Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელები არსებული ტერიტორიული მოწყობის შეცვლას მოითხოვენ


საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე, რომელიც 21 იანვარს ჩატარდა თბილისში,



რესპუბლიკელებმა სხვა საკითხებთან ერთად სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობასა და ხელისუფლების რეორგანიზაციაზეც იმსჯელეს. პარტიის წევრმა ოთარ ზოიძემ არსებული ტერიტორიული მოწყობა და საქართველოს ხელისუფლების ორგანიზაცია დაახასიათა როგორც "საბჭოთა მეტასტაზი". გაგაცნობთ ოთარ ზოიძის მოხსენების ზოგიერთ თეზისს.

"ახალი ეპოქა - სახელმწიფოს განვითარების ახალი პერსპექტივები" - ამ თემაზე ჩაატარეს რესპუბლიკელებმა კონფერენცია, რომელშიც პარტიის ყველა ცნობილი სახე იყო წარმოდგენილი. ახალი ეპოქა კი, რესპუბლიკური პარტიის წევრის ოთარ ზოიძის აზრით, მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიცვალოს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, რის გარეშეც რესპუბლიკელებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ თვისებრივად ახალი ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნა. რესპუბლიკელები სამხარეო დაყოფის მომხრეები არიან და მოითხოვენ განსაკუთრებულ სტატუსს აფხაზეთისთვის:

[ოთარ ზოიძის ხმა] "მკაცრად ცენტრალიზებულ ხელისუფლებას მიდრეკილება აქვს არა მარტო ხელისუფლების გახრწნისკენ, არამედ ხელისუფლების რღვევისკენ. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ამ ფაქტს ადასტურებს."

ოთარ ზოიძე დარწმუნებულია, რომ არსებული სისტემა - კომუნისტური სისტემაა, რადგან, საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, კვლავაც შენარჩუნებულია რაიონული სისტემა, რომელსაც მცირე რესურსები აქვს. ამიტომაც რეგიონები კვლავაც არ სარგებლობენ ავტონომიით... ზოიძის აზრით, გამგებლებისა და საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობა, თავისი არსით, არის ცეკას მდივნისა და რაიკომის მდივნების ურთიერთობა. ამ მდგომარეობას ვერც გამგებლების არჩევა შეცვლის, თუკი კანონმდებლობა არ შეიცვალა... თუ გამგებლის უფლებამოსილება იგივე დარჩა.

რესპუბლიკელები ზოგად-თეორიულ მსჯელობას ერიდებიან და თავიანთ პროგრამაში კონკრეტულ დებულებებს აყალიბებენ. ოთარ ზოიძის აზრით, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა უნდა დამორჩილდეს ეგრეთ წოდებულ ნონცენტრალიზმის პრინციპს:

[ოთარ ზოიძის ხმა]"ამ პრინციპით ხდება არა დეცენტრალიზაცია, რაც თავისთავად გულისხმობს ცენტრალიზაციას და უფლებების გადაცემას ზევიდან ქვემოთ, არამედ, პირიქით, ხელისუფლების გადანაწილებას ქვევიდან ზემოთ: ინდივიდს, ოჯახს აქვს ყველა ის საშუალება, რისი გადაჭრაც მას თავად ძალუძს, თემს ენიჭება იმის უფლება, რისი გადაჭრაც დამოუკიდებლად შეუძლია თემს, მხარის რეგიონს აქვს იმის უფლებამოსილება, რისი გადაჭრაც არ შეუძლია თემს."

ოთარ ზოიძის აზრით, ნონცენტრალიზმის პრინციპი თავიდან აგვაცილებს უნაყოფო დავას ქვეყნის ფედერალიზაციასა თუ უნიტარიზმზე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ მაშინ, როცა მას აქვს საგადასახადო ავტონომია.. დღევანდელი სისტემა კორუფციას აღვივებს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება დამოკიდებული ხდება ცენტრზე და მხოლოდ ცენტრის ინტერესებს იცავს. რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ ნონცენტრალიზმის პრინციპი ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის გარემოს შექმნის. ამიტომ პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს ყველაზე ახლო სისტემაში, სათემო თვითმმართველობაში, რადგან მოქალაქე ყველაზე უშუალოდ სათემო თვითმმართველობაში მონაწილეობს. თუმცა ხელისუფლების რეორგანიზაცია რესპუბლიკელებისთვის თვითმიზანი არ არის. საქართველოს ეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია აცხადებს, რომ მისი დევიზი, პირველ რიგში, ადამიანის თავისუფლებაა:

[ოთარ ზოიძის ხმა] "თავისუფლება კი არის იქ, სადაც არის კონკურირებადი სისტემა, ანუ, თუკი რეგიონების სახით არ იქნება კონკურირებადი სისტემა, სახელმწიფო გაძლიერდება."

ოთარ ზოიძის აზრით, საგადასახადო-საფინანსო თვითმმართველობა ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი რესურსებით იმოქმედოს, რადგანაც ასეთ სისტემაში საკუთარი რესურსებით მოქმედებენ რეგიონებიც. შესაბამისად, ცენტრის ჩარევა რეგიონების ცხოვრებაში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის დღევანდელი სისტემა კარგად გამოხატავს იმ უნდობლობას, რომელიც ხელისუფლებისა და რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულებაში წარმოჩნდება. ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს იმედი, რომ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ. მაგრამ ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, თუკი იგი ვერ გრძნობს ნდობას... მათ შორის, ნდობას ხელისუფლების მხრიდან.




  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG