Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხი და არჩევნები


არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები მოსახლეობას, ტრადიციულად, მიწიერი სამოთხის აშენებას ჰპირდებიან. საარჩევნო სუბიექტები, ხმის მიცემის სანაცვლოდ, პენსიებისა და ხელფასების გაზრდის,

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეების დასჯის პირობას დებენ. არჩევნებში მონაწილე ყველა, მეტ-ნაკლებად სერიოზული, ორგანიზაცია ასევე ვალდებულად თვლის თავს სააგიტაციო მასალაში მნიშვნელოვანი ადგილი სიღარიბის აღმოფხვრის თემას დაუთმოს. დაპირებების უხვად გამცემ პოლიტიკოსებს რამდენიმე ოჯახის მაგალითზე მინდა ის ადამიანები შევახსენო, ვისი ფიზიკური არსებობაც, დიდწილად, პოლიტიკოსთა დანაპირების ასრულებაზეა დამოკიდებული.

ალბათ, მიხვდით: ჩემი რესპონდენტები ის ადამიანები არ არიან, ვისაც შინ, ბინაზე, ეწვევი. ისინი უმეტეს დროს ქუჩაში, ღია ცისქვეშ ატარებენ. მათი ერთი ნაწილი მოწყალების გაღებას ითხოვს, ნაწილი კი თავს, აი, ამგვარი შრომით ირჩენს:

[ისმის სიმღერა და გარმონის ხმა]

44 წლის გიორგი უსინათლოა. იგი რუსთაველის მოედანზე ხანდაზმულ დეიდას დილით მოჰყავს და მუშაობის დასრულებამდე ქუჩაში ერთად რჩებიან. ჩემი მცდელობა გავსაუბრებოდი მათ, უშედეგოდ დასრულდა. სამარცხვინოდ ისიც გვეყოფა, ამდენი ხალხის თვალწინ შუა ქუჩაში რომ ვყრივართო, მითხრა მოხუცმა ქალბატონმა.

მისგან განსხვავებით, შედარებით სიტყვაუხვი გამოდგა ნატალია ოგანეზოვა, რომელიც 16 წლის ქალიშვილ ალიონასთან ერთად მოწყალებას ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ითხოვს. ჩემი რესპონდენტი ლტოლვილია. 1989 წლის სპიტაკის მიწისძვრამ მისი ოჯახის არაერთი წევრი, მათ შორის, მეუღლეც იმსხვერპლა.

[ნატალია ოგანეზოვას ხმა] "ნათესავებიდან თითქმის აღარავინ დამრჩა. ერთი და მყავს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, მაგრამ მისი მისამართიც კი არ ვიცი. ზამთრობით გვიჭირს ხოლმე, წელსაც ძალიან შეგვცივდა. კათოლიკურ ეკლესიაში დავდივართ, სადაც სისტემატურად გვეხმარებიან: ხან ტანსაცმელს გვაძლევენ, ხანაც - საკვებს."

16 წლის ალიონა სკოლაში არ დადის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იცის, რომ სულ მალე საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ მის ყოფაზე ეს მოვლენა სასიკეთოდ აისახება.



მისგან განსხვავებით, 29 წლის ელმირა ჭედელაშვილს, რომელიც 3 წლის ავადმყოფ შვილთან, დათოსთან ერთად ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, ერთადერთი მიხეილ სააკაშვილის იმედი აქვს:

[ელმირა ჭედილაშვილის ხმა] "რა ვიცი, აღარაფრის იმედი აღარა მაქვს. მარტო ერთადერთი მაქვს დიტოს იმედი და სააკაშვილის იმედი."(სტილი დაცულია)

ქალბატონის თქმით, სამი წლის ბიჭუნას თავში სიმსივნე აქვს და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს შესაძლებლობა არ აქვს, პატარა ბიჭი დღის უმეტეს ნაწილს, საავადმყოფოს ნაცვლად, ქუჩაში ატარებს.

[ელმირა ჭედილაშვილის ხმა] "აი, სახლის დალაგებაც შემიძლია, უსინათლოთა დასახლებაში "კრიშკებშიც" მინდა ვიმუშაო, მაგარამ ამას ვინ უპატრონებს. ცუდადა ხდება და ვარდება. გუშინ ქალები რომ არ ყოფილიყვნენ, მე, ალბათ, ბავშვი მომიკვდებოდა, გონებას კარგავს ხოლმე."(სტილი დაცულია)

14 წლის ვაჟა კი 51-ე სკოლასთან მუშაობს. იგი არასრულწლოვანია და 28 მარტის არჩევნებში ამის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იმედი აქვს, რომ მომავალ არჩევნებს კვლავ ქუჩაში და კვლავ დოლით ხელში არ შეხვდება.

[ისმის სიმღერისა და დოლის ხმა]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG