Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 10 მლნ. დოლარი გამოუყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 10 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. ამ რესურსის გამოყენება მიკროკრედიტების სახით მოხდება და

არასაბანკო საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით გაიცემა.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და რამდენიმე ამერიკული კომპანია საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტაბილიზაციის და ინსტიტუციური განვითარებისათვის 10 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოს საფინანსო ბაზარზე რამდენიმე წელია გამოჩნდნენ. მათგან რამდენიმემ უკვე შეძლო თავისი სერვისის გაფართოება და კლიენტურის ბაზის გაზრდა. მაგალითად, ფონდი „კონსტანტა", ასევე ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი" უკვე ნაცნობი ინსტიტუტებია, რომელთაც წარმატებით შეძლეს ბაზარზე დამკვიდრება. 19 თებერვალს „შერატონ მეტეხი პალასში" ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციების ინტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს.

პროექტი ოთხწლიანია და მის ფარგლებში 5 მლნ. აშშ დოლარი გამოეყოფა საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათვე გაეწევათ ტექნიკური დახმარება თავიანთი საქმიანობის სტაბილური და მდგრადი განვითარებისათვის. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება სოფლად არსებული საწარმოების და მეწარმე ქალების დაფინანსებას.

პროგრამის მნიშვნელობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე შემდეგნაირად ხსნის:

[ირაკლი მანაგაძის ხმა] „მიკროფინანსების სფეროში საქართველოში სერიოზული პრობლემა არის. დაფინანსების მიღწევა განსაკუთრებით მცირე საწარმოებისათვის პრობლემატურია. პროგრამა ამ სეგმენტის განვითარებას და დაფინანსებას ითვალისწინებს, რათა ეს სეგმენტი გაძლიერდეს. მართალია, საბანკო სექტორი საფინანსო სფეროში ყველაზე განვითარებული სეგმენტია, მაგრამ მცირე კლიენტებისათვის, განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისათვის, კრედიტებისადმი წვდომა რთულია." (სტილი დაცულია)

პროგრამა ითვალისწინებს არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მკაფიო იურიდიული სტატუსის და დაბეგვრის რეჟიმის ხელშეწყობას. შეიქმნება ფინანსური და საბაზრო მონაცემთა ბაზა. შესწავლილი იქნება ბაზრის კონიუნქტურა.

საინტერესოა, რომ, პროგრამის მიხედვით, ყურადღება დაეთმობა გარე მოვაჭრეების მიკროკრედიტებით დაფინანსებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პრობლემების ფონზე, რაც გარე მოვაჭრეებს ბოლო პერიოდში შეექმნათ და მათი სოციალური სტატუსი დღემდე გაურკვეველია.

არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ გავრცელებული ბიზნესია მსოფლიოში და მათ კლიენტურას, ძირითადად, მცირე და ინდივიდუალური მეწარმეები შეადგენენ. საქართველოში ამ ტიპის მეწარმეებისათვის ჩვეულებრივი საბანკო კრედიტები თითქმის მიუწვდომელია. ამ მხრივ, განსაკუთრებული პრობლემებია სოფლად, სადაც საკრედიტო რესურსები, ფაქტობრივად, არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამამ და დაფინანსებამ ამ სეგმენტში არსებული ვაკუუმის ამოვსებას უნდა შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG