Accessibility links

logo-print

"დიდი ვალსი" ბალეტის სანაცვლოდ


29 თებერვალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერა გაიმართა - თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტებმა შტრაუსის ვალსები წარმოადგინეს.

დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ეს მოვლენა, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ოპერის თეატრის საბალეტო დასის უმოქმედობა, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩენილი ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ჯორჯ ბალანჩინის დაბადების 100 წლისთავი, რომელსაც ქართული საზოგადოება არ გამოხმაურებია.

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ, პრეზიდენტთან არსებულმა სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გამოთქვა მზადყოფნა აღინიშნოს ჩვენში დიდი ამერიკელი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის იუბილე. მაგრამ მას შემდეგ ბალანჩინი არავის გახსენებია... გაირკვა მხოლოდ, რომ ზაფხულში შეერთებულ შტატებში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტში, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის დაბადების ასი წლისთავს ეძღვნება, ქართული "ნაციონალური ბალეტის" ანსამბლია მიწვეული... თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასს ვერ მიიწვევდნენ, რადგან დასი უმძიმეს დღეშია. პრემიერა აქ დიდი ხანია არ გამართულა, ბალანჩინისთვის აქ არ სცხელათ.

თუმცა არა ნაკლებ ცუდ დღეშია ოპერის თეატრის საბალეტო დასის "კადრების სამჭედლო" - ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, რომლის დირექტორმა თამაზ ვაშაკიძემ ერთი თვის წინ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ პედაგოგები აქ მხოლოდ ენთუზიაზმით მუშაობენ... სწორედ "ენთუზიაზმით" დადგეს თამაზ ვაშაკიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ჯარჯი ბალანჩივაძემ (ჯორჯ ბალანჩინის ძმისშვილმა) და მხატვარმა ანა კალატოზიშვილმა "დიდი ვალსი" ოპერის თეატრის სცენაზე. იოჰან შტრაუსი და ბალანჩინი, შესაძლებელია, მაინცდამაინც ვერ ქმნიდეს "ჰარმონიას", მაგრამ დღესდღეობით ეს იყო საუკეთესო აქცია იმისათვის, რომ სასწავლებელს ხელისუფლებისთვის თავისი არსებობა გაეხსენებინა... ბალეტის მოყვარულები აღფრთოვანებას ვერ მალავენ: უსახლკაროდ დარჩენილ სასწავლებელში ახალი ვარსკვლავები იზრდებიან... ოპერის თეატრში, სადაც საბალეტო დასი ნელ-ნელა იშლება, მინიმალური სახსრებით ისევ იდგმება ლამაზი, მშვენივრად გაფორმებული სანახაობა. ის ხალხი კი, ვისაც, უბრალოდ, ევალება იზრუნოს ქართული ბალეტის მომავალზე, კომენტარს ისევ არ აკეთებს. უფრო მეტიც, ქორეოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტთა წარმატებამ და პრემიერამ ოპერის თეატრში, შესაძლებელია, ქართული ბალეტის აღმავლობის ილუზია შექმნას... "რატომ ითხოვთ დახმარებას, როცა უფულოდაც მშვენივრად მუშაობთ!" ამგვარი რიტორიკა ტიპიური ხდება არა მარტო ბალეტის, არამედ, მთლიანად, ქართული კულტურის მიმართ დამოკიდებულებაში.
XS
SM
MD
LG