Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს


საკუთარი ხელით ქუჩების დასუფთავების შემდეგ, თბილისის მერმა ადგილობრივი მმართველობის სისტემურ გარდაქმნაზეც დაიწყო ზრუნვა. თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილს ამ საკმაოდ მძიმე

და ტევადი სამუშაოს შესრულება მარტოს არ მოუწევს. თავადაც არასამთავრობო წარსულის მქონე მერს დახმარების ხელს საქართველოში მოქმედი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უწვდიან. რას უნდა ელოდეს საზოგადოება ამ თანამშრომლობიდან?

[ისმის მამაკაცის ხმა] "ამოსკდა ქვემოდან წყალი და ახლა დაახლოებით სამმეტრიანი ტბა არის კორპუსების შუაში... ბაყაყები, კოღოები, ჭიები და ასე შემდეგ, სანამ ნიანგი არ ამოძვრება იქიდან...

[ისმის სიცილი]


ამგვარ უშუალო და საქმიან ვითარებაში მასპინძლობდა ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში მოქმედ ორ ათეულამდე ყველაზე ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას. თბილისის მერის სურვილს, მეტი ეფექტურობით განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მონიტორნგი, მეტი მოქალაქე იყოს ჩართული ქალაქის მართვის პროცესში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის თქმით, მესამე სექტორი მხოლო მიესალმება:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "მზად ვართ ყველანაირად ეს ერთი ქალაქი მაინც გადავარჩინოთ და რეალური შედეგი ვაჩვენოთ თბილისში იმისა, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა უფრო მარტივი გზა არის პრობლემების მოსაგვარებლად, ვიდრე კონფრონტაცია და მუდმივად ერთმანეთის კრიჭაში დგომა."

საქმიანი ურთიერთობა, რაზეც ხიდაშელი საუბრობს, ქალაქის მერთან შექმნილმა საკონსულტაციო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს. მის ეფექტურ მუშაობაზე თავად ზურაბ ჭიაბერაშვილიც დიდ იმედებს ამყარებს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "საქართველოში ავტორიტეტულმა ადამიანებმა შემოგვთავაზეს მერიას კონკრეტული დახმარებები ისეთ სფეროში, როგორიც არის საწვრთნელი პროგრამები მერიის სამსახურების თანამშრომლებისათვის, რათა მათ უკეთესად შეძლონ გაერკვნენ საბიუჯეტო პროცესში, რა ფუნქციები ავალიათ მათ როგორც საჯარო მოხელეებს და ასე შემდეგ."

ჭიაბერაშვილს რიგითი თბილისელების იმედიც უნდა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ გამოკითხული ადამიანები ახალი მერისადმი საკუთარი კეთილგანწყობის დამალვას არ ცდილან:

[მამაკაცის ხმა] "მე ვგრძნობ ცვლილებებს და სიახლეები იქნება, მწამს. კარგი ახალგაზრდაა, კულტურული, განსწავლული. რა თქმა უნდა, მე წინასაც დიდ პატივს ვცემდი, ბატონ ვანო ზოდელავას, მაგრამ, აი, ეს, მჯერა, რომ ბევრ კაი საქმეს გააკეთებს."(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] " სიახლე ქალაქს დაეტყო - მე მგონი, ბევრი კარგი, სასიკეთო გაკეთდა... თავიდანვე დადებითად ვიყავით განწყობილი მის მიმართ, იქ თავის საქმიანობიდან გამომდინარე, და ვნახოთ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ იმედი გვაქვს."(სტილი დაცულია)

თბილისის მერიც, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ, რიგითი თბილისელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, რეალობად იქცევა როგორც ქალაქის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობა, ასევე ბიუჯეტის ეფექტური მონიტორინგის განხორციელება.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გამჭვირვალობაზე, პირველ რიგში, იგულისხმება ის, რომ ბიუჯეტს როცა ხელში აიღებს თუნდაც რიგითი მოქალაქე, ის გასაგები იყოს და არ იყოს საჭირო განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა და ეკონომიკური განათლება, რომ ვნახოთ, ფული რაში და რამდენი იხარჯება."



დღეს მერიაში არაერთხელ ითქვა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქს აუცილებლად ამგვარი ბიუჯეტი ექნება, ანუ თითოეულ თბილისელს, სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად ეცოდინება, სად და როგორ იხარჯება მის მიერ გადასახადების სახით სახელმწიფო ხაზინაში შეტანილი თანხა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG