიეცემა. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ მხარეთა გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები კვლავინდებურად ურთიერთსაპირისპიროა. მართალია, ეს დაპირისპირება გაცილებით უფრო ცივილიზებული გზით ვლინდება, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინათ, მაგრამ კავკასიაში ორი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები მაინც უწინდებურად უპირისპირდება ერთმანეთს."

და მაინც, ექსპერტთა აზრით, ჯერაც გაურკვეველია, საბოლოოდ რა მიზნებს ისახავენ მოსკოვი და ვაშინგტონი კავკასიაში. თუ აზერბაიჯანის საკითხში მათ, როგორც ჩანს, უკვე მიაღწიეს ერთგვარ "მოდუს ვივენდის" ან, თუ გნებავთ, დროებით შეთანხმებას, საქართველოს შემთხვევაში საქმე სხვაგვარად გვაქვს.

იმავე შარლ ურევიჩის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, შეძლებს თუ არა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, რუსეთთან ისე ააგოს კეთილმეზობლური ურთიერთობა, რომ მისგან დამოუკიდებელი დარჩეს.

[შარლ ურევიჩის ხმა] "ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს სააკაშვილი - რადგან, როგორც ჩანს, სწორედ ის იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი - მოსკოვთან ურთიერთობის აწყობას. ცხადია, ეს ძალიან რთული საკითხია, რომლის მოგვარება მისი მხრიდან დიდ დიპლომატიურ უნარსა და გონიერებას მოითხოვს. თუ ქართველები ამ უნარს გამოიჩენენ, თუ კომპრომისისადმი მზადყოფნას გამოამჟღავნებენ, ჩემი აზრით, დასავლეთი და, კერძოდ, შეერთებული შტატები, მათ მართლაც სერიოზულად დაუჭერს მხარს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ამერიკელები საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და დახმარების ხელის გაწოდება ძალიან გაუჭირდებათ."

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ექსპერტთა უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის უთანხმოება აშკარა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება; და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გამოჩნდება, ვინ რა ნაბიჯებზეა მზად კავკასიაში საკუთარი ინტერესების დასაცავად.
XS
SM
MD
LG