Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


19 იანვრის საერთაშორისო პრესა ყურადღებას ამახვილებს გაეროს შტაბბინაში

კოალიციის წარმომადგენლებსა და ერაყის ლიდერებთან შეხვედრაზე; შეერთებულ შტატებში, აიოვის შტატში დემოკრატების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების ღონისძიებაზე; საქართველოში აფხაზეთის მომავალსა და ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე.

გაეროში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ერაყის პოლიტიკურ მომავალზე დღეს არაერთი გაზეთი წერს. "ფაინენშელ ტაიმსი" წერს, რომ შეერთებული შტატები ახლა მზად არის დახმარება სთხოვოს გაეროს, როცა ადრე - ერაყის საკითხის გადაწყვეტისას ამ ორგანიზაციის პოზიციას არად დაგიდევდათ. გაზეთის მიმომხილველის აზრით, ვაშინგტონის გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დაარწმუნოს გაერო ახლო მომავალში ერაყში პირდაპირი არჩევნების ჩატარების შეუძლებლობაში. "ფაინენშელ ტაიმსის" სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ გაერო ძალიან დელიკატურ მდგომარეობაშია - "მას ფაქტობრივად სთხოვენ, რომ დათანხმდეს ერაყის მომავალი მთავრობის ნომინალურ სუვერენიტეტსა და საეჭვო ლეგიტიმურობაზე".

ჯიმ ჰოგლანდი "ვაშინგტონ პოსტის" ორშაბათის ნომერში წერს, რომ რუსეთი წელს კიდევ ერთხელ იქცევა პრობლემად დასავლეთისთვის, რადგან ევროკავშირი, ნატო და თავის მხრივ - შეერთებული შტატები აღმოსავლეთისკენ, რუსეთის მისადგომებისკენ გადაადგილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებთან მოლაპარაკებით აღმოსავლეთით ექსპანსიის პროცესში მაქსიმალურად დაიცვას რუსეთის ინტერესები, ჯიმ ჰოგლანდის აზრით, "ვარშავის ხელშეკრულებისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებიან, სულ უფრო ღრმავდება უნდობლობა ზოგადად რუსეთის და კერძოდ ბატონი პუტინის მიმართ".

ფრანგულენოვან "ლე მონდ დიპლომატიკ"-ში მატილდ დამუაზელისა და რეჟის ჟანტის ერთობლივი პუბლიკაცია აფხაზეთს ეძღვნება. ავტორები აფხაზეთში არსებულ ვითარებას ასე აღწერენ: "აფხაზეთი არსებობს არამყარი მშვიდობის პირობებში და ცდილობს დაიცვას დე ფაქტო დამოუკიდებლობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა არ აღიარებს... ომის კვალი ყველგან თვალშისაცემია. განადგურებულია აფხაზეთის ინფრასტრუქტურა. სუსტია სახელმწიფო სტრუქტურა... რუსეთი აფხაზეთის საკითხს ტრადიციულად თავის ახლო მეზობელზე გავლენისთვის იყენებდა. აფხაზი სეპარატისტებისთვის დახმარების გაწევით მოსკოვს საქართველოს - კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მართვა სურდა".

რაც შეეხება შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, დემოკრატების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფაქტობრივ დაწყებას აშუქებს "ნიუ იორკ ტაიმსი". ბრიტანეთში გამომავალი "ტაიმსი" კი საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების ახლანდელი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. "ტაიმსის" სარედაქციო სტატიაში წერია: "ჯორჯ ბუშმა საარჩევნო წელიწადში შეაბიჯა როგორც ძალიან მნიშვნელოვანმა და ანგარიშგასაწევმა ფიგურამ". "ტაიმსი"-ს თანახმად, ბუში ხშირად ახერხებდა ბალანსის მოძებნას "თანამგრძნობსა" და "კონსერვატულს" შორის. სარედაქციო სტატიის ავტორი ჯორჯ ბუშს ურჩევს ზედმეტად არ გაიხლართოს სოციალურ საკითხებზე გამართულ დებატებში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG