Accessibility links

logo-print

ვინ არის სონია განდი


სონია განდი, რომელსაც ერთხელ ერთმა პოლიტიკურმა კონკურენტმა დასამცირებლად იტალიური ძაღლი უწოდა, ინდოეთის მომავალი


პრემიერ-მინისტრი გახდება. საპარლამენტო არჩევნებმა ინდოეთში უკვე დაუსვა წერტილი დებატებს, არის თუ არა იტალიური წარმოშობა სონია განდის პოლიტიკური კარიერის დამაბრკოლებელი ფაქტორი. მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიის სათავეში კვლავაც განდების დინასტია დაბრუნდა.


სონია მაინო, სამშენებლო კომპანიის კათოლიკე ხელმძღვანელის შვილი, 57 წლის წინათ ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ორბასანოში დაიბადა.
ახლა ის ინდოეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადება.

[სონია განდის ხმა]" ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი ჩვენი ენერგია მთავრობის ფორმირების პროცესს მოხმარდება. კონგრესის პარტია დაამტკიცებს, რომ ქვეყანას ძლიერი, სტაბილური და სეკულარული მთავრობა ჰყავს."

იტალიელმა სონია განდიმ ასე გამოხატა ხანგრძლივი დებატების დასასრული იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა იგი ნერუსა და განდის პოლიტიკური დინასტიის გაგრძელებას.

სონია განდიმ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის ქვრივმა დაძლია ყველა ის სირთულე, რომელსაც მისი პოლიტიკური ოპონენტები, ინდუისტების ნაციონალისტური კოალიციის წევრები, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მისი იმიჯის შესალახად მიმართავდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სონია განდის ქვეყნის მართვის უნარი არ შესწევს.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის პარტია უკვე მთავრობას აკომპლექტებს, მას მოკავშირეები სხვა პარტიებშიც სჭირდება. ეს არის სწორედ პრობლემა, რომლის წინაშეც გამარჯვებულები დგანან-მათთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რამდენად მისაღები იქნება პოტენციური პარტნიორებისთვის წარმოშობით იტალიელი პრემიერ-მინისტრი.

1968 წელს, როდესაც 21 წლის ახალგაზრდა იტალიელი პატარძალი ინდოეთში ჩავიდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ასეთ მომავალს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მაშინ ყველაზე მეტად ინდური საკვები არ მოეწონა. " მე მეგონა, რომ ინდოეთი გველებით, სპილოებითა და ჯუნგლებით სავსე ქვეყანა იყო". წერდა იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის დროს. სწორედ კემბრიჯში გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე რაჯივ განდი.

სონია განდი ინდოეთის მოქალაქე მხოლოდ 1983 წელს გახდა. პოლიტიკისგან იგი ყოველთვის შორს იდგა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1991 წელს მისი მეუღლე მოკლეს, კონგრესის პარტიის წევრთა თხოვნით, იგი პარტიის აღორძინების საქმეს ჩაუდგა სათავეში.

ნელა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით იგი დღევანდელ წარმატებამდე მოვიდა.

ყველაზე დიდი სირთულე, რაც მას ამ გზაზე მუდმივად ეღობებოდა, მისი უცხოური წარმოშობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სონია განდი ინდური ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდა, ინდურად იმოსებოდა და გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა თავისი თანამოქალაქე ქალბატონებისაგან, ერთმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ მას მაინც უწოდა "დედალი იტალიური ძაღლი."

მიმდინარე წლის თებერვალში ნიუ დელის ტელე-ეთერში გამოსვლისას მან მკაფიოდ განაცხადა, რომ უცხოელი კი არა, ინდოელია.

ამაში, როგორც ჩანს, მას ამომრჩეველიც დაეთანხმა. თუმცაღა ბევრს ნამდვილად არ მოსწონს, რომ მთავრობას არაინდოური წარმოშობის ადამიანი უნდა ჩაუდგეს სათავეში. მათ რიგშია ნიუ დელის მკვიდრი ვინაი ბარადაიც.

[ვინაი ბარადაის ხმა]" მე არ მგონია, რომ სონია კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება. მაგრამ რა გაეწყობა? გვინდა თუ არ გვინდა, ის მაინც გახდება პრემიერ-მინისტრი."

ანალიტიკოსების აზრით, კონგრესის პარტიის წარმატება დიდწილად ცვლილებების სურვილით იყო განპირობებული. განსაკუთრებით ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაში, რომლისთვისაც გაზეთ "თაიმს ოფ ინდიას " მიხედვით, სონია განდი მხსნელად აღიქმება.
მეორეს მხრივ, კი კომენტატორთა ერთი ნაწილი თვლის, რომ არჩევნების შედეგებმა უმთავრესად ის აჩვენა, თუ რელიგიურობისა და ტრადიციულობის მიუხედავად, მაინც რა ტოლერანტული და გახსნილია ინდოეთის საზოგადოება.

ავტარ სინხ რანა წარმოშობით ინდოელი პოლიტიკოსია. მოხდა ისე, რომ იგი იტალიაში დამკვიდრდა და როგორღაც სწორედ სონია განდის მშობლიური ქალაქის ორბასანოს ქალაქის საბჭოს წევრის გახდა. იგი ამბობს, რომ ორბასანოში ამ საკითხზე ხუმრობენ კიდეც- ორბასანომ ინდოეთს სონია მისცა, ინდოეთმა ორბასანოს კი რანა.

[რანას ხმა]" მე ორი წლის წინ მომეცა მასთან შეხვედრის საშუალება.ეს იყო ნიუ დელიში, მის სახლში. მე შემიძლია დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ მისი ჩაცმულობა და მანერები სრულიად ინდურია. ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ ინდურად. რასაკვირველია აარ პოლიტიკაზე. იგი სრულყოფილად ფლობს ენას."

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ინდოეთის კონგრესის პარტიის გამარჯვებას ზეიმობენ ორბასანოშიც. ქალაქის მერის, კარლო მარონის განცხადებით, ორბასანოელები მომავალშიც ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს იმ ქალბატონის საქმიანობას, რომლიც მსოფლიოს რიცხოვნობით უდიდესი დემოკრატიის პოლიტიკური ლიდერი ხდება.
XS
SM
MD
LG