Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში ? დღე პირველი, დღე უკანასკნელი


15 თებერვალს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც,

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, საბჭოთა არმიის ნაწილებმა საბოლოოდ დატოვეს ოკუპირებული ავღანეთის ტერიტორია. საბჭოთა პროპაგანდის მიერ ?ინტერნაციონალურ მისიად? წოდებულ აშკარა ინტერვენციას, რომელიც ათ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ათეული ათასობით საბჭოთა ჯარისკაცის, ავღანელი მუჯაჰიდისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ბედის უკუღმართობით, ინტერნაციონალურ ბრიგადებში იბრძოდნენ საბჭოთა საქართველოს წარმომადგენლებიც, რომლებსაც, ინერციით, დღემდე ?ავღანელებს? უწოდებენ. დღევანდელ პროგრამაში სწორედ ქართველ ?ავღანელებთან?ერთად მინდა გავიხსენო ავღანეთის ინტერვენციის პირველი და უკანასკნელი დღეების ქრონიკა.

15 წლის წინ საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც წერტილი დაესვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მსხვილ სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას. საბჭოთა ჯარის ნაწილებთან ერთად ავღანეთის მიწა 15 წლის წინ კობა ჩოხელმაც დატოვა. 101-ე მოტომსროლელმა პოლკმა, რომლის რიგებშიც კობა ჩოხელი ირიცხებოდა, ძირითად სამხედრო კოლონასთან ერთად ქალაქ გერაჩიდან 13 თებერვალს აიღო გეზი. წამოსვლის წინ კი, როგორც ჩემი თანამოსაუბრე იხსენებს, საბჭოთა ჯარისკაცებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ?გადამწვარი მიწის ტაქტიკა? და, სამხედრო სარდლობის ბრძანებით, ყველა საწყობი, შენობა და მატერიალური ფასეულობა გაანადგურეს.

[კობა ჩოხელის ხმა] ?შუაღამისას, სადღაც პირველი-ორი საათისათვის, წამოგვყარეს. დავსხედით ტრანსპორტიორზე, ზოგან ნაღმი ჩავდეთ, ზოგან ავაფეთქეთ ჩვენი დატოვებული საცხოვრებელი. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ამ ბოლო ქმედებებს მსოფლიო პრესა უწოდებდა(რუსულად ამბობს) ?ტაქტიკა ვიჟჟენნოი ვოინი?. ამ ტაქტიკას გერმანელები იყენებდნენ, როცა ტოვებდნენ საბჭოთა ქალაქებს. იგივე გავაკეთეთ ჩვენც. ყველაფერს ვშლიდით და ვანადგურებდით, რათა მათ არ ჩავარდნოდათ ხელში.?



აღსანიშნავია, რომ ავღანეთში სამხედრო კამპანია 1979 წლის ზამთარში დაიწყო, მაშინდელი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ხელმძღვანელობის დადგენილებით, და საბჭოთა პროპაგანდის მიერ ?ინტერნაციონალურ მისიად? მოინათლა, თუმცა პირველსავე დღეებში საბჭოთა კავშირში თუთიის კუბოთი რამდენიმე ასეული ჯარისაკაცის ცხედარი ჩამოასვენეს. ავღანელი მუჯაჰიდები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ წითელი არმიის ნაწილებს. პარტიზანული ბრძოლის ასეთ ტაქტიკას, რომელიც ჩეჩენმა მებრძოლებმა მოგვიანებით რუსეთის ფედერალურ ნაწილებს დაუპირისპირეს, მუჯაჰიდები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირ -ავღანეთის ომის დროს იყენებდნენ. ბესიკ ბერიანიძეს, რომელიც ე.წ. ?ინტერნაციონალური მისიის? ავანგარდში აღმოჩნდა, ავღანელ მუჯაჰიდებთან შეტაკება 1979 წლის გაზაფხულზე მოუხდა. ბესიკ ბერიანიძე იხსენებს, რომ საბჭოთა მეომრები ბრძოლის ასეთ ტაქტიკას არ იცნობდნენ და სუსტად იყვნენ მომზადებულნი:

[ბესო ბერიანიძის ხმა] ?პირველი მსხვერპლი ფარახის მთებში მოგვივიდა - ქალაქია ასეთი, იქ მოხდა. როდესაც დაზვერვის ასეული შევიდა შიგნით სრულიად გაუფრთხილებლად და, რა ვიცი, ნახევარი საათის განმავლობაში მე იქ იმდენი დაჭრილი და დახოცილი ვნახე, რომ ... რამდენიმე დღე საჭმელს პირს ვერ ვაკარებდი, იმდენი სისხლი და ცხედარი ვნახე.?

ქართველ ავღანელთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური მუჯაჰიდებს ახასიათებს როგორც ძლიერ და თავგანწირულ მებრძოლებს და აღიარებს, რომ ავღანელი პარტიზანები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძოდნენ. თუმცა საბჭოთა პროპაგანდა ყოველნაირად ცდილობდა ისე წარმოედგინა საქმე, რომ საბჭოთა ჯარისკაცები ავღანეთში თავიანთი დიადი სახელმწიფოს ინტერესებისთვის წირავენ თავს.

[ნუგზარ კახნიაურის ხმა] ?ძალიან ძლიერი მეომრები იყვნენ, ალალად ვამბობ ამას. თუმცა, ვინც იქ ვიყავით, ასე ვიცოდით, რომ საბჭოთა კავშირს, ესე იგი ჩვენს სამშობლოს, საფრთხე ექმნებოდა, იქ რომ შემოსულიყო ამერიკა ან ნატოს რომელიმე ქვეყანა, რადგან რაკეტებს განათავსებდნენ და ამით საბჭოთა კავშირს მიადგებოდა დიდი ზიანი. თანაც ქართველებს გიორგი მე-12-ის დროს და არაერთხელ უომიათ იქ და ჩვენ ვიცოდით, რომ ცოცხლები ვერ ჩამოვიდოდით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, ისე ვიომოთ, ქართველი კაცის სახელი არ შევარცხვინოთო. თორემ, როგორც ასეთი, პოლიტ-მეცადინოებებზე ოფიცრებს შევკამათებივარ და არაერთხელ დამიმტკიცებია, რომ ავღანელები მართლები იყვნენ.? (სტილი დაცულია)

10 წლიან საბჭოთა ინტერვენციას ავღანეთში ერთი მილიონი ავღანელი და 15 ათასი საბჭოთა სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. 5 მილიონამდე მშვიდობიანი ადამიანი იძულებული გახდა გასცლოდა საბჭოთა ინტერვენციას. 10 წლიანი ომის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაინგრა სასიცოცხლო ობიექტები და მოიშალა ისედაც სუსტი ინფრასტრუქტურა. ამიტომ მთელი სამხედრო კამპანიის განმავლობაში დისიდენტები და უფლებათდამცველები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა კავშირის მიერ გაჩაღებულ სისხლისმღვრელ ომს. 1989 წელს საბჭოთა კავშირის დეპუტატთა სახალხო ყრილობაზე გადასახლებიდან დაბრუნებულმა ცნობილმა დისიდენტმა ანდრეი სახაროვმა ავღანელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ აგრესიაში ბრალი დასდო საბჭოთა ხელმძღვანელობას და დეპუტატებისგან მოითხოვა ამ ფაქტისთვის პოლიტიკური შეფასება მიეცათ. მაშინ სახაროვს უსტვინეს და აიძულეს დაეტოვებინა ტრიბუნა. მაგრამ ფაქტია, რომ სულ მალე საბჭოთა ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს. როგორ შეხვდნენ ამ ცნობას თავად ავღანეთში მყოფი სამხედროები? იხსენებს კობა ჩოხელი, რომელმაც ავღანეთი ბოლო სამხედრო კოლონასთან ერთად დატოვა:

[კობა ჩოხელი] ?იყვნენ უკმაყოფილონიც და იყვნენ კმაყოფილნი და სიხარულით ბედნიერნიც. ბედნიერნი იმის გამო, რომ გამოვიდოდნენ, სახლში დაბრუნდებოდნენ ცოცხლები, ჯანმრთელნი და უვნებლები. ასეთები, რა თქმა უნდა, მეტი იყვნენ. მაგრამ უკმაყოფილონიც იყვნენ ? ომი ხომ ნარკოტიკივითაა: რაც მეტს ომობ, მით მეტი გინდა. მით უფრო, როცა კაცი ახალგაზრდა ხარ და სისხლი გიდუღს. მაგრამ თუ დაფიქრდება ადამიანი, ომში კარგი არაფერია, რა თქმა უნდა.?(სტილი დაცულია)

პატარა საქართველოდან 1979-1989 წლების ავღანეთის საომარ კამპანიაში 130 ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო 6 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ერთი მათგანი, რიგითი არჩილ კოპაძე, ტყვეობის მესამე წლისთავზე დაბრუნდა საქართველოში. დანარჩენების შესახებ კი ინფორმაციის მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცა, 15 წლის შემდეგაც, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები არ კარგავენ იმედს, რომ საბჭოთა ჯარისკაცის ფარაჯით ომში წასული მათი ბიჭი, ადრე თუ გვიან, დაბრუნდება მშობლიურ მიწაზე.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG