Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოუ-ბიზნესი - კრიტიკის გარეშე


ამას წინათ ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ერთ-ერთ წამყვანს, ია ვეკუას, ქართული "შოუ-ბიზნესის" მამებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ მხოლოდ იმიტომ,

რომ ჟურნალისტმა კრიტიკულად შეაფასა ერთი პოპულარული ანსამბლის მოღვაწეობა. ქართულმა მედიამ ეს ინციდენტი, ფაქტობრივად, უყურადღებოდ დატოვა. შოუ-ბიზნესი ის სფეროა, რომელსაც დღეს ვერ აკრიტიკებენ. თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობენ. ერთ-ერთია, გაზეთ "ახალი ვერსიის" მუსიკალური კრიტიკოსი ლაშა გაბუნია.

"ახალ ვერსიაში" ლაშა გაბუნიას თავისი სვეტი აქვს. ჯერჯერობით მხოლოდ იგი ახერხებს იქილიკოს იმაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქილიკს და არა სერიოზულ ანალიზს საჭიროებს - იმ ქართულ მუსიკალურ ჰიტებზე, რომელსაც მუსიკისმცოდნეები (და არა მარტო ისინი) "კიტჩად", "პრიმიტიულ კაკაფონიად" ნათლავენ. როგორც აღმოჩნდა, ლაშა გაბუნიას უკვე გამოუჩნდნენ თანამოაზრეები, თუმცა ქართული შოუ-ბიზნესის მამებმა უკვე მოასწრეს მათი დასჯაც:

[ლაშა გაბუნიას ხმა] "პირველ სტერეოზე" მოხდა ამაზრზენი ფაქტი: ჟურნალისტი ია ვეკუა "სოულ-ბენდის" მომღერლების მამებმა ჩაკეტეს ოთახში იარაღის მუქარით, იმიტომ რომ გააკრიტიკა ერთ-ერთი ჯგუფი, "სოულ-ჯგუფი"... ეს ბიჭები კი არა, ამ ბიჭების მამები მოვარდნენ."

ქართულ შოუ-ბიზნესში შექმნილი მდგომარეობა ჩვენში ბევრს აღელვებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ხელშეუხებელი სფეროა... პოპულარულ ვარსკვლავებს ძლევამოსილი "მამები" იცავენ... "მამები", ზოგჯერ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ის მამები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ქართველისთვის ყოველთვის პრესტიჟულ სამყაროში, "ხელოვნების სამყაროში", შეღწევა, მაგრამ იქ თავიანთი შვილები "შეაძვრინეს"... მამა კი რის მამაა, თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი თუ არ დაიცვა (გაგახსენებთ, რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს შორის დღეს სწორედ არასრულწლოვანი გოგონები ჭარბობენ)... და როცა მამა ძალ-ღონით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, დახმარებისთვის იგი "შავ სამყაროს" მიმართავს ხოლმე.

[ლაშა გაბუნიას ხმა] "ყველა ერთმანეთის ახლობელია, ნათესავია და, რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტები, რომლითაც იმოქმედებ ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი უნდა გამოთქვას. ასეთი შემთხვევები ჩემს მიმართაც ყოფილა - ახლობლების დახმარებით ცდილობდნენ გაეჩერებინათ სტატია. "დაპირისპირება სარისკოა. არიან "შავი გაგების" ადამიანები, რომლებიც იარაღს ატრიალებენ."

თუმცა მუსიკალური კრიტიკის პასიურობას ლაშა გაბუნია მხოლოდ და მხოლოდ შიშის ფაქტორით არა ხსნის. "ახალი ვერსიის" ჟურნალისტს მიაჩნია, რომ უხარისხო მუსიკაზე წერა არ შეიძლება აკმაყოფილებდეს ჟურნალისტს, რომელიც თანამედროვე მუსიკითაა დაინტერესებული. ეგრეთ წოდებულ "ალტერნატიულ მუსიკას" კი საქართველოში არა ჰყავს ბევრი მიმდევარი. მით უმეტეს, რომ იმათ, ვინც სამაკორდიან სიმღერებს არ მღერის, ქართველი შოუ-ბიზნესმენების უმრავლესობა ახლოსაც არ იკარებს:

[ლაშა გაბუნიას ხმა] "ჩვენი შოუ-ბიზნესი იმდენად ამაზრზენია, რომ არც საწერია ბევრი, უგემოვნობაზე წერა უაზრობაა."

მაგრამ არ არის უაზრო იმაზე წერა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი უგემოვნო ხალხმა დაიპყრო. საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იქმნება. მოდის ახალი თაობა, რომელიც დამოუკიდებლად, გავლენიანი მამიკოების გარეშე ცდილობს, მუსიკის სამყაროში დამკვიდრებას...

[ლაშა გაბუნიას ხმა] "მე მგონი, ძალიან მალე ეს პრობლემა მოგვარდება, რადგან ეს თაობა, რომელიც ახლა იზრდება, ხედავს, რომ ეს არის სიმახინჯე, ეს არის ყაჩაღობა, რადგან არც ერთი სიმღერა, რომელიც დღეს არის პოპულარული, არ არის შექმნილი "ადგილობრივის" მიერ, არც ერთი არ არის ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი. ყველა არის გადმომღერებული, პირდაპირ მელოდიებია აღებული და გადმოტანილი... ინტერნეტში არიან, რომელიღაც ნაკლებად ცნობილ (ჩვენში "ბოი-ბენდს" უძახიან) სიმღერებს "ათვალიერებენ" და ამბობენ, "მოდი, ეს ხომ არ გავაკეთოთ", "ტექსტს მე დავწერ, ტექსტს რა უნდა"... აი, ასე იწერება სიმღერა."

როცა "გავლენიანი მამიკოები", მართლაც, აღმოჩნდებიან ციხეში და კორუფციას ქვეყანაში ბოლო მოეღება, შოუ-ბიზნესიც დაკარგავს "გამაძღარი ბავშვის" იმიჯს. მიკროფონი პროფესიონალებს დარჩებათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG