Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფ პატიმართა უფლებების დაცვას იწყებს


უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში აჭარის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ცენტრალური ხელისუფლებისათვის მკაცრად იზოლირებულ ტერიტორიებად ითვლებოდა.

თორმეტწლიანი პრაქტიკა ახალმა ხელისუფლებამ დაარღვია: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მერაბ ადეიშვილის დავალებით, ამ ორიოდე დღის წინ ბათუმის მესამე საპყრობილეში ინსპექტირებისთვის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე გაიგზავნა. მისი ინფორმაციით, საპყრობილეში პატიმართა უფლებების დარღვევის გამო საქმეები რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას უნდა გადაეცეს.

იოსებ თოფურიძის თქმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორისაგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვენ ბათუმის მესამე საპყრობილეში მყოფი ნური ანანიძე და ვაჟა კახიძე, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენის ბრალდებით არიან დაკავებულნი. როგორც პატიმრებმა თოფურიძეს განუცხადეს, მათ პოლიციელებმა იარაღი და ნარკოტიკი დაკავებისას "ჩაუდეს". ნური ანანიძე და ვაჟა კახიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ. შესაბამისად, ისინი ამტკიცებენ, რომ აჭარაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი და ფიზიკური ანგარიშსწორების კანდიდატები არიან. ანანიძე და კახიძე 18 იანვარს ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელში დააკავეს და მათ ბრალად მატარებლის აფეთქების მცდელობა წაუყენეს. სწორედ მათ გადასცეს იოსებ თოფურიძეს იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის სახელზე შედგენილი განცხადებები, რომლებიც უკვე ჩაბარდათ ადრესატებს.

[ იოსებ თოფურიძის ხმა] "ბრალდებული ნური ანანიძე აცხადებს, რომ დაკითხვის დროს ჯემალ გოგიტიძე დამემუქრა სიტყვებით, მე შენ სროლას ვერ დამასწრებ. ხოლო სოსო გოგიტიძე დამემუქრა, რომ მე შენ შვილებს მოგიკლავ. მეორე ბრალდებული ვაჟა კახიძე, აი, ის წერს, რომ დაკითხვის დროს გოგიტიძეს ამან დაუსვა კითხვა, კი მაგრამ რატომ დამაკავეთო და დაგაკავეთ იმიტომ, რომ მე მაინტერესებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამდენია აჭარაში, მზადდება თუ არა თავდასხმა ასლან აბაშიძეზე."(სტილი დაცულია)

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე, მსჯავრდებულის განცხადებაზე დაყრდნობით, ამბობს, ვაჟა კახიძეს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლობა შესთავაზა, თანამშრომლობის სანაცვლოდ კი, ოფიცრობას, ფულად ანაზღაურებას და სამ დღეში გათავისუფლებას შეჰპირდა.

იოსებ თოფურიძემ აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მესამე იზოლატორში მყოფ პატიმართაგან უმრავლესის ბედი მძევლების ბედს შეადარა. მათ შორის არიან ბრალდებულები რომეო ჩხარტიშვილი და ირაკლი ხაჟომია, რომლებიც 2004 წლის 6 იანვარს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. ისინი, როგორც ჩვენს მსმენელს ახსოვს, "კმარას " ბათუმის ორგანიზაციის აქტივისტების ოჯახის წევრები არიან. მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიება 9 იანვარსაა გამოტანილი,მაშინ, როცა საპყრობილეში მხოლოდ 22 იანვარს შეასახლეს. თუმცა ეს პროცესუალური დარღვევა არაფერია იმ დარღვევებთან შედარებით, რომლებიც იოსებ თოფურიძემ ბათუმის მესამე საპყრობილის ინპექტირებისას აღმოაჩინა. დავასახელებთ ერთ ფაქტს: საპყრობილეში იმყოფებიან პატიმრები, რომელთაც თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით შეეფარდათ. განაჩენი 1995 წელსაა გამოტანილი.

ბათუმის საგამოძიებო იზოლატორის ინსპექტირების ძირითადი დასკვნა პატიმართა უფლებების უხეში დარღვევაა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ეგრეთ წოდებული შემამსუბუქებელი გარემოებაც: საპყრობილეში საცხოვრებელი პირობები ნორმალურია.
XS
SM
MD
LG