Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კმარას" აქტივისტები ბათუმის ხელისუფლებას რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ


6 იანვარს, თბილისის დროით დაახლოებით 22 საათზე, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა თითქმის ერთდროულად გაჩხრიკა "კმარას" ბათუმის ორგანიზაციის

აქტივისტების ლევან ჩხარტიშვილისა და მიხეილ ხაჟომიას საცხოვრებელი სახლები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა და ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ყალბი კუპიურები. სამართალდამცავებმა დააკავეს "კმარას" აქტივისტების ოჯახის წევრები. ბათუმის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დროისათვის კვლავაც რჩებიან 1955 წელს დაბადებული რომეო ჩხარტიშვილი და 1977 წელს დაბადებული ირაკლი ხაჟომია. მათთან ერთად აყვანილი იური ხაჟომია ზოგადი გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს.

აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი რომეო ჩხარტიშვილი კმარელი ლევან ჩხარტიშვილის მამაა, ხოლო ირაკლი ხაჟომია - კმარელი მიხეილ ხაჟომიას ძმა. ვინაიდან დაკავებულნი არიან არა თავად კმარელები, არამედ მათი ოჯახის წევრები, პოლიცია დაბეჯითებით აცხადებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალთან და არა პოლიტიკურ რეპრესიებთან. ამასვე ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის უფროსი თამარ გუდავა.

[თამარ გუდავას ხმა] "ყველაფრის მიწერა უნდათ, რომ ეს ხდება პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ აქ არ არის ყოველთვის. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აჭარაში ყოველთვის ხდებოდა კანონის მიხედვით ადამიანების აყვანა, დაპატიმრება ნარკოტიკებზე, განურჩევლად გვარებისა და განურჩევლად ახლობლებისა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე თვის წინ მაგალითები ამის, სერიოზული მაგალითები. მით უმეტეს, ყალბ კუპიურებზე და, მით უმეტეს, იარაღის უკანონოდ ტარებაზე. ეს არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ შეხედულებებთან და, მით უმეტეს, "კმარას" მოღვაწეობასთან".(სტილი დაცულია)

დაკავებულთა ოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიციამ იარაღი, ნარკოტიკი და კუპიურები ჩხრეკის დროს თავად შეიტანა ბინებში და შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ნივთმტკიცებად გამოიყენა. ერთ-ერთ ნივთმტკიცებად დასახელდა აჭარის ხელისუფლების დამხობის გეგმაც, რომელიც, "კმარას" ხელმძღვანელის თეა თუთბერიძის თქმით, ფიზიკურად არ არსებობს.

[თეა თუთბერიძის ხმა] "მაგ გეგმას არავინ არ ამუშავებს, გარდა ჩვენისა. და ჩვენ აქ თბილისში თუ არ დავამუშავეთ, ეხლა მაგ გეგმა არავის აქვს. და ეს სისულელეა, მაგაზე ეხლა საუბარი ზედმეტია. ჯერჯერობით არაფერი არ არის დამუშავებული. გეგმა არის ის, რომ უნდა წავიდეს აბაშიძე და უნდა ჩამოსცილდეს აჭარაში ხელისუფლებას."(სტილი დაცულია)

"კმარას" მოღვაწეობა აჭარაში პრაქტიკულად თბილისის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და დღემდე ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებების გამოკვრით შემოიფარგლებოდა. "კმარა აბაშიძე", "კმარა უმოქმედობა"-ამ შინაარსის მოწოდებები, გასაგები მიზეზების გამო, ღამის საათებში იკვრებოდა და დილამდე ნადგურდებოდა. აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურები და კეთილმოწყობის სამსახურები იოლად ახერხებდნენ იმას, რომ საზოგადოება კმარელების გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო. 6 იანვრის ღამის შემდეგ კი, სავრაუდოდ, "კმარასგან" საზოგადოების იზოლირება უფრო გაძნელდება. "კმარას" აქტივისტთა ოჯახის წევრების დაპატიმრებას და ამ ფაქტით გამოწვეულ უკმაყოფილებას ემატება ისიც, რომ ხელისუფლება კანონს არღვევს და დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებს.

[ირაკლი კვერღელიძის ხმა]"ჩვენ, სამწუხაროდ, ინფორმაცია საკმაოდ მწირი გვაქვს იმ მიზეზის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვიშვებს დაკავებულებთან. გვაქვს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ბერკეტები, რაც ამ მოქმედებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივრის შეტანით შეიძლება გამოიხატოს. რაც შეეხება ინფორმაციას, რა საფუძვლით არიან ისინი დაკავებულნი, იყო თუ არა კანონიერად ჩატარებული ჩხრეკა და ასე შემდეგ, ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია, მანამ, სანამ ვერ მივწვდებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ პროცესუალურ დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ყველა ეს მოქმედება."(სტილი დაცულია)

ადვოკატი ირაკლი კვერღელიძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყოს, თუმცა დაცვისათვის მას მხოლოდ რომეო ჩხარტიშვილისა და ირაკლი ხაჟომიას ოჯახის წევრებმა მიმართეს.
XS
SM
MD
LG