Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამოქალაქო მინისტრი გენერლებს პოსტებს ატოვებინებს


საქართველოს პირველმა სამოქალაქო მინისტრმა, თავისი კოლეგების მსგავსად, მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ თანამდებობიდან გადადგომის განცხადება ყველა მოადგილეს და დეპარტამენტის

უფროსს დააწერინა. გელა ბეჟუაშვილი საკადრო წმენდის მტკივნეულ პროცესს სამხედრო ძალების რიცხოვნების ოპტიმიზაციით ხსნის და აცხადებს, რომ ზედმეტი და უსარგებლო საშტატო თანამდებობების გაუქმება შემდგომში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოხდება. თუმცა სამოქალაქო მინისტრს ოპონენტებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ფორსირებული საკადრო ცვლილებების არსებით ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას.


8 გენერალი, 30 მაღალი თანამდებობის ოფიცერი და სხვადასხვა კატეგორიის, დაახლოებით, 500 სამხედრო და სამოქალო პირი - ასე გამოიყურება იმ ადამიანთა არასრული სია, ვისაც თავდაცვის სამოქალაქო მინისტრის სამდღიანი მოღვაწეობის პერიოდში უკვე მოუხდა თანამდებობიდან წასვლა. ამ ტრადიციას 6 წლის წინ საფუძველი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ჩაუყარა , მაგრამ მალე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. კადრების შემცირებით არმიიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეები ითხოვდნენ კანონით განსაზღვრულ სოციალურ გარანტიებს - ერთჯერად ფულად კომპენსაციას, რაც ერთი წლის ხელფასის ტოლფასია და ყველა დავალიანების ანაზღაურებას. სხვებმა კი სასამართლოებს მიაშურეს შრომითი უფლებების დარღვევის გამო. ეს პრობლემები გელა ბეჟუაშვილს, რა თქმა უნდა, წინ ელოდება. თუმცა, თავდაცვის სამოქალაქო მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ადამიანურად ძალიან ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, იგი იძულებული გახდა ბევრი მაღალი რანგის ოფიცრისათვის თანამდებობის დატოვება მოეთხოვა:

[გელა ბეჟუაშვილსი ხმა] "ძალიან რთული მომენტია! მე მესმის იმ ხალხის, რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანა შეიარაღებული ძალების განვითარებაში. უბრალოდ, ჩემი მიდგომა იყო და არის ასეთი: მე ვუხსნი ყველას, რომ ქვეყანას დღეს სჭირდება სულ სხვა მიდგომა და ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ თქვენ ადგილი დაგეთმოთ ახალგაზრდებისათვის. მე, სამწუხაროდ, ყველას ვერ შევხვდი ჯერ, მაგრამ როდესაც დავლაგდებით, ყველას შევხვდები, ვისაც მადლობის თქმა ეკუთვნის. ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც თანამდებობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ უნდა დაელაპარაკოს ჩემი კოლეგა ირაკლი ოქრუაშვილი."

გელა ბეჟუაშვილის თქმით, შემცირების დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კანონით განსაზღვრული სოციალური დაცვის გარანტიები. თუმცა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში დაწყებულ საკადრო წმენდას პირველი ოპონენტი გამოუჩნდა, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" სახით. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მათ უკავშირდება ბევრი სამხედრო და სამოქალაქო პირი, რომლებსაც აიძულებენ დაწერონ განცხადება სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ. თუ რატომ, ამას ირაკლი სესიაშვილი ასე განმარტავს:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "როდესაც საკუთარი სურვილით წერენ განცხადებას, ისინი ვერანაირ კომპენსაციას ვერ მიიღებენ, რადგან სამსახურიდან საკუთარი უფლებით წავიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამშრომლები არ დაწერენ განცხადებას, ცხადია, მათ ეკუთვნით ყველა ის ფულადი კომპენსაცია, რაც დადგენილია კანონით. ამიტომ ხდება ამ ადამიანების უფლებების უგულებელყოფა და მოტყუებით, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, სახლებში გაშვება."


სესიაშვილის თქმით, განცხადებას წერს უკლებლივ ყველა თანამშრომელი, გარდა დამლაგებლებისა, რომელთა სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოუდგენლად გაართულებს ისედაც კეთილმოუწყობელი თავდაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას. დანარჩენები კი, ვის პატაკსაც უკვე ადევს შესაბამისი რეზოლუცია, 2 თვის განმავლობაში ჩვეულებრივ მიიღებენ კუთვნილ ხელფასს, მერე კი, თუ პატრონი არ გამოუჩნდათ, ისინიც სასამართლოს ძალით მოითხოვენ საკუთარ შრომით უფლებებში აღდგენას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG