Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 536-ე გამოშვება



მარიამ ჭიაურელი:
ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ გამოშვებას აჭარის კრიზსზე საუბრით დავიწყებთ. შემდეგ გიამბობთ, როგორ აღინიშნა საქართველოში წიგნის დღე, მოგითხრობთ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც პრაღაში გაიმართა. ბოლოს კი ჰიმნებზე ვილაპარაკებთ: საქმე ის არის, რომ ჰიმნისადმი ინტერესმა ბოლო ხანს არა მარტო საქართველოში იმატა. ბევრს ლაპარაკობენ ევროპის ჰიმნზეც, თუმცა საქართველოსაგან განსხვავებული მიზეზით. პრაღაში გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]

აჭარის კრიზისთან დაკავშირებული მოსაზრებები

წამყვანი:
რა დამოკიდებულებას ავლენენ აჭარის კრიზისის მიმართ საქართველოს საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან დაკავებულნი პოლიტიკური საქმიანობით და მხოლოდ თავის პროფესიულ სფეროში მუშაობენ? რას ფიქრობენ ისინი ცენტრისა და რეგიონის პოლიტიკაზე, კრიზისის მოწესრიგების პერსპექტივაზე? და კიდევ ერთი საკითხია მეტად მნიშვნელოვანი - რამდენად სერიოზულ საფრთხეს შეიცავს აჭარის კრიზისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის? ამის გასარკვევად გიორგი კაკაბაძე გაესაუბრა საქართველოს არაპოლიტიკური წრეების ზოგიერთ წარმომადგენელს.

გიორგი კაკაბაძე, თბილისი:
ისტორიკოს დავით აბაშიძის აზრით, აჭარის კრიზისი ამჟამად არ შეიცავს იმგვარ საფრთხეს, როგორც ეს შეიძლება ყოფილიყო 1992-93 წლებში ან ცოტა უფრო ადრე. მისი განმარტებით, საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკის აქტიური სუბიექტია და ის დაინტერესება, რომელსაც ქვეყნისადმი დასავლეთი იჩენს, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად გვევლინება:

[აბაშიძის ხმა] "მაგრამ მაინც არის გარკვეული საფრთხე, რომლის იგნორირება არ შეიძლება - ესაა რუსეთის ფაქტორი: ბათუმში რუსეთის ბაზის ყოფნა და ის უძრავი ქონება, რომელიც რუსეთს დააბანდებინა აჭარის ხელისუფლებამ და რომლის დამცველადაც შეიძლება რუსეთი გამოვიდეს, ისევე როგორც თავისი მოქალაქეების დამცველის როლში. მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამან რაიმე სერიოზული და მძიმე შედეგები გამოიღოს."(სტილი დაცულია)

ისტორიკოსის შეფასებით, ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა რეგიონის მიმართ სავსებით მართებულია, ოღონდ, მისი თქმით, ცენტრმა მეტი თანმიმდევრულობა უნდა გამოიჩინოს და კანონთან სრულ შესაბამისობაში უნდა იმოქმედოს.

დავით აბაშიძე ამბობს, რომ დღეს აჭარის ლიდერს, წინა პერიოდთან შედარებით, მანევრირების მცირე შესაძლებლობები აქვს და სწორედ ეს განსაზღვრავს მის პოლიტიკას, რომელიც ცენტრთან კონფრონტაციაზეა აგებული:

[აბაშიძის ხმა] "გასაგებია, რომ ის იბრძოლებს თავის გადარჩენისთვის. რასაკვირველია, ისე არ გამოვა, რომ მას უთხრან, მოდი ჩაგვბარდი და ისიც თავისი ფეხით მივიდეს სახრჩობელამდე."

კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით ისტორიკოსი ამბობს, რომ, უპირველესად, გადასაწყვეტია ავტონომიის საბოლოო სტატუსისა და უფლებათა ჩამოყალიბებისა და გამიჯვნის პრობლემა:

[აბაშიძის ხმა] "როგორც ეს მოხდა ევროპაში. ცენტრი და რეგიონი როგორც არიან გამიჯნული და თვითმმართველობაში რაც შედის და რა ფუნქციებიც აქვს თვითმმართველობას, ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს და დაზუსტებული."

მწერალი თამაზ ვასაძე მიიჩნევს, რომ აჭარის კრიზისი ორნაირ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. მისი თქმით, თუ ცენტრსა და რეგიონს შორის დამოკიდებულება ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო, მაშინ ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის სისრულეს.
"თუკი პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიიღებს, მაშინ შეიძლება თვით სახელმწიფოს არსებობას დაემუქროს საფრთხე", -ამბობს მწერალი.
მისი თქმით, საჭიროა განისაზღვროს, ამ საფრთხეთაგან რომელია უფრო სერიოზული და ამის შესაბამისად უნდა შეირჩეს მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.
თამაზ ვასაძის აზრით, "უკვე ათ წელზე მეტია, რაც ასლან აბაშიძე, რუსეთთან ფარულ თუ ღია კავშირებზე დაფუძნებული პოლიტიკით, ფაქტობრივად, საქართველოს დასუსტებას იწვევს."
ამიტომ, როგორც მწერალი აცხადებს, " მორალური და იურიდიული თვალსაზრისით, ცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს რეგიონისგან მორჩილება და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონიერების სივრცეში სრულად შემოსვლა."

[ვასაძის ხმა] "პრობლემა არის ძალის მოზომვა. აი, რამდენად აქვს ცენტრს იმის ძალა, რომ თავისი აბსოლუტურად მორალური და კანონიერი მოთხოვნა შეასრულებინოს აჭარას ან თვითონ შეასრულოს ისე, რომ ამას არ მოჰყვეს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის."

რაც შეეხება კრიზისის დაძლევას, თამაზ ვასაძე იზიარებს იმ აზრს, რომ უპირველესად მოსაგვარებელია ცენტრისა და რეგიონის უფლებამოსილებების გამიჯვნის პრობლემა:

[ვასაძის ხმა] "და, ამავე დროს, უნდა გაგრძელდეს პროცესი, რომელიც შეიძლება არ იყოს ხანმოკლე, მაგრამ მოთმინებაა ამისთვის საჭირო, - უნდა გაგრძელდეს აჭარის, აჭარის პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის პროცესი."

მწერლის თქმით, "აჭარის პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია ნიშნავს იმას, რომ აჭარა არის საქართველოს აბსოლუტურად ორგანული ნაწილი და მაშინ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული წინააღმდეგობები გადალახული იქნება."

ამასთან, თამაზ ვასაძე ამბობს, რომ "შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხის არსებობის გამო, დემოკრატიზაციის პროცესის ფორსირება არც ერთი მხარისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი."
[მუსიკა]

როგორ აღინიშნა წიგნის მსოფლიო დღე საქართველოში?

წამყვანი:
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბუნებრივია, ამ დღეს აღნიშნავენ საქართველოშიც, სადაც, გავრცელებული აზრით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ყველაზე წიგნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ. 23 აპრილს თბილისში მხატვრებმა წიგნის მაღაზია "პარნასის" აბრა მოხატეს, გაიხსნა საბიბლიოთეკო კვირეული, საჯარო ბიბლიოთეკაში კი მეოცე საუკუნის პირველ წლებში გამოცემული იშვიათი წიგნების გამოფენა გაიხსნა.
თამარ ჩიქოვანი დაინტერესდა იმით, თუ რას კითხულობენ დღეს ქართველები.

თამარ ჩიქოვანი, თბილისი:
წიგნის გამყიდველების დაკვირვებით, დღეს განსაკუთრებული მოთხოვნილებით დეტექტიური ლიტერატურა სარგებლობს. ამ მხრივ, ყველაზე უკეთ ბორის აკუნინის წიგნები იყიდება. ისევ და ისევ გამყიდველების აზრით, თავად აკუნინის დეტექტიური ნაწარმოებების ჩახლართული ინტრიგის გარდა, ქართველი მკითხველის ცხოველ ინტერესს ამ ავტორის მიმართ ისიც ამძაფრებს, რომ აკუნინის ფსევდონიმის უკან ქართული წარმოშობის მწერალი - გრიგოლ ჩხარტიშვილი დგას.

თუმცა, ბუნებრივია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველები მხოლოდ დეტექტიური ლიტერატურით არიან გატაცებულნი. "ლიტერატურული კაფეს" ერთ-ერთი მენეჯერის, ეკა დიაკონიძის, თქმით, ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებულად მარკესი და ახალგაზრდა ქართველი მწერლები უყვარს: [ ეკა დიაკონიძის ხმა]"ძალიან ბევრი მოდის და კითხულობს მარკესს - ყველა თაობის წარმომადგენელი - ახალგაზრდებიც, ასე ვთქვათ, თინეიჯერებიც... ძალიან ბევრი შემოდის ჩვენთან. აქ უფრო ისეთ წიგნებს იძენენ, რაც ახალია. ძველად გამოცემული წიგნები - დავუშვათ, ილია ჭავჭავაძე, ქართული მწერლობა - სახლში გვაქვს. აქ ყიდულობენ თანამედროვე მწერლების წიგნებს - ლაშა ბუღაძეს, დათო ტურაშვილს, ზაზა ბურჯანაძეს...ძირითადად, უფრო თანამედროვეებს."

მისივე დაკვირვებით, ახალგაზრდა თაობა, ქართულენოვანი ლიტერატურის გარდა, კითხულობს წიგნებს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

სხვაგვარი აზრი აქვს რუსულენოვან ლიტერატურაზე რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ე.წ. ხელმოწერების მაღაზიის გამყიდველს ქალბატონ მარინას, რომელიც ამ მაღაზიაში თითქმის 25 წელია მუშაობს:
[გამყიდველის ხმა] "რუსულს საერთოდ აღარ კითხულობენ. ჩვენთან ხელმოწერის მაღაზია რომ იყო, ჩვენს წიგნებს - "მწერლობა", "პროზა" - კითხულობენ. გამოცემა გრძელდება - ტირაჟი, თავისთავად, ძალიან შემცირდა, მაგრამ მოთხოვნა დიდია. ახლა "ნაკადული" იმეორებს "მწერლობის" ტირაჟს."(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი წიგნის მაღაზიის, "საუნჯის", გამყიდველი ნინო ახმედოვა ამბობს, რომ ბოლო დროს წიგნის მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ნინოს, რომელიც "საუნჯეში" 20 წელია მუშაობს, ახსოვს დრო, როცა ახალი წიგნები თვალის დახამხამებაში იყიდებოდა. ახლა კი, მისი დაკვირვებით, მაღაზიაში შემოსულმა მყიდველმა ზუსტად იცის, რომელი წიგნი სჭირდება: [ ნინო ახმედოვას ხმა] " საბავშვო წიგნებს ყიდულობენ. ცოტა უკეთ დაიწყო გაყიდვა ახალგაზრდა მწერლების წიგნებმა. ფილოლოგიური, ისტორიული წიგნები, იურიდიული ლიტერატურა...რომ მოდიან - იციან, რა უნდათ. დიდი მაღაზიაა. იციან, რომ აქ დიდი არჩევანია და მოდიან."(სტილი დაცულია)

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ - წიგნის მყიდველებმაც და გამყიდველებმაც - უკვე გამოვიარეთ ის დრო, როცა იძულებულნი ვიყავით, გულგრილად ჩაგვეარა წიგნის, სასწაულებრივად შემორჩენილი, მაღაზიებისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში თბილისში სულ უფრო ხშირად იხსნება წიგნის ახალი მაღაზიები - ალბათ, შეიძლება ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, რომ საქართველოში წიგნი ისევ უყვართ.
[მუსიკა]

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი "ერთი მსოფლიო" ფრთებს შლის

წამყვანი:
ხუთშაბათს ჩეხეთის დედაქალაქში საზეიმოდ დაიხურა დოკუმენტური ფილმების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, რომლის სახელწოდება - "ერთი მსოფლიო" - თავისთავად მიგვანიშნებს მის განსაკუთრებულობაზე. ამ კინოფორუმის განსაკუთრებულობა კი ის გახლავთ, რომ მასზე წარმოდგენილ ფილმებს აერთიანებს ზოგადი თემატიკა: ადამიანის უფლებები. დავით კაკაბაძე საკონკურსო ჩვენების ერთ-ერთ სეანსს დაესწრო.

[ხმაური. დემონსტრანტების შეძახილები]

დავით კაკაბაძე:
ასეთი ხმაურით არის გაჯერებული დოკუმენტური ფილმი, რომლის ნახვის შესაძლებობაც მომეცა ამ რამდენიმე დღის წინ. ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ხმაური დემონსტრანტების შეძახილებია - მსგავსი რამ ხომ არც "ვარდების რევოლუციის" ქვეყნისთვის არის უცხო. მაგრამ კინოდოკუმენტი, რომლიდანაც ეს აუდიონაწყვეტი მოგასმენინეთ, გვიამბობს არა უშუალოდ დემონსტრაციაზე, არამედ მხოლოდ მის ერთ-ერთ მონაწილეზე.

"ბიჭი სახელად კარლო ჯულიანი" - ასე ჰქვია ამ ფილმს. მასში მოთხრობილია 2001 წლის 20 ივლისს მომხდარი მკვლელობის ამბავი, როცა გენუაში, ე.წ. "დიდი შვიდეულისა" და რუსეთის ლიდერთა შეხვედრის მასპინძელ ქალაქში, გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილე 16 წლის იტალიელი ბიჭის სიცოცხლე პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა. ფილმის ავტორთა მიზანია, აღადგინონ ამ ტრაგიკული შემთხვევის ყოველი დეტალი. სამოყვარულო ვიდეოკადრებისა თუ ფოტოსურათების გამოყენებით, მსხვერპლის დედასთან და მეგობრებთან საუბრებით, ისინი ცდილობენ დახატონ კარლო ჯულიანის პორტრეტი და გვიჩვენონ, რამ გამოიწვია მისი ტრაგიკული დაღუპვა.

"ბიჭი სახელად კარლო ჯულიანი" მხოლოდ ერთია იმ 156 კინოსურათიდან, რომელიც დოკუმენტური ფილმების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის - "ერთი მსოფლიოს" ორგანიზატორებმა საფესტივალო პროგრამისთვის შეარჩიეს. მათგან 15 ძირითად საკონკურსო პროგრამაში შევიდა, დანარჩენები კი - სხვადასხვა საკონკურსო თუ კონკურსგარეშე სექციაში.

პრაღის ფესტივალის მაღალ მხატვრულ დონეზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ იტალიელი კინემატოგრაფისტების ზემოთ ნახსენები ნამუშევარი უპრიზოდ დარჩა - კონკურენცია მართლაც დიდი იყო. ფესტივალის საუკეთესო ფილმის პრემია მიენიჭა ისრაელის, ჰოლანდიისა და პალესტინის ერთობლივ ნაწარმოებს "არნას ბავშვები", რომელიც პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ებრაელი ქალის საქმიანობაზე მოგვითხრობს.

მაგრამ დღეს არ ვაპირებ ფესტივალის არც ამ და არც სხვა ლაურეატებზე საუბარს. მინდა, ზოგადად ფესტივალ "ერთ მსოფლიოზე", მის მიზნებზე და ამოცანებზე გიამბოთ. საამისოდ კი ვინ იქნება უკეთესი თანამოსაუბრე, თუ არა ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი იგორ ბლაჟევიჩი.

[იგორ ბლაჟევიჩის ხმა]"რამდენიმე მიზანი გვაქვს: ღრმად მწამს, რომ ნებისმიერი სახის დანაშაულს (სამხედროს, ეკონომიკურსა და სხვას) - თუ ის სააშკარაოზე გამოიტანე, ადრე თუ გვიან საზოგადოებრივი აზრი აღუდგება წინ. საზოგადოების სამსჯავროზე მსოფლიოში არსებული პრობლემების გამოტანით, ვფიქრობ, ხელს ვუწყობთ ამ პრობლემების უკეთ გაგებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო გონიერ, პასუხისმგებლობით სავსე ქცევას განაპირობებს. ცოტა უფრო ნაკლებ ამბიციურ დონეზე ვცდილობთ, გავანათლოთ ჩეხი ახალგაზრდები, ვასწავლოთ მათ შემწყნარებლობა, გახსნილობა... ვცდილობთ, ასევე, ვასწავლოთ მათ, სკეპტიკური თვალით შეხედონ მასმედიას, გავაგებინოთ, რომ ტელევიზორით ნანახი თუ მოსმენილი ამბავი ყოველთვის არ უნდა მივიღოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მედიას, და კინოსაც, სულ უფრო ხშირად იყენებენ პროპაგანდის იარაღად. ამიტომ, განსაკუთრებით ახლა, უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გვესმოდეს."

წარმოშობით ბოსნიელი იგორ ბლაჟევიჩის მოღვაწეობა მხოლოდ პრაღის ადამიანის უფლებათა თემატური კინოფესტივალის დირექტორობით არ შემოიფარგლება. ამ 41 წლის ენერგიული, სიცოცხლით სავსე კაცის ძირითადი საქმე გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა. ბლაჟევიჩი ერთ-ერთი ხელმძღვანელია ჰუმანიტარული ორგანიზაციისა "ადამიანი განსაცდელში", რომლის ეგიდით ტარდება კიდეც კინოფესტივალი "ერთი მსოფლიო". ცხადია, შემთხვევით ვისარგებლე ჩემს თანამოსაუბრეს ხსენებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობის ამბავიც ვკითხე.

[იგორ ბლაჟევიჩის ხმა] "ათ წელიწადზე მეტია, "ადამიანი განსაცდელში" საომარი მოქმედებების რაიონებში საქმიანობს. ვცდილობთ, დავეხმაროთ ომით დაზარალებულებს - ბოსნიაში, კოსოვოში, ჩეჩნეთში, ავღანეთში, ერაყში. ვეხმარებით სტიქიური უბედურებების მსხვერპლებსაც, როგორც ეს მოხდა ირანში, ამასწინანდელი მიწისძვრის დროს. მაგრამ ამით ჩვენი საქმიანობა არ ამოიწურება. ვცდილობთ, მივაგნოთ დამნაშავეებს, მომხდარი უბედურებისთვის პასუხისმგებელ პირებს, რადგან შემთხვევათა 90 პროცენტში, დამნაშავეა არა ზეციური ძალები და ბუნების ჭირვეულობა, არამედ სრულიად კონკრეტული ადამიანები, ისინი, ვის ხელშიც არის ძალაუფლება."

ახლა კი ისევ ფესტივალს დავუბრუნდეთ. ამ ექვსი წლის წინათ მე მოწმე გახლდით იმისა, როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს კინოფესტივალი "ერთი მსოფლიო". მოკრძალებული კინოდარბაზები, მაყურებლის ნაკლებობა, რეკლამის არარსებობა, მასმედიის მხრიდან თითქმის სრული იგნორირება. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ფესტივალმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი პრაღის კულტურული ცხოვრების კალენდარში. ფესტივალის დირექტორი იგორ ბლაჟევიჩი უყოყმანოდ მეთანხმება.

[იგორ ბლაჟევიჩის ხმა] "მართალია. პირველ ფესტივალს სულ სამი ათასამდე მაყურებელი ჰყავდა, ფილმების რიცხვი კი ორმოცდაათსაც არ აღწევდა. შარშანდელ ფესტივალზე უკვე 30 ათასამდე მაყურებელი მოვიდა, წელს კი, როგორც წინასწარი მონაცემები გვიჩვენებს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ასევე გაიზარდა ფესტივალის სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილი ფილმების რიცხვიც: 950 განაცხადიდან საბოლოოდ 156 კინოსურათი შევარჩიეთ. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ექვსწლიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - კარგი ფილმების ჩვენებით ახალგაზრდობის (და არა მარტო ახალგაზრდობის) ყურადღება მივიპყარით. ძალიან გვეხმარება ე.წ. "სიტყვიერი პროპაგანდა", როცა ხალხი ერთმანეთს უყვება ნანახი ფილმების შესახებ და მეგობრებსა თუ ნაცნობებს ურჩევს, ფესტივალზე წავიდეს." გვეხმარება, აგრეთვე, მასმედია, რომლის წყალობით ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ადრესატამდე აღწევს."

მაგრამ კინოფესტივალ "ერთი მსოფლიოს" წარმატებას, როგორც მისი დირექტორისგან შევიტყე, კიდევ ერთი მიზეზი აქვს:

[იგორ ბლაჟევიჩის ხმა] "წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ სისტემატურად ვმუშაობთ საშუალო სკოლებთან. თავად ფესტივალის მსვლელობაში სკოლის მოწაფეები ორგანიზებულად მოგვყავს ამა თუ იმ ფილმის სანახავად, მაგრამ ძირითადი სამუშაო ფესტივალსა და ფესტივალს შორის ტარდება. ყოველწლიურად ოცამდე ფილმის ჩვენების უფლებას ვიძენთ და წლის მანძილზე ვუჩვენებთ მათ მთელი ჩეხეთის რესპუბლიკის საშუალო სკოლებში. ამ გზით სულ უფრო მეტი სხვადასხვა ასაკის ადამიანი ეცნობა დოკუმენტურ კინოხელოვნებას და თავისუფლდება გავრცელებული სტერეოტიპისგან, თითქოს დოკუმენტური კინო რაღაც მშრალი, მოსაწყენი რამ იყოს. ამისთვის ზოგჯერ საკმარისია, ხალხს ერთი კარგი ფილმი უჩვენო, რის შემდეგაც მაყურებლის დეფიციტსაც ვეღარ იგრძნობ."

ვიდრე დამემშვიდობებოდა, იგორ ბლაჟევიჩმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ წლევანდელ ფესტივალზე საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. არადა 2002, ჩვენი თანამემამულის, ნინო კირთაძის ფილმმა "იყო და არა იყო რა, იყო ჩეჩნეთი" ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრემია - რუდოლფ ვრბას სახელობის პრიზი დაიმსახურა. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველო პრაღის ფესტივალზე მაინც წარმოდგენილი ყოფილა. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სემინარში, რომლის ამოცანა ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი მიძღვნილი კინოფესტივალების ორგანიზატორთა თანამშრომლობის გაღრმავება იყო, საქართველოს წარგზავნილიც მონაწილეობდა. აი, რა მითხრა სემინარის ხელმძღვანელმა ჰელენა ზაიცოვამ:

[ჰელენა ზაიცოვას ხმა] "საქართველოს მიშა მირზიაშვილი წარმოადგენდა. ის თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, "სტუდია რეს" აღმასრულებელი დირექტორია. მის ორგანიზაციას ფესტივალი, მართალია, ჯერ არ მოუწყვია, მაგრამ სტუდიამ საქართველოში არსებული მწვავე პრობლემების ამსახველი რამდენიმე ფილმი გადაიღო, იქნებოდა ეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემა თუ აფხაზეთის კონფლიქტი. შემდეგ მიშამ ეს ფილმები უჩვენა არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ერთად შევარჩევთ ერთ თემატიკაზე შექმნილ რამდენიმე ფილმს - ამჟამად მიშას განსაკუთრებით აინტერესებს პოსტკონფლიქტური პრობლემების დაძლევის, შერიგების პრობლემატიკა; ჩვენ მას დავეხმარებით პროდიუსერების, დისტრიბუტორების პოვნაში, ის კი იშოვის სახსრებს ფილმების რუსულად სათარგმნად, რის შემდეგაც ამ ფილმებით სამხრეთი კავკასიის რეგიონში იმოგზაურებს."

თავად ჰელენა ზაიცოვაც აპირებს საქართველოში ჩასვლას. იგი პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია და, როგორც მითხრა, სამაგისტრო შრომის თემად საქართველოს არჩევას აპირებს.

[ჰელენა ზაიცოვას ხმა] "საქართველოში ერთხელ ვიყავი, 2001 წლის ზაფხულში. ჩემი იქ ყოფნა გიორგი სანაიას მკვლელობას დაემთხვა და ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა არაერთი საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ქართველ ჟურნალისტებთან, დემონსტრაციების მონაწილეებთან. რამდენიმე დემონსტრაციაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. იქ ყოფნისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზიციები გულზე არ ეხატება და ხშირად არათუ არ ეხმარება მათ, არამედ დაბრკოლებებსაც უქმნის. და, საერთოდ, ჩემი შთაბეჭდილებით, დიდი არ არის იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მზად არის, თავის საქმის ერთგული დარჩეს, თუნდაც ამის გამო ხელისუფლებასთან დაპირისპირება მოუწიოს."

