Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მდგომარეობაა თბილისის ცენტრალურ მიწისქვეშა გადასასვლელებში


თბილისის საკრებულოს ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დედაქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების პრობლემა გადაჭრას, თუმცა ქვეითებს, რომლებსაც მიწისქვეშა

გადასასვლელებით სარგებლობა უწევთ, მარტო გადასასვლელების დაბინძურება არ აწუხებთ. მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩასვლა საშიშია დღისით, რადგან იქ ჯიბის ქურდები აქტიურად მუშაობენ. რაც შეეხება ღამეს, ღამით გადასასვლელების უმეტესობაში ისეთი წყვდიადი ისადგურებს, რომ იქ ჩასვლა ყველაზე გაბედულ ადამიანსაც შეეშინდება. ღამით თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელები ტუალეტის ფუნქციას იძენს. დილიდან კი მათ დასუფთავებაზე ზრუნვა იქ გახსნილი სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს უწევთ. ასეა თითქმის ყველგან და, მათ შორის, იმ მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, თბილისის მთავარ პროსპექტს რომ კვეთს, პროსპექტს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს.

რადიო "თავისუფლების" თბილისის რედაქცია ზემელზე, "კინოს სახლშია" განთავსებული. იქ მომუშავეებს ხშირად გვიწევს მომიჯნავე მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა, ოღონდ - დღის საათებში. ღამით ეს გადასასვლელი სისტემატურად ჩაბნელებულია, საღამოს საათებიდან იქ ჩასვლა აღარ შეიძლება. ღამით იქ უფრო იმ კატეგორიის ადამიანი ჩავა, ვისაც შიშს გარკვეული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დააძლევინებს. როგორ იწყება დილა ამ გადასასვლელში, ამას იქ არსებული ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის თანამშრომელი აღწერს:

[სავაჭრო ობიექტის თანამშრომლის ხმა] "იცით, რა დღეში ვართ? ყოველ დილას არა მარტო შარდია, სხვა რაღაცებიცაა - ტუალეტია, რა. დილას რომ მოვდივარ, ვტირი. ხან ვინ მოგვყავს, ხან ვინ. წყალიც არა გვაქვს. ამის ახვეტას რამდენი რამე სჭირდება. თანაც 2-3 ლარს ვუხდით მეეზოვეებს, რომ დავასუფთავებინოთ. სიბნელეა დილითაც და მეშიანი მოსვლა. ამას წინათ დამაცხრნენ გასაძარცვად და გული კინაღამ გამისკდა. სანამ ხალხი არ დაიწყებს სიარულს, ვერ შევდივარ ჩემს მაღაზიაში სამუშაოდ, ვერ ვხსნი აქაურობას. "

ეს მიწისქვეშა გადასასვლელი დღისით იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტების ხარჯზეა განათებული. როცა სავაჭრო ობიექტები იხურება, სინათლეც ქრება. ამ დროიდან იქაურობას ყველა და, მათ შორის, მათხოვრებიც ეცლებიან.

[მათხოვრის ხმა] "კვირაში ოთხჯერ ვარ აქ. სოღანლუღში ვცხოვრობ. 2 საათზე მოვდივარ ხოლმე. მგზავრობისთვის ერთი ლარი მინდა. 3-4 ლარს ვშოულობ. "

ყველაზე გაჭირვებულები ერთი ლუკმა პურის ფულის საშოვნელად თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე სხედან, მათ შორის, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზეც. იქაურობას კი დღისით მარტო სამხატვრო სალონში დანთებული სანთლები ანათებს. ამ სავაჭრო ობიექტის თანამშრომლები, მერიის ნებართვით, ოპერისა და ბალეტის თაეტრის შენობიდან გამოყვანილი ელექტროენერგიით სარგებლობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეატრის ადმინისტრაციამ დენი გადაუჭრათ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. სამხატვრო სალონის თანამშრომლები ჩივიან იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ფულს იხდიან, მაგრამ მაინც სანთლის შუქზე მუშაობენ; ჩივიან იმის გამოც, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავების ფულს იხდიან, მაგრამ ამითაც ვერაფერს აღწევენ.

[სამხატვრო სალონის თანამშრომლის ხმა] "შეიძლება ცენტრალურ გადასასვლელში შუქი არ იყოს? დასუფთავების ფულს ჩვენ ვიხდით, თუმცა რატომ უნდა ვიხდიდეთ ჩვენ? ჯანდაბას, დილა-საღამოს ვალაგებინებთ, მაგრამ მათხოვრები არიან, დამკვრელები არიან და აბინძურებენ. მაგათ ხომ ვერ გავაგდებთ, შრომობენ და ფულს აკეთებენ. არც წყალი გვაქვს, არც ტუალეტი. მოკლედ, აქაურობა საზოგადოებრივი ტუალეტია. "

რა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ვერ დაარღვევენ მოძრაობის წესებს და ვერ გადაკვეთენ ცენტრალურ პროსპექტს ამ მიწისქვეშა გადასასვლელის გამოყენების გარეშე?

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] " ან შუქი იყოს, ან დაცვა, რა უბედურებაა. ვარ უნივერსიტეტის თანამშრომელი, იქაც საშინელი მდგომარეობაა. მოშალეს ზედა გადასასვლელი, დავდივართ მიწისქვეშა გადასასვლელით, გვტაცებენ ჩანთებს და არის ერთი უბედურება."

ასეა თითქმის ყველგან, მათ შორის, ვაკის პარკში ჩასასვლელ მიწისქვეშა გადასასვლელშიც. იქაურობას დღის, მით უფრო, ღამის განათება წლების მანძილზე არ ღირსებია. ეს მიწისქვეშა გადასასვლელი ნამდვილ ნაგვის ბუნკერად იქცა. მისით დღისითაც იშვიათად სარგებლობენ, ისიც, ძირითადად, ცენტრალურ პარკში ბავშვების გასასეირნებლად გამოსული უფროსები, რადგან ბავშვებთან ერთად ორი ფართო ქუჩის გადაკვეთას ერიდებიან. იქვე ახლოს მიწისზედა გადასასვლელები არ არსებობს.

ცნობისათვის: ქალაქის ბიუჯეტიდან მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებაზე წელიწადში 330000 ლარი გამოიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული გადასასვლელის დასუფთავებაზე თვეში 13000-დან 15000- მდე ლარი უნდა იხარჯებოდეს. სად მიდის ეს ფული, გაურკვეველია. მიწისქვეშა გადასასვლელებში სიბინძურის პრობლემის გადაჭრის დაპირებით თბილისის საკრებულო გამოდის. ასე რომ, ვნახოთ, მოჰყვება თუ არა დაპირებას საქმე, რომელსაც თბილისელები ასე ელიან.
XS
SM
MD
LG