Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პავლო ლაზარენკოს სასამართლო პროცესი


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს 15 მარტს, სან-ფრანცისკოში, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პავლო ლაზარენკოს სასამართლო პროცესი დაიწყო.

წაყენებული ბრალდების თანახმად, ლაზარენკომ სულ ცოტა114 მილიონი დოლარი მიითვისა უკრაინაში, ხოლო შემდეგ ამერიკის ბანკებში გადარიცხვით სცადა ამ თანხის გათეთრება.

პავლო ლაზარენკო აცხადებს, რომ სულაც არ ესაჭიროება გათეთრება თანხისა, რომელიც კანონიერი გზითა აქვს მიღებული. და თუ ასეა, ამბობენ გამომძიებლები, მაშ რატომ ჩავიდა ბატონი ლაზარენკო შეერთებულ შტატებში 1999 წელს, თანაც ყალბი პასპორტით, რომელიც პანამაშია გაცემული? გამოძიება იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ანალოგიური ბრალდება ლაზარენკოს 4 წლის წინათ წაუყენა შვეიცარიის სასამართლომ და დაუსწრებლად, 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზოგიერთი მონაცემებით, ლაზარენკომ ერთ მილიარდამდე დოლარი მიითვისა უკრაინაში ათი წლის წინათ განხორციელებული პრივატიზაციის დროს. ლეონიდ კუჩმამ იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა 1996 წელს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადააყენა, როცა ლაზარენკომ გადაწყვიტა კუჩმას დაპირისპირებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

1999 წელს ლაზარენკომ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა შეერთებულ შტატებში და განაცხადა, რომ მოკვლის მიზნით სამჯერ მოხდა მასზე ევროპაში თავდასხმა. ხოლო კუჩმას მთავრობამ უკრაინიდან ფულის უკანონო გატანაში დაადანაშაულ ლაზარენკო. იმავროულად, სამართალდამცავ უწყებათა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკაში განაცხადეს, რომ ხელთა აქვთ მტკიცებულებები ლაზარენკოს მიერ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.

სულ მალე ლაზარენკომ შეერთებული შტატების ფედერალურ ციხეში ამოყო თავი. იგი ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა 86 მილიონი დოლარი გადაიხადა გამოსასყიდის სახით, მაგრამ საქმის დამთავრებამდე აუკრძალეს ამერიკიდან წასვლა.

სან-ფრანცისკოში ორშაბათს დაწყებულ სასამართლო პროცესზე ლაზარენკომ განაცხადა, რომ მილიონობით დოლარი კანონიერი გზითა აქვს მიღებული, რაც კუჩმას თანხმობით მოხდა.

საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის ექსპერტი ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებში ანდერს ოსლანდი,
1994-დან 1997 წლის ჩათვლით უკრაინის მთავრობის მრჩეველი იყო საფინანსო საკითხებში. როგორც ოსლანდი აღნიშნავს, როცა კუჩმამ პრემიერ-მინისტრად დანიშნა ლაზარენკო, ეს უკანასკნელი ყველაზე კორუმპირებული მოხელის რეპუტაციით სარგებლობდა მთელს უკრაინაში, და ამდენად, კუჩმას გადაწყვეტილებას არ ჰქონდა არანაირი გამართლება [ანდერს ოსლანდის ხმა]: "კუჩმა ვერაფრით გაიმართლებს თავს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრად დანიშნა ადამიანი, რომელიც ყველაზე კორუმპირებულ პირად იყო მიჩნეული ქვეყანაში, თანაც ეს, ლაზარენკოს დანიშვნამდე ფართოდ იყო ცნობილი".

ოსლანდის თქმით, ალბათ გაძნელდება იმის დამტკიცება, რომ ლაზარენკომ უკრაინის კანონი დაარღვია, ვინაიდან საქმე ეხება ათი წლის წინანდელი პრივატიზაციის პერიოდს, როცა საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ უკრაინაში ახალი კანონმდებლობა ყალიბდებოდა [ანდერს ოსლანდის ხმა]: "კანონმდებლობა, მაშინ, უკრაინაში, არასრულყოფილი და წინააღმდეგობრივიც იყო. ერთის მხრივ, შეიძლება იმის თქმა, რომ ვერაფერს გააკეთებდით ლეგალურად, რადგან ყველა კანონი წინააღმდეგობრივი იყო. მეორეს მხრივ, შეგიძლიათ იმის მტკიცებაც, რომ არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან კანონმდებლობა აბსოლუტურად დაუსრულებელი იყო".

გამოძიებას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ კორუმპირებულია კუჩმას მთავარი პოლიტიკური ოპონენტი და ლაზარენკოს პოტენციური თანამზრახველი იულია ტიმოჩენკოც. ათი წლის წინათ, როცა იგი უკრაინის მთავარ ენერგოკომპანიას ხელმძღვანელობდა, ტიმოშენკო ფულის კეთებაში დაეხმარა ლაზარენკოსა და ამ უკანასკნელის პარტნიორებს, რისთვისაც თავისი გაზის კომპანიისთვის სარფიანი გარიგებები მიიღო.

ტიმოშენკო მოადგილე იყო ვიქტორ იუშჩენკოსი, როცა ამ უკანასკნელს მცირე ხნით მოუხდა კუჩმას დროს მთავრობის ხელმძღვანელობა. იუშჩენკო კენჭს იყრის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, და გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მიმომხილველები მოელიან, ტიმოშენკოს დანიშნავს პრემიერ-მინისტრად. ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგზე შესაძლოა არსებითი ზეგავლენა იქონიოს იმ ჩვენებებმა, რითაც მოწმეები გამოვლენა პავლო ლაზარენკოს სასამართლო პროცესზე.
XS
SM
MD
LG