როცა ჰელენა ზაიცოვას ვკითხე, საქართველოსაც სჭირდება თუ არა თემატური ფესტივალი ადამიანის უფლებებზე-მეთქი, მან თავიდან ფრთხილად მიპასუხა, მე მგონი სჭირდებაო, მერე კი ღიმილით დაამატა - აუცილებლად სჭირდებაო.

წამყვანი:
დავით კაკაბაძემ და მისმა რესპონდენტებმა გიამბეს დოკუმენტური ფილმების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით "ერთი მსოფლიო", რომელიც ხუთშაბათს დაიხურა პრაღაში.
[მუსიკა]

სახელმწიფო ჰიმნი - პოეზია თუ იდეოლოგია?

წამყვანი:
საქართველოს პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს პირველივე სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი სახელმწიფო ჰიმნის შესახებ. ხელმოუწერელი განმარტებითი ბარათი, რომელიც ჰიმნის კანონპროექტს ახლავს, გვაუწყებს, რომ ტექსტი ქართულ ღირსეულ ტრადიციებთან ასოცირდება და ქართველი ადამიანის გულისძახილს განასახიერებს. რას განასახიერებს სახელმწიფო ჰიმნი და რამდენად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მას, როგორც პოეზიის ან იდეოლოგიის ნიმუშს, ამაზე დავით პაიჭაძე ისაუბრებს.

დავით პაიჭაძე, თბილისი:
ჰიმნი, უკეთეს შემთხვევაში ნაციის უპირველეს მუსიკალურ ჰიტად უნდა იქცეს. ანონიმური განმარტების ჭეშმარიტებას - განასახიერებს თუ არა ჰიმნი ქართველი ადამიანის გულსძახილს - მომავალი ან დაადასტურებს ან უარყოფს იმის კვალად, თუ რაოდენ პოპულარული გახდება ახალი ჰიმნი საქართველოს მოქალაქეებს შორის. ისე, ჰიმნის პოპულარობა სახელმწიფოს მეთაურზეც არის დამოკიდებული. დიდი ბრიტანეთის დღევანდელი ჰიმნი პირველად შესრულდა 1745 წელს, როგორც საბრძოლო სიმღერა. იმხანად ეს სიმღერა ამხნევებდა ინგლისელ მებრძოლებს ლონდონისკენ დაძრული შოტლანდიელებთან ბრძოლის წინ. სიმღერა ისე მოეწონა ინგლისის მონარქს, გეორგ მესამეს, რომ გასცა ბრძანება, ის მეფის მონაწილეობით მიმდინარე ყველა საჯარო ღონისძიებისას შეესრულებინათ. 1825 წელს სიმღერა იქცა მსოფლიოში პირველ სახელმწიფო ჰიმნად, რომლიდანაც, ბუნებრივია, ამოღებული იყო საიმდროოდ უკვე ლოიალურ შოტლანდიელთა შეურაცხმყოფელი სტრიქონები.

ბრიტანეთის ჰიმნი ძალიან მალე მისაბაძ ნიმუშად იქცა და ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. პირველნი იყვნენ ავსტრიელები, რომელთაც მოიფიქრეს თავიანთი "ღმერთო, დაიფარე იმპერატორი ფრანცი". ავსტრიელებს რუსები მიჰყვნენ კარგად ცნობილი ტექსტით "ბოჟე, ცარია ხრანი". ბრიტანეთის ჰიმნი სახელმწიფო ჰიმნი იყო მის ყველა კოლონიასა და დომინიონში, ხოლო როცა ამ ქვეყნები დამოუკიდებელი გახდნენ, სახელმწიფო ჰიმნები ბრიტანულის ხატად და მსგავსად შექმნეს: "უფალო, დალოცე ფიჯი", "ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია", "ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო - განა" და "ღმერთო, შენ დაიცავი მალავი". ასე რომ, ღმერთის ხსენება ჩვეულებრივი ამბავია არა მხოლოდ მონარქიების, არამედ რესპუბლიკური წყობის მქონე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნში.

ცნობილია, რომ საქართველოს ახალი ჰიმნის საბოლოო რედაქციის დადგენისას ავტორს სთხოვეს დაემატებინა ორი სტრიქონი და ასე გაჩნდა "დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება". თავისუფლების დიდება გაისმის მსოფლიოს ყველაზე გრძელ ჰიმნში, რომელიც არასოდეს შესრულებულა თავიდან ბოლომდე. მას ეწოდება "ოდა თავისუფლებას" და ეკუთვნის მე-19 საუკუნის ბერძენ პოეტს დიონისიოს სოლომოსს. პოეტის ქმნილების 158 სტროფიდან, როგორც წესი, მხოლოდ 2 სრულდება. აქვე ვიტყვით, რომ სიგრძით ბერძნული ჰიმნის შემდეგ მეორე ადგილზეა არგენტინის, მესამეზე კი სალვადორის სახელმწიფო ჰიმნი - შესაბამისად 9 და 8 სტროფით. ლატინური ამერიკის ქვეყნების ჰიმნებში, ტრადიციულად დაწვრილებით აღიწერება დამოუკიდებლობამდე მათ მიერ განვლილი გზა. ამასთან, ტექსტის ავტორი არის არა პროფესიონალი პოეტი, არამედ თავისი დროის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე - პირველი პრეზიდენტი, სენატორი ან გენერალური პროკურორი.

რამდენიმე ქვეყანაში კი სახელმწიფო ჰიმნს ტექსტი საერთოდ არ გააჩნია. ესპანეთის ჰიმნზე სამი ტექსტი დაიწერა, მაგრამ ოფიციალური სტატუსი ვერც ერთმა ვერ მიიღო. უსიტყვოა სომალის, მავრიტანიისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჰიმნები. დიდხანს უსიტყვოდ ასრულებდნენ რუსეთის ჰიმნსაც, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი საბჭოთა კავშირის ჰიმნის მუსიკას აღადგენდა.

ჰიმნებში მხოლოდ უზენაესისადმი აღვლენილი ვედრება ან გმირული წარსული არ აისახება. საფრანგეთის ჰიმნში, მაგალითად, ასეთი სიტყვები ისმის: "დე, უწმინდურმა სისხლმა მორწყას ჩვენი მიწები"... საფრანგეთში პერიოდულად განახლდება დისკუსიები იმაზე, თუ რადმენად ეხამება ერთმანეთს მარსელიოზას ტექსტი და თანამედროვეობა, მაგრამ აქამდე ყოველთვბის იმათი თვალსაზრისი იმარჯვებდა, ვისაც მიაჩნია, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის სული შენარჩუნებული უნდა იქნეს.

მოკლედ, ჰიმნის ტექსტების უმეტესობა, წმინდა პოეზიის თვალსაზრისით, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომაც არ ღირს მათი ნაკლის ანალიზი ისე, თითქოს ლიტერატურულ ნაწარმოებს იხილავდე. ჰიმნის არსი არც პოეზიაშია და ალბათ, არც იდეოლოგიაში. მთავარია ტრადიცია. ტრადიციას ვერ აირჩევ. საქართველოს ჰიმნში ტრადიციის გამოხატვა ავტორმა დავით მაღრაძემ კი სწორედ ქართულ პოეზიასთან შეხმიანებით სცადა.

ევროპის ჰიმნი: ძველი და ახალი, კლასიკური და თანამედროვე 2004-04-22

წამყვანი:
ჰიმნებზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ მათზე საუბარი არ დაგვიმთავრებია. [მუსიკა]

ევროსაბჭო - რა ასოციაციას შეიძლება იწვევდეს ამ ორგანიზაციის ხსენება? ალბათ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის - რახან ევროსაბჭო უწინარეს ყოვლისა ამ ღირებულებების დაცვას ემსახურება; ალბათ, სტრასბურგის - რახან ევროსაბჭოს შტაბ-ბინა იქ არის განთავსებული; ალბათ ფრაზის "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი", რომელიც ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ წარმოთქვა.

მაგრამ აი, "ჰიპ-ჰოპი" (ასე უწოდებენ პოპ-მუსიკის მიმდინარეობას, რომლის ერთი ნიმუში ახლა, ჩემი საუბრის ფონად ჟღერს) თითქოს არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს ევროსაბჭოს - სერიოზული და რთული საკითხებით დაკავებულ ორგანიზაციას, რომლის მუსიკალური სახე (ისევე როგორც ევროკავშირისა და, საერთოდ ევროპის მუსიკალური სახე), ჰიმნი,- კლასიკური მუსიკის დიდებული ნიმუშიდან არის აღებული. ეს გახლავთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილი, შექმნილი ფრიდრიხ შილერის ტექსტზე "Ode an die Freude" ("ოდა სიხარულს"). [მუსიკა]

მაგრამ ევროსაბჭოსა და ჰიპ-ჰოპს შორის კავშირი არსებობს და აი, ასე ჟღერს: [მუსიკა] დიახ, ეს არის ბეთჰოვენის გრანდიოზული სიმფონიის ჰიპ-ჰოპ ვერსია. და ის მსმენელს ალბათ, ახსოვს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამიდან "ახალი ევროპა", რომელსაც "სიხარულისადმი ოდის" ხან კლასიკური, ხან კი ჰიპ-ჰოპ ვერსიით ვაფორმებთ ხოლმე.

თუმცა კომპაქტ-დისკზე, რომელიც ევროსაბჭომ გამოუშვა გაცილებით მეტი - 19 ვერსიაა თავმოყრილი. მათ შორის "გაჯაზებული" მე-9 სიმფონია: [მუსიკა]

დისკი თავდაპირველად ჟურნალისტებისათვის გამოუშვეს - მათი გადაცემებისათვის ევროპაზე, ევროპულ ორგანიზაციებზე. მაგრამ ჩანაწერებმა გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დააინტერესა. თუ ვინ, ევროსაბჭოს პრეს-მდივანი ალან დრეიკი ჩამოთვლის: [დრეიკის ხმა] "საზოგადოების რიგითი წევრები, სტუდენტები, რომლებიც ევროპის პოლიტიკას სწავლობენ, ან უბრალოდ, ადამიანები, ვისაც მეგობრებთან ქეიფისას "ევროპული მუსიკის" მოსმენა უნდა და საცეკვაო ვერსიას ეძებს. ადამიანები, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებში, ან ევროპის საინფორმაციო ცენტრებში მუშაობს - ჟურნალისტი არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ საქმეში ეს კომპაქტ-დისკიც გამოადგება. ერთხელ 150 ეგზემპლარი გვთხოვეს სავაჭრო პალატაში გამართული ღონისძიებისათვის. ეს თხოვნა ვერ შევასრულეთ, რადგან ამდენი უფასო ასლის დარიგება, უბრალოდ, ძვირი დაუჯდებოდა ევროპელ გადამხდელს".

ამიტომ გადაწყვიტა ევროსაბჭომ ევროპის ჰიმნის 19 ვერსიის მომცველი დისკის გაყიდვა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა კეტლინ ნოქსმა შეიტყო, განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ზემოხსენებული ჰიპ-ჰოპის, აგრეთვე "ტრანსის" ვერსია... [მუსიკა] ორივეს ავტორია გერმანელი ფლორიან მიულერი [მიულერის ხმა] "ევროპის საბჭო ფირმა ?უოტერპაიპ რეკორდს?-ში ამზადებდა ევროპის ჰიმნის კომპაქტ-დისკს. მეც ამ ფირმასთან მაქვს საქმე. როცა თქვეს, ჰიპ-ჰოპი, ახალგაზრდებისათვის საინტერესო ვერსიაც გამოგვადგებაო, გამიხარდა. საერთოდ, აღტაცებული ვარ ევროპის იდეით და ძალიან მიყვარს ბეთჰოვენის მუსიკა. ამიტომ ვთქვი: კი ბატონო, გავაკეთებ-მეთქი. და გავაკეთე კიდეც".

საქართველოს ახალი ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის არ იყოს, ევროპის ჰიმნის ჰიპ-ჰოპ ვერსიაც "რემიქსია", ტრადიციის ციტირება. თუ საქართველოს ჰიმნის ტექსტისა და მუსიკის ავტორები აკაკი წერეთელსა და ზაქარია ფალიაშვილს ესესხებიან, ევროპის "გაჰიპ-ჰოპებული" ჰიმნი შილერისა და ბეთჰოვენის ქმნილებებით საზრდოობს და მის ტექსტში ორივე დიდი გერმანელის გვარებია დასახელებული. [მუსიკა]

შილერი, ბეთჰოვენი, ევროპა, მშვიდობა - ეს ცნებები, რბილად რომ ვთქვათ, უცხოა ჰიპ-ჰორის ჩვეულ ტექსტებში, რომლის თემებად მომხიბვლელი ასულები, მათდამი ტრფობა, ფული და ძალადობა დომინირებს. ხომ არ გაუჭირდა ამის გამო მუშაობა ფლორიან მიულერს, ანუ ძნელი არ იყო ჰიპ-ჰოპის, თუ "რეპის" შეთხზვა ევროპასა და ხალხთა მეგობრობაზე? [მიულერის ხმა] "არა, სულაც არა. მე გეტოში არა ვარ გაზრდილი, იქაური თემები - მანქანები, ფული, ქალები - ჩემი ცხოვრების ნაწილი არ არის. მშვენიერ უბანში გავიზარდე, ჩემს ირგვლივ პოლიტიკაზე და ფილოსოფიაზე ლაპარაკობდნენ. ასე, რომ ჰიმნის თემები ჩემი თებმებია. საერთოდ, ვფიქრობ, აუცილებელი არ არის ჰიპ-ჰოპი სექსზე იმღერო - ის შეიძლება, გაცილებით უფრო პოლიტიკური იყოს..."

ევროსაბჭოს დისკს, მართალია, მოწინააღმდეგეებიცა ჰყავს (მათ შორის ბრიტანეთში, რომლის ევროპის საკითხების მინისტრი დენის მაკ შეინი დისკის გამოცემას ფულის გაფლანგვად მიიჩნევს), მაგრამ ევროსაბჭოს პრეს-მდივანს, ალან დრეიკს ეჭვი არ ეპარება, რომ 10 000 ევრო კარგ საქმეში დაიხარჯა: [დრეიკის ხმა] "ეს არის გლობალური ფენომენი, რომელიც ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო - და თან, ყველაზე წარმატებული რეკლამა, რაც კი აქედან გაგვივრცელებია".
[მუსიკა]

წამყვანი:
"მეათე სტუდია" დასასრულს მიუახლოვდა. ის პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. დიდი მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და გემშვიდობებით. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG