Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლურ ეკლესიას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს გავლენა პოლიტიკაზე


ზოგიერთი მიმომხილველი შენიშნავს, რომ პოსტ-კომუნისტურ

სამყაროში კვლავ ძლიერია მართლმადიდებლური ეკლესიასა და მთავრობას შორის კავშირი. ყველაზე მეტად კი ამ მხრივ რუსეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს გამოარჩევენ. სულ რაღაც ერთი კვირის წინ რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის სასულიერო პირებს პოლიტიკური პარტიის წევრობა და სახელმწიფო სამსახურში ყოფნა აუკრძალა. რას მოიტანს ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუმცა, შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა მოუტანა ბალნაკეთის ქვეყნებს ეკლესიის ხელისუფლებასთან და ზოგადად, პოლიტიკასთან კავშირმა და რა ვითარებაა ამ მხრივ რუსეთში.

მაშ ასე, რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 12 თებერვალს ათი დღის ვადა მისცა თავის სასულიერო პირებს იმისათვის, რომ მათ გააკეთონ არჩევანი ეკლესიასა და პოლიტიკას შორის.

ეკლესიის გადაწყვეტილებით სასულიერო პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სახელმწიფო სამსახურში ყოფნა.

არქიეპისკოპოსი ბართოლომიუ ანანია ამბობს, რომ რუმინეთის წმინდა სინოდმა ეს გადაწყვეტილება ქრისტიანული ეკლესიის უნივერსალურ მცნებებზე დაყრდნობით მიიღო.

აქამდე, რუმინეთში მღვდელს უფლება ჰქონდა 4 წლითაც კი დათხოვილიყო ეკლესიიდან და პოლიტიკაში ეღვაწა. ახალი წესის თანახმად, სასულიერო პირმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს ტოვებს ეკლესიას, თუ რჩება იქ.

რუმინეთში 15 ათასი მართლმადიდებელი მღვდლიდან 100-ზე ნაკლები მსახურობს სახელმწიფო სამსახურში და მხოლოდ რამდენიმე მონაწილეობს აქტიურად პოლიტიკაში.

ეკლესიას ამ ქვეყანაში უდიდესი გავლენა აქვს, რადგან 22 მილიონიანი მოსახლეობის 87 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანია. წელს რუმინეთში საყოველთაო არჩევნები უნდა ჩატარდეს და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ცდილობს ეკლესიის, როგორც ქვეყნის ყველაზე ნდობით აღჭურვილი ორგანიზაციის მხარდაჭერა მიიღოს.

რუმინელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური მიმომხილველის ზოე პეტრეს აზრით, სასულიერო პირებმა უარი უნდა თქვან პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობის მორალურ მხარდაჭერაზე:

[პეტრეს ხმა]
"თუკი მღვდელი - იქნება ის ორთოდოქსი, კათოლიკე, თუ რეფორმირებული - ოფიციალურად არ შევა რომელიმე პარტიაში, მაგრამ თავის მორალურ ძალაუფლებასა და გავლენას მოახმარს ამა თუ იმ პარტიას, ეს პარტიის წევრობაზე უარესიც კია".

რუმინეთში, ისევე როგორც რუსეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიას კომუნისტურ რეჟიმთან ახლო თანამშრომლობასა და ჩაუშესკუს დროს ეკლესიების განადგურების მიმართ გულგრილობაში სდებდნენ ბრალს.

ყოფილ იუგოსლავიაში მართლმადიდებლური და კათოლიკური კონფესიები, მართალია, არ იყვნენ ასე ახლოს ხელისუფლებასთან, მაგრამ იყვნენ დაყოფილი ეროვნულობის მიხედვით.

სარაევოელი მეცნიერი მარკო ორსოლიჩი აღნიშნავს, რომ რელიგიის ეროვნებასთან გაიგივებამ გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტებში არსებითი როლი ითამაშა:

[ორსოლიჩის ხმა]
"რელიგიები ყოფილ იუგოსლავიაში - კათოლიკური და ორთოდოქსული - არასწორად იქნა გამოყენებული, რადგან ისინი შეესაბამებოდნენ სხვადასხვა ეროვნებებს. განმარტებისთვის - კათოლიკეთა უმრავლესობა ხორვატები არიან, სერბები სერბიის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნებიან. ამგვარი მიკუთვნება ძალიან საშიში აღმოჩნდა ომის დროს. რელიგია ხშირად არასწორად გამოიყენებოდა. ხალხი არ იყო საკმარისად ინფორმირებული. ისინი საკმარისად ძლიერად არ ილაშქრებდნენ ნგრევის, სიძულვილისა და ომის წინააღმდეგ".

ორსოლიჩის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეკლესია ფორმალურად ომის წინააღმდეგი იყო, მათ ძალიან ცოტა გააკეთეს სისხლისღვრის თავიდან აცილებისა, თუ შეჩერებისთვის.

თუმცა, ისტორიკოსი ზოე პეტრე მიიჩნევს, რომ მიუხედავად რელიგიასა და ეროვნებას შორის არსებული მჭიდრო კავშირისა, ყოფილ იუგოსლავიაში სისხლისღვრა ნაციონალისტურმა კომუნისტურმა რეჟიმმა წამოიწყო.

ჩვენი მეორე ექსპერტი მარკო ორსოლიჩი კი ყოფილ იუგოსლავიაში სისხლისღვრის გაჩაღებაში მაინც თავისას მიაგებს ეკლესიას. ორსოლიჩი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ეკლესიის დიდი მცდელობისა, გამიჯნულიყო სლობოდან მილოშევიჩისგან, ეს მან ვერ შეძლო რეჟიმის რეპრესიულობისა და იმის გამო, რომ ფინანსურად სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული. ექსპერტის თანახმად, ვითარება ახლა შედარებით გაუმჯობესდა - ომის შემდეგ ეკლესიამ უკეთესი იმიჯი შეიძინა.

რუსეთში, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ქვეყანაა, კონსტიტუცია არ უკრძალავს სასულიერო პირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. მაგრამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ურჩევს თავის წევრებს თავი პოლიტიკისგან შორს დაიჭირონ და ურჩ სასულიერო პირებს ეკლესიიდან მოკვეთითაც კი ემუქრება.

თუმცა, რუსი ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესია ტრადიციულად ხელისუფლებას ემსახურებოდა. დღეს კი, პიონტკოვსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები ოფიციალურად არ არიან ჩართული პოლიტიკაში, ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციას:

[პიონტკოვსკის ხმა]
"ისინი ძალიან ხშირად ესწრებიან კრემლში მოწყობილ, აგრეთვე პუტინის მხარდამჭერ პარტიათა შეხვედრებს. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტს. ისინი მხარს უჭერენ ხელისუფლებას და ამის სანაცვლოდ ძალიან სერიოზულ ფინანსურ უპირატესობებს ღებულობენ".

რუსი ექსპერტის აზრით, ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ რუსეთის კონსერვატული მართლმადიდებლური ეკლესია შეიცვალოს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG