Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული,

- წერს გაზეთი "აირიშ ტაიმსი" და როგორც სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, ეს სულაც არაა გასაკვირი ქვეყანაში, სადაც სტალინი დაიბადა. გაზეთი განცვიფრებას არ მალავს იმის გამო, რომ მრავალი ქართველი დღესაც სიამაყით იხსენებს დიდ დიქტატორს, მიუხედავად იმისა, რომ სტალინური რეპრესიების შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.

ხოლო საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" იმაზეა გამახვილებული ყურადღება, რომ კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ომი საქართველოში, ახალი ხელმძღვანელობის ქმედითუნარიონობის პირველი გამოცდა იქნება:

"რთულ პრობლემას დაუპირისპირდა საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც წესრიგი უნდა დააყაროს ქვეყანაში, და ეს მაშინ, როცა ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის დროს, ორგანიზაცია "ტრანსპარენსი ინტერნეშნალმა საქართველო, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ათეულში შეიყვანა. ბევრს უკეთესი მომავლის იმედი აღუძრა საქართველოში მიმდინარე ანტი-კორუფციულმა კამპანიამ, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ეს პროცესი შესაძლოა დამუხრუჭდეს, თუ ქვეყანაში რადიკალურად არ შეიცვლება მმართველობის სისტემა".

გაზეთი "ჰანდელსბლატი" ბერლინში მიხეილ სააკავშილის ვიზიტს უკეთებს კომენტარს. ჟურნალისტი ანდრეას რინკე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მისწრაფებაზე, რაც შეიძლება მალე გაიკაფოს გზა ჯერ ნატოს, შემდეგ კი ევროკავშირისაკენ. გაზეთი წერს:

"სააკაშვილი სახიფათოდ მიიჩნევს ნატოსა და ევროკავშირის კარების დახურვას. ის ფიქრობს, რომ საქართველოს ეკუთვნის რეგიონს, რომლის დავიწყება არ შეიძლება, რომ კავკასია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ევროპის სტაბილურობისათვის, ვიდრე, თუნდაც ბალკანეთი. კარი რომ ჩაიკეტოს, ამას სერიოზული დესტაბილიზაცია მოჰყვება. "საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ნედლეულის, ისე ნარკოტიკებისა და ლტოლვილების ტრანზიტის თვალსაზრისით, ამ რეგიონის ინტეგრაცია ყველას დაეხმარებოდაო, ირწმუნება სააკაშვილი, რომელმაც გერმანულ ფირმებს მოუწოდა - საქართველოში დააბანდონ კაპიტალი".
XS
SM
MD
LG