Accessibility links

logo-print

გაამართლებს თუ არა თბილისში წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი


აპრილიდან თბილწყალკანალი თელასის მიერ გაკვალული გზით ივლის. საუბარია ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც თბილწყალკანალის აბონენტები წყლის საფასურს თელასის

სერვის-ცენტრებში გადაიხდიან. ამასთან, დედაქალაქის წყალმეურნეობა ყოველთვიურ ფინანსურ მოვალეობებს თბილისელებს მკაცრად შეახსენებს სპეციალური ქვითრით, რომელიც კარდაკარ თელასის ქვითრებთან ერთად დარიგდება. ბევრმა აბონენტმა თბილწყალკანალის ქვითრები უკვე მიიღო და მათში შეცდომებიც აღმოაჩინა. კომპანია შეცდომების გასასწორებლად დროს ითხოვს.

(ისმის წყლის ხმა)

ლარისა კიკნაძის ოჯახს, ბევრი თანამოქალაქის მსგავსად, წყლის საფასურის გადახდის ქვითარი ჯერ არ მიუღია და აპრილის ამ ინოვაციის შესახებაც არაფერი სმენია. თუმცა მისი აზრით, ეს სიახლე ნამდვილად მისასალმებელი იქნება, თუკი აბონენტები სინათლისა და წყლის ქვითრებს ერთდროულად მიიღებენ და მათი ერთ ჯერზე გადახდის შესაძლებლობა მიეცემათ:

(ლარისა კიკნაძის ხმა) "თუ ერთდროულად მოვა, სინათლის ფული ხომ უნდა გადავიხადო და იმასთან ერთად ამასაც გადავიხდი. ყველაზე ნორმალურია, ყველა გადასახადი მოვიდეს ერთდროულად, რომ ერთხელ წახვიდე და ყველა გადაიხადო."

სხვა გადასახადებზე ვერაფერს იტყვის, მაგრამ სინათლისა და წყლის საფასურის ქვითრების ერთად მიღების პირობას დებს თბილწყალკანალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ჯელია. თუმცა ის აბონენტებს ასე ერთად მიღებული ქვითრების ცალ-ცალკე გადახდის შანსსაც შეახსენებს:

(გოჩა ჯელიას ხმა) "ეს ქვითრები მოვა ერთად. თუკი მოინდომებენ, გადაიხდიან ერთად; თუკი ჩათვლიან საჭიროდ, რომ გადაიხადონ თელასის გადასახადი და, ვთქვათ, 2 დღის შემდეგ - წყალკანალის გადასახადი, არც ეს იქნება პრობლემა."

წყლის გადასახადის ამოღების ახალ სისტემას ასევე მიესალმება ჩემი მეორე რესპონდენტი. ნინო ნაფეტვარიძე მოხარულია, რომ სახლმმართველთა უდროო დროს სტუმრობას გაცილებით ცივილიზებული მეთოდი შეცვლის:

(ნინო ნაფეტვარიძის ხმა) "ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია. ადრე მოდიოდა სახლმმართველი - ეს, ძირითადად, ღამის საათებში ხდებოდა - და ის იღებდა ფულს. ეს ჩემთვის მოუხერხებელი იყო, რადგანაც პატარა ბავშვი მყავს და იმ დროს მოდიოდა, როდესაც მე მას ვაძინებდი."

აშკარაა, რომ თბილწყალკანალის ინოვაცია დასახვეწია და ამას ნინო ნაფეტვარიძის ოჯახში მოსული ქვითარიც მარტივად ადასტურებს. საქმე ის გახლავთ, რომ ოჯახის 4 წევრიდან ის მხოლოდ ორ წევრს ითვალისწინებს:

(ნინო ნაფეტვარიძის ხმა) "ვართ ოთხნი, ქვითარი კი მოვიდა ორზე."

არადა, წყლის საფასურის დაანგარიშება მოსახლეობისათვის სწორედ სულადობის მიხედვით ხდება და სულზე ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. გამოდის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის წყალმეურნეობამ ორი ლარი და 40 თეთრი წააგო. თუმცა, როგორც გოჩა ჯელია განგვიმარტავს, ამგვარი შეცდომები დროებითია და თანდათან ყველაფერი გამოსწორდება:

(გოჩა ჯელიას ხმა) "ზოგან სწორად არ არის მითითებული სულადობა. ამის სრულყოფას ჩვენ ვაგრძელებთ და შემდეგი თვის ქვითრებში ყველა ციფრი იქნება დაზუსტებული."

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოვალეებით შეწუხებული თბილწყალკანალი გადასახადების აკრეფის მართებულ გზას დაადგა. გაჩნდა იმედი, რომ მიმდინარე გადასახადის გარდა, დედაქალაქის წყალმეურნეობა (მოსახლეობისა და ორგანიზაციებისგან) ძველი დავალიანების, 45 მილიონი ლარის, თანდათან ამოღებასაც მოახერხებს. არც ის არის შემთხვევითი, რომ მეგობრად და მოკავშირედ თბილწყალკანალმა ამ მხრივ დიდად გამოცდილი თელასი აირჩია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG