Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კულტურის მუშაკები ნელ-ნელა ივიწყებენ 23 ნოემბრის


ქართული კულტურის მუშაკები ნელ-ნელა ივიწყებენ 23 ნოემბრის,

ზოგიერთი მათგანის შეფასებას თუ დავესესხებით, "კულტურულ რევოლუციას" და ახლა საახალწლო კონცერტებისთვის ემზადებიან - მათ იღებენ მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო გადაცემებში. თითქოს "კულტურულმა რევოლუციამ" ყველაზე და ყველაფერზე იმოქმედა, ქართული კულტურის გარდა: ისევ ის ხალხი მღერის, ვინც აქამდე მღეროდა... მათ შორის, ის ხალხიც, ვისაც რევოლუციაში მონაწილეობა არ მიუღია, და ის ხალხიც, ვინც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას "ემეგობრებოდა"... "კულტურული რევოლუცია" ჯერჯერობით მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილის "არტ-იმედის" რეორგანიზაციაში აისახა. თუმცა "არტ-იმედის" მესვეურთა განცხადებით, კომპანიის რეორგანიზაცია არ უკავშირდება "ვარდების რევოლუციას" - "არტ-იმედის" პოპულარული სახეები კვლავაც მონაწილეობენ საახალწლო სატელევიზიო პროექტებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებმაც ნოემბრის რევოლუციას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო პოპულარობა დაკარგეს, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების პოპულარობას არაფერი ემუქრება. დავით ხუჯაძეც კი - ორი თვის წინ "აღორძინების სახედ" რომ მოიაზრებოდა - საახალწლოდ ახალი სიმღერებით დაატკბობს თავის თაყვანისმცემელს (უნდა ვივარაუდოთ, რომ არა ბათუმში, არამედ თბილისში).

"ვარდების რევოლუციის" შეფასებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდულ მოძრაობა "კმარას" თუ არ ჩავთვლით, რევოლუციის დღეებში ქართველმა სტუდენტებმა მაინცდამაინც ვერ იაქტიურეს, რომ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებში ახალგაზრდებს ნაკლებად ვხედავდით. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობა, მაგალითად, წარმოუდგენელ "აპოლიტიკურობას" ამჟღავნებდა ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, თუმცა წარმოუდგენლად ორგანიზებულად "გადაეფარა" თავის რექტორს, როინ მეტრეველს.

ქართველი სოციოლოგები, კულტუროლოგები და ფსიქოლოგები, რომელთაც ამ თემაზე სხვადასხვა დროს ვესაუბრეთ, სტუდენტების პასიურობას განათლების სისტემის მანკიერებებით ხსნიან. სხვათა შორის, ბრალს სდებენ შოუ-ბიზნესსაც, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის სტუდენტთა წრეში კონფორმისტების მომრავლებაში.

ინფანტილიზმი და კონფორმიზმი - ქართული ახალგაზრდული ხელოვნების სენიცაა... ინფანტილიზმის განკურნება კი, როგორც ჩანს, რევოლუციებით შეუძლებელია. სტუდენტთა საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრის, კინომცოდნე თეო ხატიაშვილის აზრით, ქართულ ახალგაზრდულ კინოს კარგად ეტყობა, რაოდენ პასიურია ჩვენი სტუდენტობა.

ეს ფესტივალი ამ კვირაში დაიხურა კინოთეატრ "ამირანში". თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ფესტივალის პროგრამაში ჩართავდნენ სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ სტუდენტთა ფილმებსაც, მაგრამ, თურქების გარდა, მეზობლები საქართველოში არ ჩამოვიდნენ. მიუხედავად ამისა, ფესტივალის "გეოგრაფია" საკმაოდ ფართო იყო: საკონკურსო პროგრამაში ჩართეს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ინსტიტუტისა და სახელმწიფო ტელევიზიასთან არსებული კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტის სტუდენტთა სამოცამდე ფილმი. სამი წლის წინ, როცა თბილისის "თეატრალურ სარდაფში" სტუდენტთა პირველი კინოფესტივალი გაიმართა, ამ კინოფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე აუცილებლად კინოფაკულტეტის სტუდენტი ან ასპირანტი იქნებოდა, რადგან ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების გაჭირვება სტუდენტებმა პროფესიონალ კინემატოგრაფისტებზე უკეთ იციან... "გაჭირვებაში" კი ფესტივალის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, ფინანსურ პრობლემებს გულისხმობენ - კამერის, სამონტაჟო მაგიდის სიძვირეს.

ტრადიცია არც წელს დაირღვა. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასპირანტი გიორგი კალატოზიშვილი იყო. არ დაირღვა სხვა ტრადიციაც - კინომცოდნე თეო ხატიაშვილის თქმით, ქართული ახალგაზრდული კინოს თემატიკა კვლავაც ძალიან შეზღუდულია:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "ქართული კინო ისევ რჩება 80-იანი ახალგაზრდული კინოს დონეზე - ისევ ქუჩა, ისევ ქუჩური საქმის გარჩევები, ნარკოტიკები, კარგი ბიჭები თუ ცუდი ბიჭები და ა.შ."

თუმცა სტუდენტ კინემატოგრაფისტთა წრეში უკვე გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ დაუპირისპირდნენ ამ ტენდენციას. ერთ-ერთი მათგანი თორნიკე ბზიავაა, რომლის შესახებ რადიო "თავისუფლებამ" უკვე გიამბოთ "ახალგაზრდულ პროგრამაში". საინტერესოა, რომ ფესტივალის ჟიურიმ, რომელმაც თორნიკე ბზიავას გადასცა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთავის, გამოყო არა მისი ახალი ფილმი "ბოდვა", არამედ გაზაფხულზე გადაღებული თორნიკეს სურათი "უსმინე შოპენს" - ერთგვარი "კინემატოგრაფიული წერილი", რომელიც ავტორმა თავის ინგლისელ მეგობარს გაუგზავნა. თორნიკე ბზიავა ცდილობს გაარღვიოს სივრცე, რომელშიც, შეიძლება ითქვას, "გაჭედილია" ჩვენი ახალგაზრდობა, ცდილობს დაინახოს თავისი ქვეყანა უცხო თვალით და ახალი მხატვრული ენა დაამკვიდროს ჩვენს კინოში.

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში თეო ხატიაშვილი წლევანდელი პროგრამის სხვა თავისებურებებსაც იგონებს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "არის ერთგვარი ნოველური ტიპის ფილმები. ამის ტრადიცია ქართულ კინოში იყო... ფილმი, რომელსაც გრან-პრი მიენიჭა, სალომე საღარაძის "ქაღალდის წერილი", სწორედ ამით იყო საინტერესო. მას ჰქონდა გადათამაშებული კობახიძის ტრადიციები... ლაკონიური, შეკრული, მოულოდნელი ფინალით... არადა, ძალიან ბევრი ფილმი გვინახავს, რომელშიც არც დრამატურგია იყო, არც აზრი, უფრო იყო აბსურდული ბოდვა."

"აბსურდული ბოდვა" ბუნებრივია "აბსურდულ ყოფაში"... ქართველი კინემატოგრაფისტები ასეთი ყოფის გააზრებას არასდროს გაურბოდნენ, თუმცა "აბსურდი" ეკრანზე, იუმორით თუ არა, "შავი იუმორით" მაინც წარმოჩნდებოდა ხოლმე. როგორც ჩანს, ჩვენი ახალგაზრდა კინორეჟისორები იუმორის გრძნობას უჩივიან. ისინი ექსპერიმენტებს არ გაურბიან, მაგრამ ძიების პროცესში აბსოლუტურად მოკლებულნი არიან თვითირონიას...რაც, ქართველი კინომცოდნეების აზრით, ფრიად სახიფათო ტენდენციაა ჩვენს კულტურაში. ქართველ სტუდენტთა ფილმებში აშკარაა თვითკმაყოფილება, რომელიც ისევ და ისევ კონფორმიზმის დამკვიდრებას უწყობს ხელს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "არის უფრო ფორმისეული თვალსაზრისით ძიებები... თავისი დინამიკური კამერით, არატრადიციული სტრუქტურით... რამდენიმე ფილმი იყო ასეთი, მაგალითად, აჩიკო ქავთარაძის "უსათაურო" და თორნიკე ბზიავას ორი ფილმი "უსმინე შოპენს" და "ბოდვა", მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ძიება რჩება მხოლოდ ფორმის დონეზე... ყველაზე დასანანი ისაა, რომ ამის იქით არაფერი მიდის, მათ სათქმელი, ფაქტობრივად, არა აქვთ."

სტუდენტური ფილმების ფესტივალის ჟიურის წევრი საგანგებოდ აღნიშნავს თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ოპერატორ გოგა დევდარიანის ნამუშევრებს, ამბობს, რომ კრიზისი, ფაქტობრივად, არ შეხებია ქართულ საოპერატორო სკოლას. ამავე დროს, საგრძნობია ერთფეროვნება, რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს სხვადასხვა პედაგოგები ჰყავთ, საკონკურსო პროგრამაში განსხვავებული სტილი არ იგრძნობა. განსაკუთრებით დაეტყო ერთფეროვნება ქართულ დოკუმენტურ კინოს. თეო ხატიაშვილი გაკვირვებულია, რომ ახალგაზრდებს თითქოს საერთოდ არ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში და არც კი ცდილობენ აღბეჭდონ ის, რაც მოსახლეობას აღელვებს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] "დოკუმენტური ფილმები ძალიან ცოტა იყო. რატომღაც არის ტენდენცია, თუ დოკუმენტურ კინოს იღებ, უნდა იყოს აუცილებლად ეკლესია, რომელიც 60-იანი წლების ფილმების ესთეტიკაში ზის - თავისი პათეტიკური ტექსტებით, როდის აშენდა, როდის დაარსდა, რა არის ჩვენთვის მართლმადიდებლობა... და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად არქაული ფილმები და მით უმეტეს უცნაურია, როცა ამას აკეთებს 20, 22 წლის ახალგაზრდა."

20-22 წლის ახალგაზრდები არა მარტო "პათეტიკურ ფილმებს" იღებენ. მათი უმრავლესობა დღეს საახალწლო კონცერტებზე დასასწრებად ემზადება. ჩვენი საუბრის დასასრულს სტუდენტური ფილმების ფესტივალის ჟიურის წევრი იგონებს ერთ ტელეკომპანიას, რომელიც ძალიან უყვართ ქართველ ახალგაზრდებს; იმ დროს, როდესაც თბილისში რევოლუცია "ბობოქრობდა", ტელეკომპანია "პირველი სტერეო" თავის მაყურებელს ქართული ესტრადის ვარსკვლავების კლიპებით ართობდა. თინეიჯერები სტუდიაში რეკავდნენ და წამყვანებს ძველ და ახალ კლიპებს უკვეთდნენ.

ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებით უხარიათ ახალი წლის დადგომა. ახლა ჩვენი ვარსკვლავები მთლიანად დაიპყრობენ ქართულ სატელევიზიო ეთერს და, შესაბამისად, ქართულ კულტურასაც.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG