Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირდება თუ არა ნავთობის ფასები მკვეთრი მოთხოვნის შემთხვევაში?


ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ვნებათაღელვები არ ცხრება-ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის მიუხედავად, ოპეკის წევრი ქვეყნები



ნავთობის მოპოვების გაზრდას არ ჩქარობენ. ამსტერდამში ამასწინათ გამართულ ფორუმზე ამ ქვეყნების მინისტრებმა განაცხადეს, რომ ნავთობის მოპოვების ლიმიტების გაუქმება უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არის. ენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნების ორგანიზაციის იმავე ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი შეზღუდვებს არ ემორჩილება და ნავთობის მოპოვებას თითქმის 10 პროცენტით ზრდის. რამდენიმე დღის შემდეგ, საუდის არაბეთის დარად, ნავთობის მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილება ირანმაც მიიღო. ჯერ-ჯერობით ნავთობსა და ნავთობპორდუქტებზე ფასების ზრდის დინამიკა არ შეცვლილა. შესაბამისად საზოგადოებისთვის კვლავაც აქტუალურია, მაინც რამ გამოიწვია ნავთობზე ფასების მკვეთრი მატება. მოუსმინეთ, ნონა მჭედლიშვილს.


ვიდრე ნავთობზე ფასების მკვეთრი მატების საკითხს შევეხებოდეთ, იმაზე ვიმსჯელოთ, შესაძლებელი და მოსალოდნელია თუ არა ფასების ასევე საგრძნობი დაცემა .

უკანასკნელ ხანს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 40 დოლარამდე გაიზარდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის გაძვირებით მოქალაქეები იმდენად შეშფოთდნენ, რომ მზად არიან პრეზიდენტ ბუშს ნოემბრის არჩევნებში თუნდაც მხოლოდ ფასების შემცირების იმედად დაუჭირონ მხარი.

შეერთებული შტატების, ევროკავშირის, იაპონიისა და სხვა ძირითადი სამომხმარებლო ბაზრებისთვის, ოფიციალურ პირთა განცხადებით, ოპტიმალური ფასი ბარელში 22-28 დოლარი იქნებოდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ნავთობის მოპოვებაზე არსებული ლიმიტების გამო, 25 დოლარი იქნებ აღარც კი ჟღერდეს რეალისტურ ფასად.

ჩვენ ამ შეკითხვით პარიზის ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს დავუკავშირდით. ნავთობის მოთხოვნის სპეციალისტმა ენტონი ჰალფმა ნავთობის ფასების დინამიკაზე კომენტარს თავი აარიდა. თუმცა განაცხადა, რომ უკანასკნელ ხანს ნავთობზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა.

[ენტონი ჰაფის ხმა]" ჩვენ გავლიეთ რამდენიმეწლიანი პერიოდი, როდესაც ნავთობზე მოთხოვნა საკმაოდ ნელა იზრდებოდა. ზოგიერთი სპეციალისტი ამბობდა, რომ ნავთობის მოხმარების ნელი ზრდის ერაში შევედით. თუმცა მიმდინარე წელს ვხედავთ, რომ ნავთობის მოხმარების ზრდის კუთხით მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგა."

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნავთობზე მოთხოვნის ზრდის უდიდესი ფაქტორი ჩინეთის ეკონომიკის წარმატებული წინსვლა და გაფართოვებაა. მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 10 პროცენტით, უპრეცედენტოდ იზრდება. შესაბამისად ჩინეთი ყოველდღიურად უკვე მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს.

როგორც ჰალფი ამბობს, ნავთობზე ჩინეთის მზარდი მოთხოვნა იმის ნიშანია, რომ ფასების მკვეთრი დაცემა მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, რომ არა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩინეთში ნავთობსა და ნავთობპორდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა, სავარაუდოდ ოპეკის არაწევრ ქვეყნებში ნავთობმოპოვების გაზრდა საკმარისი იქნებოდა ფასების დასაწევად.


ფასების ზრდის მეორე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია შეერთებული შტატები, სადაც ბოლო დროს სულ უფრო მკვეთრად იზრდება დიზელის საწვავზე მოთხოვნა.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი დევიდ ფაიფი ნაკლებად პესიმისტურია ფასებთან დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ ოპეკის არაწევრ ქვეყნებში, კერძოდ რუსეთსა და დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში ნავთობის მოპოვების ზრდა დროთა განმავლობაში თავისთავად შეასუსტებს ფასებზე ზეწოლას. ოპეკის არა წევრ ქვეყნებზე მათ შორის რუსეთზე, კასპიის, ჩრდილოეთი ევროპის, ჩრდილოეთი ამერიკისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებზე მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 2/3 მოდის.

[ფაიფის ხმა]" მე ვიტყოდი, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალი ორი-ოთხი წლის განმავლობაში ფასებმა დაიწიოს და საშუალოდ ბარელში 22-28 დოლარი შეადგინოს. ამის ბაზისი კი არა ოპეკის წევრი ქვეყნების წარმოების ზრდა იქნება."

სამი-ოთხი წელი პრინციპში მოკლე დრო არ არის. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასი თითქმის ორი დოლარით გაიზარდა. რაც უნდა მოხდეს, ფაქტია, რომ ნავთობის მომხმარებელთათვის ცხელი, მწარმოებელთათვის კი შემოსავლიანი ზაფხული დგება.
XS
SM
MD
LG