Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრომ მინისტრთა კაბინეტს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი შესთავაზა


საქართველოში აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება და ჩრდილოვანი ბიზნესის აყვავება, ძირითადად, მოქმედი საგადასახადო კოდექსის დამსახურებაცაა.

მის შეცვლას ორიოდე წლის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მრეწველთა პარტია შეეცადა, მაგრამ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ მივიწყებას მიეცა. ახლა კი ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტი მოამზადა, რომელიც 31 მარტს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს. რით განსხვავდება ახალი პროექტი მოქმედი ან პირველი მოსმენით მიღებული კოდექსისგან?

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ცნობილი ქართველი ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი საგადასახადო კოდექსის პროექტი, მთელი რიგი გადასახადების გაუქმებასა და ძირითადი გადასახადების ლიბერალიზაციასთან ერთად, მათ თვისებრივ ცვლილებასაც ითვალისწინებდა. საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი 2003 წლის დასაწყისში პირველი მოსმენით მიიღო. ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ კანონპროექტის მიმართ სიმპათიებით არც 2 წლის წინ, მისი შემუშავების დროს, გამოირჩეოდა და, მით უმეტეს, არც ახლა სწყალობს პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს.


ზურაბ ნოღაიდელის უწყებამ საგადასახადო კოდექსის საკუთარი პროექტი ისე შეიმუშავა, რომ ის, სამინისტროს თანამშრომელთა ვიწრო წრის გარდა, თვალით არავის უნახავს.

[ბონდო ზარნაძის ხმა] "არა, ამ პროექტს ჩვენ არ ვიცნობთ, არ ვიცნობთ. მე არ ვიცი, რა უნდა ითქვას ამის შესახებ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ვისთვისაც იწერება ეს საგადასახადო კოდექსი, ბუნებრივია, მის პროექტს, პირველ რიგში, ის უნდა გაეცნოს, ხო?"(სტილი დაცულია)

ეს კითხვა ჩემთან საუბრისას დასვა მეწარმეთა კავშირის ლიდერმა ბონდო ზარნაძემ. მე ამავე კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ზურაბ ანთელიძეს მივმართე.

[ზურაბ ანთელიძის ხმა] "ყველას მიეცემა აბსოლუტურად საშუალება იმის, რომ გამოთქვას თავისი აზრი და გამოხატოს თავისი პოზიცია, თავისთავად ცხადია, მუშაობის პროცესში, ასევე - უკვე დოკუმენტი რომ შეიკვრება. ნუ, შეკრულია. უბრალოდ, მიმდინარეობს დახვეწა ცალკეული დებულებების..." (სტილი დაცულია)

თუმცა, თუ დოკუმენტი უკვე "შეკრულია", როგორც ბატონი ზურაბი ამბობს, ბიზნესმენთა თუ საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენელთა აზრის გამოთქმა ნაკლებად თუ რამეს შეცვლის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პროექტი უკვე მინისტრთა კაბინეტის სხდომის განხილვის საგნად იქცა. ნოღაიდელმა კაბინეტის სხდომის შემდეგაც საიდუმლოდ შეინახა საკუთარი პირმშოს დადებითი მხარეებიც კი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "მთავრობას ჯერ არ აქვს ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული. ამიტომ თავად დოკუმენტს არ წარმოგიდგენთ, არც მოკლედ არ გეტყვით, სანამ ძირითადი საკითხები არ იქნება შეთანხმებული."

როგორც ცნობილი გახდა, ნოღაიდელს ნამუშევარი ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა დაუწუნა და განაცხადა, საგადასახადო კოდექსი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი უნდა იყოსო. მეწარმეთა კავშირის ლიდერის ბონდო ზარნაძის განცხადებით, სწორედ ასეთ კოდექსს მოითხოვენ წვრილი თუ მსხვილი ბიზნესმენები:

[ბონდო ზარნაძის ხმა] "ჩვენ გვჭირდება ფეხზე დაყენება. დაცემულია ჩვენი ეკონომიკა და დაცემულ ეკონომიკას ისეთი დაბალი საგადასახადო ტვირთი უნდა დააკისრო, რომ, აი, ამ დასუსტებულმა ზიდოს ეს საგადასახადო ტვირთი. "
XS
SM
MD
LG