Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი მაჰმადიანი ქართველის ისტორია - ''დამეხმარა ის, რომ მართლა მინდოდა დაბრუნება ჩემს ფესვებთან''


განვაგრძობთ პასუხების ძიებას იმ კითხვებზე, რომლებიც ე.წ. "თურქი

მესხების" პრობლემას უკავშირდება. დღეს კიდევ ერთ ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად მამუკა ხუციშვილთან, რომელიც 1944-ში სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებულთა შთამომავალია. დაიბადა შუა აზიაში. ახლა 40 წლის არის. ის არავის არაფერში ადანაშაულებს. ყველა სირთულე, რაც შეხვდა საკუთარ ხვედრად მიიღო, გადალახა და მიაღწია იმას, რაც მისი წინაპრებისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა - ის ოჯახით საქართველოში დაბრუნდა. ახლა ახალციხეში ცხოვრობს. თუმცა, სჯობს ყველაფერი ეს მისგანვე მოისმინოთ. მანამდე კი სიტყვას ნინო გელაშვილს გადავცემ:

სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით მე და ჩემი რესპონდენტი - მამუკა ხუციშვილი ქართულად ვსაუბრობდით. მერე, რატომღაც, თავად ეუხერხულა, საეთეროდ საკმარისად კარგი ქართული არ ვიციო და ამიტომაც რუსულად არჩია თავისი თავგადასავლის მოყოლა:
-
ბავშვობიდან ვიცოდით, რომ ჩვენები თავის დროზე სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონის სოფელ წახანში ცხოვრობდნენ. როდესაც შუა აზიაში ვცხოვრობდით და გვკითხავდნენ - საიდან ხარ, ვპასუხობდით - ადიგენის რაიონი, სოფელი წახანი და გვარი - ხუციშვილი. ბაბუა ომის დასაწყისში 1941 წელს ფრონტზე წავიდა. დარჩნენ მამაჩემი, მამიდაჩემი და ბებია. ისინი 44-ში გაასახლეს. გაასახლეს უზბეკეთში. ისინი სასწაულით გადარჩნენ. ოჯახში ყოველთვის იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ წარმოშობით ქართველები ვართ, მაჰმადიანები. გვასწავლიდნენ, რომ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, საკუთარი ერი და როდესაც ამის საშუალება გაჩნდა, მე გამომდინარე იმ საფუძვლიდან, რაც მშობლებმა, წინაპრებმა და ბებიამ შემიქმნეს, დავბრუნდი საქართველოში.
-
მამუკა, თუ იყვნენ ისინი ვინმეზე გაბოროტებული - ხელისუფლებაზე, ან ვინმეზე კონკრეტულად?
-
სრულებით არა. საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა რაიმე უბედურება ხდებოდა საქართველოში, ყოველთვის განვიცდიდით. არავითარი გაბოროტება არ იყო. მე თვითონაც ჩამოვედი აქ, შევეჯახე ყველანაირ ბინძურ საუბარს, მაგრამ ჩვენ სიყვარულით აღგვზარდეს.
-
თქვენ რას უწოდებთ საკუთარ თავს?
-
კიდევ გეუბნებით - მე თავს მუსულმან ქართველად ვთვლი.
-
მოდით, ახლა თქვენს პირად ამბავზე გადავიდეთ - როგორ და როდის გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
-
ეს არა მხოლოდ ჩემი, მამაჩემის და ჩემი წინაპრების ოცნებაც იყო. ვსწავლობდი რუსეთში, ვმუშაობდი და როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდა, ჩამოვედი საქართველოში, მოვინახულე ჩემი სოფელი. როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, შევისწავლე მისი კონსტიტუცია და მივხვდი, რომ არსებობს კანონიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, იყო დაბრკოლებები, არ მაძლევდნენ მოქალაქეობას, არ მაძლევდნენ ცხოვრების საშუალებას, იყო ყოველგვარი თავდასხმები, ერთი-მეორე... მაგრამ საქმე ის არის, რომ მართალია ჩვენ არ ვიზრდებოდით საქართველოში და აქაური მენტალიტეტით, მაგრამ მე მინდოდა, რომ ჩემი შვილები სამშობლოში აღზრდილიყვნენ.
1995 წელს ჩამოვედი აქ, როგორც უკვე გითხარით, მოვინახულე სოფელი, შევისწავლე კანონები და საბოლოოდ 1997 წელს გადმოვედი საცხოვრებლად.
-
მამუკა, მე ვიცი, რომ 1996 წელს ძალიან უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როცა ერთ დროს დეპორტირებული და საქართველოში დაბრუნებული ადამიანები საქართველოდან გაყარეს. როგორ მოახერხეთ მაშინ თავის დაღწევა?
-
იცით, ძალიან სერიოზული საკითხია. არ შეიძლება ვინმეს დადანაშაულება, რადგან, გულახდილად რომ ითქვას, აქ ბევრი ძალა მუშაობდა. არც ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩამოვიდა, სურდა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. უნდა გესმოდეს, რომ (და მე ამას ძალიან ფაქიზად ვუდგებოდი) ხალხი აქ ჩვენს წინააღმდეგ იყო მოწამლული. საჭირო იყო მათი გაგებაც, მათთან საუბარიც. მეც მქონდა სირთულეები, თავსაც მესხმოდნენ. ახლაც კი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ, სახურავი სულ დანგრეულია, დიდი ზარალი მომაყენეს. მაგრამ საჭირო იყო ამ ყველაფრის გაგება: ეს ხომ სასაზღვრო ზონაა, გარდა ამისა ხალხს მუდამ ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდნენ. ბუნებრივია, მსგავსი პროპაგანდა მუშაობდა მესხებს შორისაც.
-
ვის - "თქვენს წინააღმდეგ", როგორ აღგიქვამდნენ თქვენ, როგორც ქართველს, თურქს თუ ვის?
-
ინტელიგენცია ყოველთვის ქართველად აღმიქვამდა და სიხარულით მღებულობდა. მაგრამ დღესაც არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენი თურქებად წარმოჩენა. მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში ბევრმა დაინახა, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ქართველებთან - ხასიათით, ყოფით და ა.შ. ერთადერთი, რაც ქართველებისგან განგვასხვავებს, რელიგიაა. მაგრამ ამასაც თუ ნორმალურად, ჯანსაღად მიუდგები, ყველა რელიგია კარგია და თანდათანობით ეს დაბრკოლებაც შეიძლება მოიხსნას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებენ ერთის მხრივ სახელმწიფო, მეორეს მხრივ კი რეპატრიანტები. ახლა ჩვენ აქ ყველა გვიცნობს, კარგად არიან განყობილი. გულახდილად რომ ითქვას, უკვე ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობთ. მე მქონდა, ჯავახიშვილის წიგნები, რომლებსაც ვაკითხებდი აქაურებს და მათ უკვირდათ - როგორ გვატყუებდნენო. აღმოაჩინეს, რომ მესხები მათიანები არიან...
-
მამუკა, მე ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე, რომ თქვენ იყავით ერთადერთი დეპორტირებულთაგან, რომელმაც მოახერხა ყველა აუცილებელი დოკუმენტის შეგროვება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი გაგეკეთებინათ.
-
არა, ერთადერთს არ ვიტყოდი, მაგრამ პირველი, ვინც სამოცი წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი წამოვჭერი. რა თქმა უნდა, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილიც კი მომიხდა. მე მაშინ 50-60 ადამიანს გავუკაფე გზა, მათაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა.
-
რა დაგეხმარათ ამ პროცესში, თქვენი სიმართლე, თუ...
-
ამაზე ბევრი მიფიქრია. ალბათ, დამეხმარა ის, რომ მართლა მინდოდა დაბრუნება ჩემს ფესვებთან. ალბათ, ეს დამეხმარა.
-
მამუკა, თუ შეიძლება, ამიხსენით ერთი რამ: მე ვესაუბრე ადამიანს, რომელიც თქვენსავით დეპორტირებული ოჯახის შთამომავალია და რომელსაც ქართული გვარი აქვს. თუმცა, ის მარწმუნებდა, რომ თურქია და ყველა დეპორტირებული თურქია. როგორც ვიცი, თქვენ საქართველოში დაბრუნებამდე არ იყავით რეგისტრირებული ქართული გვარით. რა ხდება?
-
იცით, ეს აღზრდის საქმეა. მეორე ის, რომ საჭიროა ისტორიის, მსოფლიო ისტორიის კარგად ცოდნა. ბოლოსდაბოლოს ადამიანმა საკუთარი თავი უნდა შეისწავლოს. ჩვენ ხომ ქართული მენტალიტეტი გვაქვს, ფიზიოლოგიურად ვართ ქართველები. ისინი გეუბნებიან, რომ თურქები არიან, არა? მეც მქონია მათთან კამათი და მითქვამს - მითხარი ერთი, რომელი თურქული ტომიდან ხარ წარმოშობით? ისინი ვიწროდ იხედებიან - მხოლოდ დღევანდელი და გუშინდელი დღით სჯიან. ეს არის საკითხი, რომლის გასაგებადაც, სულ ცოტა, ათასი წლის ისტორიას უნდა გადახედო. მე არ ვიცი ეს ხალხი რას ემყარება.
-
მაგრამ ასე საკმაოდ ბევრი ფიქრობს.
-
ბევრი ფიქრობს იმიტომ, რომ საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა ჩვენს გათურქებას. ასეთი რამ საბჭოთა კავშირამდეც იყო. 300 წელიწადი მიმდინარეობდა ჩვენი გათურქების პოლიტიკა. მესხები საწყალი ხალხია, რადგან აკლიათ განათლება, არ ყავთ გამოჩენილი მეცნიერები. საიდან უნდა ჰქონდეთ მათ მოვლენათა სწორი გაგება? დღესაც, ვინც რას ეტყვის, იმას იმეორებენ. ტერმინი "თურქი მესხიც" 1989 წელს გაჩნდა. ისინი ხომ ამაზე არ ფიქრობენ, თავიანთი ოჯახური, ყოფითი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი.
-
ჩვენი საუბრის დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ ქართულად ვსაუბრობდით, თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხი არ არის დამნაშავე ამ გაუგებრობაში.
-
მე გეტყვით ერთ რამეს - ბოლო 60 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე თბილი დამოკიდებულება ყოფილა ჩვენს მიმართ? - არა. აი, მე ჩამოვედი და ძალიან დიდი სურვილი რომ არ მქონოდა, რომ ჩემს შვილებს მომავალში სულიერ-მორალური ფასეულობები ჰქონოდათ, ვერ გავუძლებდი ასეთ შევიწროებას. აგერ უკვე სამი წელია ვცდილობ, რომ ჩემს მშობლებს პენსია დაუნიშნონ როგორც რეპრესირებულებს. მოსამართლეები გადაჭრით უარსაც ვერ მეუბნებიან, თუმცა, უკვე მეოთხე წელია და თავხედურად, ყველა გზით კი ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას.
-
თქვენ ოჯახით დაბრუნდით არა? მე ვიცი, რომ იქ და გყავთ.
-
დიახ, მთელი ოჯახით: სამივე ძმა, მშობლები და და.
-
თქვენ ორი შვილი გყავთ არა?
-
არა, სამი: ორი გოგო და ერთი ბიჭი, რომელიც აქ დაიბადა - დავით ხუციშვილი.
-
დანარჩენებს რა ქვიათ?
-
აიდა და ზაირა.
-
სად სწავლობენ ახლა?
-
ქართულ სკოლაში.
-
მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს მოაგვარებს ამ პრობლემას. საქმე ის არის, რომ თუკი ადამიანს არ გააჩნია სულიერ-მორალური, ისტორიული ფასეულობები, მისი ცხოვრება ცხოველისას ემსგავსება. იმისათვის, რომ ჩემი შვილებისთვის ეს ფასეულობები შემენარჩუნებინა, ყველანაირ ტანჯვას გავუძელი და ჩამოვედი. რა თქმა უნდა, ყველა ასე არ ფიქრობს და ყველა ვერ შეძლებს იმის გადატანას, რაც მე გადავიტანე. ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა მიბრუნდეს ამ ხალხისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად ქართველი ხალხის აღზევებისთვის. საქმე ის არის, რომ როცა შენი ხალხი სადღაც იტანჯება და მას ავიწროვებენ, ასეთი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემით არავინ განეწყობა. ამიტომ, საქართველო არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ მორალურადაც უნდა აღდგეს. ვისურვებდი, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეძლოს ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრა. ასეთია ჩემი სურვილი, რადგან მე თავს უკვე საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ და სრულყოფილ ქართველად ვთვლი. მე პრობლემები აღარ მაქვს. ჩემი შვილები შესანიშნავად ფლობენ ქართულს. მე, მართალია, ლიტერატურულ ქართულს ვერ ვფლობ, მაგრამ ყოფით დონეზე ენობრივი პრობლემები არ მაქვს. მე ჩემს პრობლემებს თავად მოვაგვარებ. ახლა სახელმწიფოზე შემტკივა გული. მინდა რომ ეს საკითხი მოგვარდეს და ქართველი ერი აღორძინდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG