Accessibility links

logo-print

რა შინაარსისაა შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებები


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს კანონმდებლობაში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, ბუნებრივია, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ განხორციელდება. თუ ადრე საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებს იშვიათად აქვეყნებდნენ,

ახლა, ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, საზოგადოების ინტერესი გაზრდილია - მოქალაქეებს სურთ, შეიტყონ, რა და როგორ შეიცვლება მათი სახელმწიფოს მართვასა და ცხოვრებაში. სხვათა შორის, 2001 წელს, როცა მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღებაზე ხელისუფლება სერიოზულად ალაპარაკდა, მან პრესაში გამოაქვეყნა კიდეც შესაბამისი კანონპროექტი. დღეს კი საპროექტო წინადადებებს მოქალაქეები მხოლოდ ზეპირი განცხადებებით ეცნობიან და ზუსტად არავინ იცის, როგორ აპირებს ხელისუფლება მმართველობის მოდელის გარდაქმნას.

გასაკვირია, მაგრამ იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომელთაც კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, არ უნახავთ წერილობით ტექსტად ჩამოყალიბებული პროექტი. პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ იცის მხოლოდ იდეები, რომელთაც თითქოს ხორცი უნდა შეესხას მათი მხარდაჭერის შემდეგ.

ერთი იდეა ძალაუფლების გადანაწილებაა მინისტრთა კაბინეტის შემოღების გზით. საზოგადოებას შესთავაზეს კიდეც ფორმულა: "ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პრემიერი, ძლიერი პარლამენტი", რაც პოლიტიკის ანალიტიკოსებმა აბსურდულად მიიჩნიეს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის მინიჭება პრემიერისათვის თავისთავად მოასწავებს პრეზიდენტის დასუსტებას. საქართველოში არჩეულმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 96% აიღო და მისი დასუსტება, უბრალოდ, გაუგებარი იქნება. მეორეც, გასარკვევია, ვის წინაშე აგებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი პასუხს - პრეზიდენტისა თუ პარლამენტის. თუ პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც ექნებათ უფლება, გადააყენონ მთავრობა, ასეთი სუსტი მინისტრთა კაბინეტი და პრემიერი ვერ შეძლებს გადამჭრელი რეფორმისტული პოლიტიკის გატარებას, რაც, თავად პოლიტიკურ ლიდერთა აღიარებით, ქვეყანას სჭირდება.

მართალია, პარლამენტი დღეს ერთგვარად დემორალიზებულია და ახალი ხელისუფლების ყველა წინადადებას უმტკივნეულოდ იღებს, მაგრამ საკითხავია, როგორ შეხვდება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციის ისეთ შესაძლო ცვლილებას, რომელიც დააკნინებს პარლამენტის როლს პოლიტიკურ პროცესებში. მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პარლამენტის დასუსტებას წინააღმდეგობას გაუწევს, სულ ცოტა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე და მისი თანამგრძნობი დეპუტატები, რომელთა რიცხვი, ამ ნიადაგზე გაიზრდება. თუ ზემოთ მოყვანილი ფორმულის პირველი ორი პოსტულატი "ძლიერი პრეზიდენტი" და "ძლიერი პრემიერი" რეალობად იქცევა, ნათელია, რომ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის დასუსტების ხარჯზე. მეორეც, არ არის გამორიცხული ერთმანეთს და, აქედან გამომდინარე, ქვეყანას, პრობლემები შეუქმნას ძლიერი პრეზიდენტისა და ძლიერი პრემიერის ურთიერთდაპირისპირებამ.

ასეა თუ ისე, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ჯერ პოლიტიკოსთა უაღრესად ვიწრო წრე იცნობს, რომელშიც ჩვენ ვერ შევაღწიეთ. ხელისუფლებამ გარკვეული წარმატებით გამოსცადა მისთვის სასურველი კანონპროექტის კანონად გადაქცევის პრაქტიკა 14 იანვარს, როცა დეპუტატებმა სწრაფად მიიღეს კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. ეს მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვისაც. თუმცა იმავე საღამოს გაირკვა, რომ დროშის საბოლოო აღწერა შესამუშავებელია. იმედია, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ასე უცაბედად არ შესთავაზებენ საზოგადოებას და დეპუტატებს, ხოლო ამ უკანასკნელთ კენჭისყრამდე მისცემენ ცვლილებათა გააზრების საშუალებას, თუნდაც ამას დიდი დრო დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG