Accessibility links

logo-print

აშშ, დამატებით ხუთ, მილიონ დოლარს ჩუქნის საქართველოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აშშ-ის ადმინისტრაცია დახმარების მორიგ ჟესტს აკეთებს და საქართველოს მთავრობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ფინანსური რესურსებით

ბიუჯეტის დაცული მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს მაინც ბოლომდე გაუძღვეს, საპენსიო დავალიანების დასაფარად 5 მილიონ აშშ დოლარს აძლევს საჩუქრად. გასულ კვირას დახმარების თაობაზე გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებასთან ერთად გამოყოფილი თანხები ის ინექციაა, რომელიც თვეობით დაგროვილი გაუცემელი პენსიებისა და ხელფასების ნაწილობრივი დაფარვის საშუალებას იძლევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობა ეძლევა, დამატებით 10 მლნ ლარის საპენსიო დავალიანება გაისტუმროს. ოთხშაბათს საფინანსო უწყებაში აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც საქართველო აშშ-ისგან პენსიების გასასტუმრებლად 5 მლნ დოლარის ეკვივალენტურ თანხას მიიღებს.

2003 წლის აგვისტოში აშშ-მა საქართველოს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 50.000 ტონა ხორბალი გადასცა. ეს აქცია სასურსათო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ამ ხორბლის მონეტარიზაციის, ანუ მისი რეალიზაციის, შედეგად შემოსული თანხები საქართველოს აგრარულ სექტორს უნდა მოხმარებოდა, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო აშშ-ისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ამ მონეტარიზაციის შედეგად აკუმულირებული თანხების ნაწილი - კერძოდ კი, 5 მლნ დოლარი - საპენსიო დავალიანების დასაფარად იქნეს გამოყენებული.

როგორც ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა განაცხადა, შობის დღესასწაულზე მისთვის "ამგვარი კეთილი საქმის გაკეთება დიდი პატივია".
მისივე თქმით, შეთანხმების საკითხი, ძირითადად, ლინ პასკოს საქართველოში ვიზიტის დროს გადაწყდა. გასულ კვირასვე აშშ-ის საელჩოში, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, სახელმწიფო და ფინანსთა მინისტრების მონაწილეობით, სახელმწიფო დეპარტამენტთან შედგა ტელეხიდი, რომლის ერთ-ერთ შედეგად ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმებაც შეიძლება განვიხილოთ.

გარდა 5 მილიონი დოლარისა, აშშ საქართველოს ენერგოსექტორს ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის პროგრამისათვის, დამატებით, 2 მლნ დოლარს გამოუყოფს, კიდევ 3 მლნ დოლარი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასებისათვის გამოიყოფა. ელჩის თქმით, ამერიკა საქართველოს მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს.
სახელმწიფო მინისტრი ჟვანია ამერიკელთა კეთილგანწყოფით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ 23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ შტატები პირველი ქვეყანაა, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ასეთ დიდ მხარდაჭერას ახორციელებს.

პენსიების გაცემის ადმინისტრირებას საქართველოს საპენსიო უზრუნველყოფის ფონდი და მისი ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მოახდენს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ გადმოცემული 5 მლნ დოლარით საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, დეკემბრის თვის პენსიები გაისტუმროს.
XS
SM
MD
LG