Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა "ვარდების რევოლუციის " შემდეგ


რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოსკოვში მიპატიჟებით და მასთან შეხვედრით საქართველოში მომხდარი "ვარდების რევოლუციის" შედეგი ცნო.

ბურჯანაძისა და პუტინის შეხვედრის ერთადერთ კონკრეტულ შედეგად საქართველოში სწორედ ამას ასახელებენ. სხვა მხრივ, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს არაერთგვაროვანი მოსაზრებები უკავშირდება. ახალი ხელისუფლების ოპოზიცია მას რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში გარღვევის დასაწყისად არ აღიქვამს, თუმცა თავად ბურჯანაძემ პუტინთან შეხვედრა შეაფასა სწორედ როგორც გარკვეული შემობრუნების დასაწყისი. როგორ უყურებენ საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივას?

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის ამპლუაში მოსკოვში ვიზიტით ბურჯანაძემ რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. პირველად ის ნიდერლანდების სამეფოს ეწვია. ამ ვიზიტის ყველაზე საინტერესო მხარედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მისი შეხვედრა წარმოჩნდა, ნიდერლანდებში კოლინ პაუელის მიერ გაკეთებული გახმაურებული განცხადება კი საქართველოსა და მისი ახალი ხელისუფლებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის სერიოზულ გამოვლინებად იქნა მიჩნეული. შეგახსენებთ: ეს განცხადება წარმოადგენდა ერთგვარ მიმართვას რუსეთისადმი - იმოქმედოს სტამბულის შეთანხმების თანახმად და გაიყვანოს საქართველოდან საკუთარი სამხედრო ბაზები. ოდნავ მოგვიანებით ანალოგიური მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა, ოღონდ თბილისში ყოფნისას. ეს ყველაფერი მიჩნეულ იქნა იმის ნიშნად, რომ დასავლეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ძველ ხელისუფლებაზე მეტ გამბედაობას ელის. ახალი ხელისუფლების დროებითი პირველი პირი, რევოლუციური სამეულის სახელით, პუტინს ხსენებული მოწოდებებით ზურგგამაგრებული შეხვდა, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, აგრძნობინა თუ არა მან რუსეთის პრეზიდენტს, რომ საქართველო აღარ აპირებს რუსეთთან დათმობების პოლიტიკის გაგრძელებას.

დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციას ეეჭვება, რომ შევარდნაძის იძულებითმა მემკვიდრეებმა შეძლონ რუსეთთან ურთიერთობაში შევარდნაძის მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკაზე უარის თქმა.

[აკაკი ასათიანის ხმა] "მეეჭვება, რომ მათ ამის უნარი აღმოაჩნდეთ. ვშიშობ, არ გაგრძელდეს პოლიტიკა, როცა, მანევრირების სახელწოდებით, იქნება ორივესთვის, რუსეთისთვის და ამერიკისთვის, კოჭის გაგორების მცდელობა. " (სტილი დაცულია)

რევოლუციური სამეულის რადიკალურ ოპოზიციაში გადასული აკაკი ასათიანი ფიქრობს, რომ ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ჰქონდა მომდევნო პრეზიდენტის ვიზიტების მოსამზადებელი ხასიათი. თუნდაც ამიტომ, ასათიანის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, ის რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული შემობრუნების ნიშანს ატარებდეს. ბურჯანაძის ვიზიტში პოზიტიურ ნიშნებს უფრო "სოციალისტური პარტიის " ყოფილი თავმჯდომარე ვახტან რჩეულიშვილი ხედავს.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში იქნება, ვალდებულია ახსოვდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ვერ გადაწყდება ტერიტორიული პრობლემები და სხვა და სხვა. პოზიტიურად ვაფასებ ბურჯანაძის იქ ჩასვლასა და შემდგარ დიალოგს."

რჩეულიშვილი დარწმუნებულია, რომ მის ჯვრისებურ კონცეფციას ალტერნატივა არა აქვს და ახალ ხელისუფლებას მოუწევს გააგრძელოს საქართველოში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაბალანსების პოლიტიკა. აკაკი ასათიანი წინააღმდეგია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებისა, დაბალანსების პოლიტიკის სახელით. მაგრამ მოქმედების სტრატეგია სხვამ, 4 იანვარს ასარჩევმა, უნდა გამოკვეთოს. საქართველოს პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატს რუსეთში "პროამერიკული" ორიენტაციის პოლიტიკურ ფიგურად განიხილავენ.
XS
SM
MD
LG