Accessibility links

ვინ არიან ''ჰამასის'' ახალი ლიდერები?


პალესტინელთა ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" ახალი ლიდერი ან, უფრო ზუსტად, ახალი ლიდერები ჰყავს. ისრაელის არმიის მიერ ორგანიზაციის სულიერი ლიდერის,

შეიხ აჰმედ იასინის ლიკვიდაციის წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ "ჰამასის" მეთაურობა ორ ადამიანს დაეკისრა: ღაზის სექტორში ჯგუფს აბდელ აზიზ რანტისი უხელმძღვანელებს, ხოლო ორგანიზაციის "მსოფლიო თავკაცად" ხალედ მაშალი დაასახელეს.

ვიდრე "ჰამასის" ახალ ხელმძღვანელებზე ვისაუბრებდეთ, შეგახსენებთ პალესტინელთა ექსტრემისტული ორგანიზაციებისადმი ისრაელის დამოკიდებულებას, რომელიც არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც შეიხ იასინის მკვლელობას მსოფლიო თანამეგობრობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ეს შეუვალი პოზიცია იასინის მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა მოშე იაალონმა.

[მოშე აალონის ხმა] "ჩვენი თვალსაზრისით, ტერორისტული ინფრასტრუქტურისთვის თავის მოკვეთა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია."

როგორც ამ განცხადებითაც ჩანს, ისრაელის მთავრობა სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს. თავის მხრივ, არც შეიხ იასინის მემკვიდრეები აპირებენ "ჰამასის" მოღვაწეობის შერბილებას. პირიქით, ღაზაში გამართულ მიტინგზე შეკრებილთ აბდელ აზიზ რანტისიმ უთხრა, რომ "ჰამასი" ახლა ერთ მუშტად უნდა შეიკრას. "ჩვენ უნდა გავერთიანდეთ წინააღმდეგობის სანგრებში. არ დავნებდებით და უკან არ დავიხევთ ისრაელის ტერორის წინაშეო" - უთხრა გამომსვლელმა მომიტინგეებს.

54 წლის აბდელ აზიზ რანტისიმ, პროფესიით ექიმმა, შვიდი წელი ისრაელის ციხეებში გაატარა. 1992 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის და "ჰამასის" რამდენიმე ასეული სხვა წევრი ლიბანში გადაასახლეს. შარშან, ივნისში, იგი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, როცა ისრაელის შვეულმფრენებმა მის მანქანას სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. იმ თავდასხმის შემდეგ რანტისიმ პალესტინელებს ამ მგზნებარე სიტყვით მიმართა:

[აბდელ აზიზ რანტისის ხმა] "უნდა გვახსოვდეს, რომ პალესტინელი ხალხი, არაბული სამყარო და მუსლიმური სამყარო გამარჯვებული უნდა იყვნენ. ღირსების საკითხია, შევებრძოლოთ იმათ, ვინც ჩვენივე სახლებში დაგვესხა თავს. ჩვენ, ჰამასელები, იარაღს არ დავყრით, თუნდაც ყველა ლიდერი მოგვიკლან. იარაღს არ დავყრით. პალესტინელი ხალხისთვის ეს ერთადერთი გამოსავალია. ეს არის ერთადერთი იმედი, გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და ოკუპაციის მონობიდან დავიხსნათ ჩვენი ხალხი."

აბდელ აზიზ რანტისისა არ იყოს, ისრაელთან ყოველგვარი მოლაპარაკების წინააღმდეგია "ჰამასის" მეორე ლიდერიც: 50-ს მიღწეული ხალედ მაშალი, რომელიც სირიაში ცხოვრობს და "ჰამასის" საქმიანობას დამასკიდან ხელმძღვანელობს. მაშალი პროფესიით ფიზიკის მასწავლებელია. 1997 წელს ისრაელის საიდუმლო სამსახურმა, მოსადმა, მოწამლული ისრის გამოყენებით მისი მოკვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. შეიხ იასინზე თავდასხმის შემდეგ ხალედმა განაცხადა, რომ "ჰამასის" მებრძოლები შურს იძიებენ თავიანთი სულიერი ლიდერის მოკვლისთვის. ვიწყებთ ნადირობას მსხვილ სიონისტთა თავებზეო - თქვა ხალედმა და, როცა შესაბამისი კითხვით მიმართეს, დასძინა, პრემიერ-მინისტრ შარონის ჩათვლითო.

პალესტინელი ექსტრემისტების მისამართით ამავე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლებიც. აი, რა თქვა სამშაბათს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა:

[სილვან შალომის ხმა]: "გვინდა დავიჯეროთ, რომ იასინის მკვლელობა საკმარისად ძლიერი ნიშანია, ძლიერი სიგნალია ყველა ექსტრემისტისთვის, რომ ამიერიდან ისინი ვერსად იგრნობენ თავს უსაფრთხოდ."

იასინის მკვლელობაზე ვაშინგტონის რეაქცია ფრთხილი იყო. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს მხოლოდ თავშეკავებისკენ მოუწოდა. "ჰამასის" წარმომადგენელმა თავიდან განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია ვაშინგტონს ნაწილობრივ პასუხისმგებლად მიიჩნევს შეიხ იასინის მკვლელობისთვის. თუმცა, პალესტინელთა ტერიტორიებზე სამშაბათს მოწყობილ მიტინგებზე გამომსვლელები შურისძიებით მხოლოდ ისრაელს ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG