Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 თებერვალს საქართველოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა - სესია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს,

იქნება ეს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურისა თუ შემადგენლობის დამტკიცება. გარდა ამისა, უკვე ამ კვირას პარლამენტი დაიწყებს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული კანონპროექტების განხილვა-დამტკიცებას. რა განწყობით დაიწყეს პარლამენტარებმა მუშაობა?

პირველი შთაბეჭდილება, რაც თვალში საცემი იყო 10 თებერვლის სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციის გააქტიურება გახლდათ. სხდომის პირველი ნახევარი ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას დაუთმო. კრიტიკის მიზეზი სხვადასხვა იყო. მაგალითად, ერთდროულად ყველა ტელეკომპანიის ეთერიდან ღამის პოლიტიკური თოქ-შოუების გაქრობა. ფრაქცია "სოციალისტების" ლიდერი ირაკლი მინდელი ითხოვს შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზებს შეისწავლის:
[ ირაკლი მინდელის ხმა] " მე აქ, არა მგონია, იყოს პრობლემა წამყვან ჟურნალისტებზე პირდაპირი ზეწოლის. მე უფრო ეჭვი მაქვს, რომ ხდება პირდაპირი ზეწოლა ამ მასმედიის საშუალებათა მეპატრონეებზე."
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის შეშფოთებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ იზიარებს, თუმცა აღიარებს, რომ თუ ამგვარი ეჭვი არსებობს, მაშინ სიცხადის შეტანა აუცილებელია:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " ეს არის კომერციული არხები და კომერციული არხების მეპატრონეებს ჩვენ ნამდვილად ვერ ვუკარნახებთ, როდის გახსნან და როდის დახურონ ესა თუ ის გადაცემა. თუმცა კიდევ ვიმეორებ: თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, კითხვებზე პასუხი აუცილებლად უნდა გაიცეს."
სავარაუდოდ, თოქ-შოუების საკითხის შემსწავლელ კომისიას პარლამენტარი არჩილ გოგელია უხელმძღვანელებს. სამაგიეროდ, გაურკვეველი დარჩა, როგორ და როდის გადაწყდება ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა - სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ იმ პარლამენტარებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსახურობენ, მაგრამ პერიოდულად მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაშიც იღებენ. ადა მარშანიას განცხადებით, ამით საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა:
[ადა მარშანიას ხმა] " დეპუტატი ჯერ კიდევ დეკემბერში გადავიდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა უკვე თებერვალია და პარლამენტში გვიზის ალაგ-ალაგ და კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს. და არა მარტივ და რიგით საკითხებზე, ქვეყნის ძირითადი კანონის მიღების დროს. ეს ყოვლად შეუძლებელია. ეს არის კონსტიტუციის სერიოზული დარღვევა."
სხდომაზე გაირკვა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, თუ როგორ მოგროვდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის აუცილებელი ხმები. თედო პაატაშვილის განცხადებით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, მას უცხოეთში მოგზაურობა შესთავაზეს:
[ თედო პაატაშვილის ხმა] " პირველი კენჭისყრის წინ, წინა საღამოს, მე დამირეკა ერთმა ჩემმა კოლეგამ და მითხრა, რომ ავსტრიაში შეგვეძლო გასეირნება, თუ კონსტიტუციას ხმას მივცემდი."
თედო პაატაშვილმა მოითხოვა იმ პარლამენტართა სიის წარმოდგენა, ვინც მივლინებით ხშირად დადის უცხოეთში. სპიკერატი ამ მოთხოვნას აღფრთოვანებით არ შეხვედრია.

XS
SM
MD
LG