Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექაში 2 მილიონამდე მუსლიმანი შეიკრიბა


ამ დღეებში მიმდინარეობს რიტუალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ თავყრილობად ითვლება. ლაპარაკია ჰაჯიზე. ჰაჯი ნიშნავს მუსლიმანთა წმინდა ადგილების მოსალოცავად მექაში წასვლას:

ეს არის ყოველი მუსლიმანის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა და იმავდროულად მძლავრი ტრადიცია, რომელიც ისლამის მილიარდ 200 მილიონ მიმდევარს აერთიანებს. წელს მექაში 2 მილიონამდე ადამიანი შეიკრება, რაც არა მარტო ჰაჯის მნიშვნელობაზე მიუთითებს. აშკარაა, რომ ასეთ ხალხმრავლობას საორგანიზაციო პრობლემებიც უნდა უკავშირდებოდეს. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ. ჯერ ჰაჯის ისტორიაზე მოგითხრობთ.

ჰაჯი, ჰაჯისთან დაკავშირებული რიტუალები მაჰმადის, იგივე მუჰამედის მიერ არის დაწესებული. ეს ნიშნავს, რომ არსებობს უკვე 14 საუკუნეა, ისევე როგორც მაჰმადის მიერ დაარსებული რელიგია - ისლამი. ისლამი ამჟამინდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე დააარსდა, მაგრამ მომდევნო საუკუნეების მანძილზე, პრაქტიკულად, მთელს მსოფლიოს მოედო. რაოდენობით მაჰმადიანები მხოლოდ ქრისტიანებს ჩამოუვარდებიან და, ისევე როგორც ქრისტიანები, მიმდინარეობებად, დაჯგუფებებად არიან დაყოფილი. ჰაჯი მათ ერთ-ერთ მთავარ გამაერთიანებელ ტრადიციად რჩება.
[ბაგდად ადუკარიმოვის ხმა] "ისლამში ჰაჯი არის ერთ-ერთი ხუთი მთავარი მოვალეობიდან. ყოველი მუსლიმანი, რომელსაც აქვს საშუალება, ფინანსური, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, მოვალეა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩავიდეს წმინდა ადგილების მოსალოცავად მექასა და მედინაში. იქ ჩასვლით მუსლიმანი ყველა ცოდვისაგან განიწმინდება", განმარტავს ყაზახი მუსლიმანი, ასტანის მეჩეთის იმამი ბაგდად ადუკარიმოვი.

საუკუნეების მანძილზე მუსლიმანების უმრავლესობა ჰაჯიზე ოცნებას უნდა დასჯერებოდა. მექაში, ისლამის დამაარსებლის მშობლიურ ქალაქში ჩასვლას ან მეტ-ნაკლებად ახლოს მდებარე დასახლებების მკვიდრნი ახერხებდნენ, ან კიდევ ერთეულები, ვისაც ჰყოფნიდა გამბედაობა და სახსრები, ვისაც ჰქონდა დრო შორეულ არაბულ სამეფოში გასამგზავრებლად. მაგრამ ტექნიკურმა პროგრესმა, ავტომობილის, რკინიგზის, საჰაერო მიმოსვლის გამოგონებამ მლოცველების რიცხვი ათასობიით, შემდეგ ათი და ასიათასობით, ახლა უკვე მილიონობით ადამიანამდე გაზარდა. ჩვენს ეპოქაში სხვა საორგანიზაციო პრობლემებთან გამკლავებაა საჭირო.

მექასთან იმდენი მლოცველი იყრის თავს, რომ მათი მასპინძლობა - კვება, დაბინავება (ხანძრების, ინფექციური დაავადებების, არეულობების, ძალადობის აღკვეთაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) რთული ამოცანის წინაშე აყენებს საუდის არაბეთს. მილიონობით დოლარი იხარჯება კარვების ქალაქების ასაგებად და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად. 28 იანვარს მექაში სამხედრო აღლუმიც კი გაიმართა: ჯარისკაცებს, იარაღის გარდა ხელთ ეპყრათ ტრანსპარანტები წარწერებით "ძირს ტერორიზმი", "ერის კეთილდღებას თავს შევწირავთ". როგორც საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრინცმა ნაიეფმა უთხრა ჟურნალისტებს, უშიშროების ძალები მზად არიან მლოცველების დასაცავად. [პრინცის ხმა] "ისლამი შორსა დგას ტერორიზმისაგან, უარყოფს ტერორიზმს და, რადგანაც საუდის არაბეთს ისლამი მართავს, ჩვენი ქვეყანა უარს ამბობს, გახდეს ტერორისტების ცენტრი, ან სატრანზიტო ქვეყანა. "

ტერორიზმის საფრთხეს საუდის არაბეთის ხელისუფლება განსაკუთრებით სერიოზულად ეკიდება მას შემდეგ, რაც ტერაქტებმა ამ ქვეყანაში შარშან, მაისსა და ნოემბერში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა კი, 29 იანვარს, ანუ ჰაჯის მთავარი რიტუალის დაწყებამდე სულ ერთი დღით ადრე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა უშიშროების სამსახურის 5 წევრი მოკლეს.

მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია, ტერორის სამიზნე ჰაჯი გახდეს - ასე ფიქრობს ისლამის არაერთი ექსპერტი, მათ შორის ლონდონში მოღვაწე პროფესორი აბდელ ჰალიმი: [ჰალიმის ხმა] "ასეთ რამეს მუსლიმანი არ გააკეთებს, ვინაიდან ყურანში ლაპარაკია უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე მექაში, როცა ჰაჯი მიმდინარეობს. არა მგონია რომელიმე ჯგუფმა ტერაქტი მოაწყოს - ეს ხომ ამ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა იქნებოდა".

იმედია, პროფესორ აბდელ ჰალიმის ვარაუდი გამართლდება და ჰაჯი მშვიდობიანად ჩაივლის. ის კულმინაციას აღწევს შაბათს, როცა მლოცველები არაფატის მთაზე ავლენ.
XS
SM
MD
LG