Accessibility links

პოლიტიკა და ბიზნესი ქართულ რეალობაში


ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს დანარჩენებისგან გამოარჩევს, პოლიტიკისა და ბიზნესის მკაფიო გამიჯვნაა. ბიზნესმენები პოლიტიკოსებს არჩევნებში ეხმარებიან;

პოლიტიკოსები კი ბიზნესმენებს ხელსაყრელ სამუშაო პირობებს უქმნიან. ეს პროცესი, ჩვეულებრივ, გამჭვირვალეა. გამონაკლისი შემთხვევები, როცა პოლიტიკისა და ბიზნესის ინტერესთა გადაკვეთა ჩრდილოვან სივრცეში ხდება, როგორც წესი, მძიმე შედეგებით მთავრდება. რა ხდება ქართულ რეალობაში?

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებში პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთში უსირცხვილოდ იყო ჩაწნული. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, სწორედ პოლიტიკისა და ბიზნესის გამიჯვნაა. ამგვარი გამიჯვნის გარეშე საქართველო მუდმივად დარჩება არასერიოზულ და წარუმატებელ სახელმწიფოდ. უმაღლესი თანამდებობის პირები ამ თემაზე არც კამათობენ. არადა, სწორედ ეს თემა დღითი დღე აქტუალური ხდება უარყოფით კონტექსტში.

ის, რაც ზედაპირზე ამოტივტივდა, არის დაპირისპირება ორ უაღრესად გავლენიან ფიგურას: პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელ ეროსი კიწმარიშვილს შორის. რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგაც, მათივე განმარტებით, ისინი მეგობრები იყვნენ. შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტი, რომლის აშკარა საფუძველია გავლენის სფეროების გადანაწილება - ბიზნესისა და პოლიტიკის აღრევის ფონზე.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს გაზეთში "24 საათი" გამოქვეყნდა რევაზ საყევარიშვილის ვრცელი წერილი, სათაურით: "ვარდთა და ნეხვთა". სტატიაში განხილულია მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინტერესები შპს "საქართველოს რკინიგზაში" და სააქციო საზოგადოება "მადნეულში", აგრეთვე, ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, ავტორის ხედვით, ჟვანია ცდილობს საკუთარი გავლენის გავრცელებას უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოებზე. იქვე გამოთქმულია ვარაუდი, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მესამე სტრატეგიული ობიექტიც - ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგური - ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლისა და გავლენის სფეროების გადანაწილების ბერკეტია და არა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ქმედითი ინსტრუმენტი. სტატიის ავტორის აზრით, "საწარმოთა მართვის საკითხში ახალი ხელისუფლება თავისი წინამორბედის სრულფასოვანი მემკვიდრეა: შეიცვალა სახელები და გვარები, მაგრამ იოტისოდენადაც არ შეცვლილა თამაშის წესები - მხცოვანი ბაბუს საოჯახო სამზარეულოში მოხარშული ხორაგის ნასუფრალი სუფრაზე გვიან შემოსწრებულთათვის არანაკლებ მიმზიდველი აღმოჩნდა."

მიმდინარე წლის 17 მაისს გაზეთში "ახალი ვერსია" გამოქვეყნდა ჟურნალისტ რუსიკო გიგაშვილის კიდევ უფრო ვრცელი წერილი, სათაურით: "ეკონომიკური ეროსი". ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ ცდილობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი, დაეპატრონოს შევარდნაძეების, მამალაძეების, აბაშიძეების, ჩხაიძეების, ინჯიების და სხვების ქონებას. კერძოდ, წერილში საუბარია კიწმარიშვილის ინტერესებზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, საქინფორმსა და ელექტროკავშირში, ნავთობის ბიზნესში, აგრეთვე, სატელევიზიო ანძასთან მიმართებაში. აქვე საუბარია კიწმარიშვილის სავარაუდო მფარველებზე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში და დასახელებულია სამი პიროვნება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩუბინიშვილი; გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი.

მართალია, ორივე სტატია, დიდწილად, ვარაუდებს ეყრდნობა, მაგრამ ორივე სტატიაში არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ რიგით მოქალაქეს გაუჩნდეს შეკითხვა: "რა ხდება განახლებულ საქართველოში?" როგორც ზურაბ ჟვანიას, ასევე ეროსი კიწმარიშვილს საკმარისი საშუალებები აქვთ იმისათვის, რომ ერთმანეთისგან თავი დაიცვან. უფრო მეტიც, არც ერთი მათგანი თავდაცვით არ კმაყოფილდება. თითოეულ მხარეს სჭირდება საკუთარი პოზიციის პოლიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა. ამიტომ დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მედიის ყველაზე გავლენიანი ნაწილი: "24 საათი", "ახალი ვერსია", "ალია", "რუსთავი 2", "202" და "იმედი". ამავე კონფლიქტზე ირიბად მიუთითებს გახშირებული დებატები კობა დავითაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის; აგრეთვე, ბადრი პატარკაციშვილის დამეგობრება ზურაბ ჟვანიასთან.

პრესისა და პოლიტიკოსებისთვის ამგვარი დაპირისპირება, შესაძლოა, საინტერესოც იყოს და სასარგებლოც, მაგრამ ხელისუფლებისთვის, რომელმაც ქვეყანა მრავალწლიანი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს, კონფლიქტი ორ ესოდენ გავლენიან ფიგურას შორის არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ, დამანგრეველიც. მით უმეტეს, რომ კონფლიქტის საფუძველია ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა: საზღვრის მოშლა ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. ისევე, როგორც შევარდნაძის მმართველობისას, ახლაც ორივე მხარე პრეზიდენტს ეფარება. მიხეილ სააკაშვილი კი შიდა სახელისუფლო დაპირისპირების დროს ამბობს ხოლმე, რომ იგი არ ერევა ინტრიგებში. რად დაუჯდება ქვეყანას ასეთი ჩაურევლობა, ძნელი მისახვედრი არ არის.
XS
SM
MD
LG