Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთიდან დახმარება უკვე "დაიძრა"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულმა კვირამ დაადასტურა, რომ „ვარდების რევოლუციის" შემდგომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოხატული დახმარების სურვილი რეალურ კონტურებს იძენს.

გარდა უკვე გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულებისა, გასულ კვირას საქართველოს არსებული მთავრობა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან უპრეცედენტო "ტელედახმარების" მოწმეც გახდა. ამერიკის საელჩოში გამართული ტელეხიდის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სახელმწიფო მინისტრი და ფინანსთა მინისტრი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ამ აქციის კონკრეტული შედეგი და დახმარების ოდენობა, ასევე მისი მიზნობრიობა ჯერჯერობით არ ცხადდება, თუმცა ქართული მხარის მწირი კომენტარებიდანაც ნათელია, რომ ოკეანისგაღმელი მეგობრები "ვარდების მთავრობის" მიმართ ავანსების გაცემას არ მოერიდებიან.

გასულ კვირასვე ზურაბ ნოღაიდელმა საერთაშორისო დახმარების მიღების თაობაზე პირველ შეთანხმებას მოაწერა ხელი. გერმანიის მთავრობასთან ორი შეთანხმება გაფორმდა. პირველი დოკუმენტი გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 12 მლნ ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. მას გერმანული მხრიდან ხელი გერმანიის ელჩმა საქართველოში უვე შრამმა მოაწერა.
აღნიშნული კრედიტი საქართველოში სასაქონლო დახმარებას მოხმარდება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, ზამთრისათვის გაზისა და დენის იმპორტი განახორციელოს.
ამასთან, გერმანიის მთავრობის მიერ დამატებით გამოყოფილია 5 მილიონ 800 ათასი ევროს ოდენობის კრედიტი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ადრე გამოყოფილი კრედიტებისათვის ექსპერტთა მუშაობას დააფინანსებს.

მეორე შეთანხმება გერმანიის მთავრობის მიერ 4 მლნ. 300 ათასი ევროს ოდენობის სუბსიდიის გამოყოფას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სუბსიდია საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას მოხმარდება, რომელიც ადგილობრივი კომერციული ბანკებისათვის საკრედიტო სახსრების მობილიზებას უზრუნველყოფს.

მთავრობას დახმარების იმედი დონორი ორგანიზაციებიდანაც აქვს. ფინანსთა მინისტრი თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პარიზის კლუბის ეგიდით გასამართ მოლაპარაკებებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტორებთან მოლაპარაკებისას საქართველოს პარტნიორად გამოვა და ვალების რესტრუქტურიზაცია მოხერხდება. ნოღაიდელი ამაში იმდენად არის დარწმუნებული, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებების მომსახურების მოცულობაში იმ თანხებს არ ითვალისწინებს, რაც ამ მოლაპარაკების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში საქართველოს უნდა გაეღო. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებაში დროულ წარდგენას სავალუტო ფონდთან კონსულტაციების დასრულებამდე არ ჩქარობს და უკვე ნათელია, რომ 2004 წლის გაზაფხულამდე ქვეყანას ახალი ბიუჯეტის გარეშე მოუწევს ცხოვრება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, ყოველთვიურად იმოქმედებს 2003 წლის ბიუჯეტის ხარჯების გაწევის ერთი მეთორმეტედის ფორმულა, რაც მაინცდამაინც მომხიბლავი პერსპექტივა არ არის ამბიციური ხელისუფლებისათვის.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გასულ კვირას პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტშიც მსჯელობდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სალარიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში, სავარაუდოდ, მარტის თვეში შეიტანს,
რაც ნიშნავს იმას, რომ 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღების ყველა კონსტიტუციური ვადა დარღვეულია, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დეკემბერში უნდა მიეღო.
ძველი მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა წესის დაცვით იყო შეტანილი, თუმცა ახალმა მთავრობამ 2004 წლის ბიუჯეტის პროექტი უკან გაიწვია. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ძველი მთავრობის მიერ დაწერილ ბიუჯეტს არაფერი საერთო არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს რეალობასთან. ძნელია ამ შემთხვევაში ნოღაიდელს არ დაეთანხმო, მაგრამ აქვე შევნიშნავთ, რომ არც ის ბიუჯეტები იყო მაინცდამაინც რეალურ პარამეტრებზე დაფუძნებული, რომელიც თავისი წინა მინისტრობის პერიოდში შეჰქონდა ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში.

გასულ კვირასვე ფინანსთა სამინისტრო ახალი ინიციატივით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და იმ საგადასახადო შეღავათების დროებით შეჩერება მოითხოვა, რომელიც 2004 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამ შეღავათებს შორისაა ეკონომიკურ საქმიანობაზე გადასახადის გაუქმება, ასევე სამედიცინო ობიექტების მოგების, ქონების და მიწის გადასახადებისაგან გათავისუფლება. ასევე მინიმუმ ერთი წლით ვერ ისარგებლებენ სოციალური შეღავათებით მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები. იმავე შეღავათებით სარგებლობა გადაუვადდათ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, პროკურატურისა და სასამართლოების მუშაკებს და მეცნიერებს. ეს უკანასკნელნი მომავალ წელს არც ხელფასების მომატებას უნდა ელოდნენ.

ამ ცვლილებებს ნოღაიდელის თანაგუნდელებს შორისაც ჰყავს მოწინააღმდეგეები. საარჩევნო წელს შეღავათების გაუქმება მეტისმეტად არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საბიუჯეტო წელი 250 მილიონიანი გარღვევით სრულდება, დაუფინანსებელია სოციალური შემწეობები და საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა ხელფასები, ალბათ, არ ღირს თავის მოტყუება და სოციალური პოპულიზმით მანიპულირება. დღეს მთავრობა უძლურია სოციალურად დაუცველ ფენას პრივილეგიებით სარგებლობის უფლება მისცეს, თუმცა არც ის იქნება სამართლიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს ელემენტარული სასიცოცხლო პირობები არ შევუქმნათ. ამ დილემის გადაწყვეტას ამჟამინდელი ხელისუფლება, ძირითადად, დასავლეთის მხრიდან ავანსად გაცემული დახმარებების საშუალებით შეეცდება. ნოღაიდელი წლის ბოლომდე დონორი ორგანიზაციებიდან დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარის ინექციას ელოდება, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ეს არის, მართლაც, ავანსი და, ამასთან, ინექცია, რომელსაც წინა ხელისუფლებაც წლების განმავლობაში დაუშურვებლად იღებდა პარტნიორებისაგან მანამ, სანამ დასავლეთს საქართველოსთან დკავშირებით იმედები საბოლოოდ არ გადაეწურა. ისტორიულ სპირალს პროცესების განმეორება ხშირად ახასიათებს. იმედი დავიტოვოთ, რომ მეგობარი ქვეყნების კეთილგანწყობას ამჯერად მაინც არ ექნება ფატალური ფინალი და საქართველო მხოლოდ ხელგაწვდილი და უცხოური ინექციების ამარად დარჩენილი ქვეყნის იმიჯსაც მოიშორებს.
XS
SM
MD
LG