Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


23 მაისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,

არჩევნებში ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და პარლამენტში 15 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩია, ხოლო კიდევ 15 - მაჟორიტარული წესით. როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში და რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს მას?

წინასწარი მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სახელისუფლებო პარტიამ "ერთობამ" გაიმარჯვა. "ერთობამ" 30 მანდატიდან 20-ის მოპოვება შეძლო, ხოლო მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს კომუნისტურმა პარტიამ და სახალხო პარტიამ.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტში 4 მაჟორიტარის ადგილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქართული მოსახლეობისთვისაც იყო გამოყოფილი, მაგრამ ქართველების ბოიკოტის გამო, წინა არჩევნების მსგავსად, 4 სადეპუტატო მანდატი კვლავ აუთვისებელი დარჩა.

[ქართული მოსახლეობის ხმა] "არც არავის დაუძალებია და არც მივიღებთ მონაწილეობას. იმათ ქართველობა არ უნდათ, საქართველო არ უნდათ, ისინი რუსეთს მიეკუთვნებიან და ჩვენ ხომ რუსეთის მოქალაქეები არა ვართ. ვინც რუსეთის მოქალაქეები არიან, ისინი იღებენ იქ მონაწილეობას."

სამხრეთ ოსეთის როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში ამ არჩევნებისგან პოლიტიკის კარდინალურ შეცვლას არ მოელიან და მხოლოდ რუსეთთან უფრო სწრაფად დაახლოების სურვილს გამოთქვამენ. ამას აცხადებს თავის უმთავრეს ამოცანად სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი:

[ედუარდ კოკოითის ხმა] "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ აქ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, თავის ბინძურ მიზანს მიაღწიოს - შეაჯახოს ორი ხალხი, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მეგობრულად და კეთილმეზობლურად ცხოვრობენ. ჩვენი მოქმედებები იქნება ყველაზე მკაცრი და პრინციპული. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მიზნის მისაღწევად. მიზანი კი ერთი გვაქვს - რუსეთის ფედერაციაში შესვლა."

ედუარდ კოკოითი აჭარის მოვლენების შემდეგ ცხინვალის რეგიონში "კმარას" მოძრაობის გამოჩენითა და 26 მაისისთვის თბილისში და ცხინვალთან ახლოს, ლიახვის ხეობაში, დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებითაა შეშფოთებული.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სტატუს-კვო რომ აღარ შენარჩუნდება, ამაზე თუნდაც 24 მაისს ერგნეთის ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტი მეტყველებს. იქ სროლა აუტეხეს შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს მიხეილ ქარელს, რომელიც, საბედნიეროდ, არ დაშავებულა - დაზარალდა მხოლოდ მისი ავტომობილი. ქარელი მომხდარ ინციდენტს კონტრაბანდასთან ბრძოლას უკავშირებს და არა პოლიტიკას:

[რწმუნებულის ხმა] "26 მაისს ჩვენ მართლაც გრანდიოზულ ღონისძიებას ვგეგმავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ დავადასტურებ ვერანაირად იმას, რომ, აი, ამის გამო განახორციელეს ასეთი თავდასხმა."

მიხეილ ქარელმა მადლობა გადაუხადა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს მშვიდობისმყოფელებს, რომლებმაც თავმდამსხმელები ოპერატიულად დააკავეს. ისინი ცხინვალის მილიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
XS
SM
MD
LG