Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიის სხვა სახე: ზეპირი ისტორიები


ჩვენი ყოველდღიური ყოფა პირად ცხოვრებასა თუ საზოგადოებრივ სფეროში მომხდარი უამრავი მოვლენით არის სავსე. დრო ამ მოვლენებს სხვადასხვაგვარ ბედს არგუნებს ხოლმე: ზოგი მათგანი დავიწყებას მიეცემა, ზოგი მხოლოდ ჩვენი პირადი მოგონებების ნაწილი ხდება, სხვები კი კოლექტიურ მახსოვრობაში რჩება და, საბოლოოდ, ისტორიის კუთვნილებად იქცევა. ჩვენს პირად ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ძალიან ხშირად უშუალოდაა დაკავშირებული ფართო პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებთან. სხვა საქმეა, რომ ტრადიციული ფორმით შემონახული ისტორია ნაკლებად ახერხებს იმ მრავალფეროვანი პერსპექტივების, განცდებისა თუ გამოცდილების ასახვას, რომელთაც მოვლენები სხვადასხვა სოციალური ფენის თუ ჯგუფის წარმომადგენლებში იწვევს. მინდა გიამბოთ ისტორიის კვლევის ალტერნატიულ მეთოდზე, რომელიც სწორედ ტრადიციული ისტორიის მრავალფეროვანი გამოცდილებით გამდიდრებას ისახავს მიზნად და რომელიც, ისტორიოგრაფიისთვის ჩვეული საარქივო და დამწერლობითი ფორმების ნაცვლად, ზეპირ ფორმას ემყარება.

“სტალინი რომ გარდაიცვალა, შიშის ზარმა მოიცვა მთელი საბჭოთა კავშირი. სახლში ვიყავი და გავედი ლენინის მოედანზე. და იქ იყო უამრავი ხალხი. ბუზის გაფრენა ისმოდა და ქვითინებდა ხალხი.”

“გადასახლების ამბებს ნუღარ კითხულობ. ბავშვებით ვიყავი სახლში მარტო, ცხონებული მამაჩემი არ იყო. ღამის პირველ საათზე მომადგნენ, ბატონო, მწვანექუდიანები. გამაღებინეს კარი. გავუღე. ორი საათი ნება მომცეს: ორ საათში რაცხას მოხიკავ, მოხიკე და წამოდიო. - სად? - გასახლებთო. - შვილი არ მყავს სახლში, მამა არ მყავს სახლში და როგორ თუ მასახლებთ-მეთქი. - გინდა თუ არა... გავემზადე. რაც მქონდა, მოვჭუჭკე და გამოვედი სახლიდან. წავიყვანე ეს უმცროსი გოგო. სიცხე იყო. ბერძნების ვაგონში შეგვყარეს, საშინლად - ძროხებივით, საქონელივით: არც დასაჯდომი მქონდა, არც დასაწოლი მქონდა; იქ ვიყავით შეყრილი ერთი სუტკა.” (სტილი დაცულია)

ეს მოგონებები დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ქალებმა უამბეს ქალთა ზეპირი ისტორიების მკვლევრებს. პირველი მათგანი სტალინის სიკვდილის განცდას იხსენებს, მეორე კი - სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი ტალღის გამოცდილებას, კერძოდ, იმ დროის ამბავს, როდესაც საქართველოდან შუა აზიაში ადამიანების მასობრივი გადასახლება მოხდა. ეს ორი მოგონება იმ ას ოცამდე ქალის ცხოვრების ისტორიებში შედის, რომლებიც 2001 წელს “ღია საზოგადოება-საქართველოს” ქალთა ქსელური პროგრამის მიერ განხორციელებულმა კვლევამ მოიპოვა. კვლევის მიზანი იყო მეოცე საუკუნეში საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ ქალთა ისტორიების, გამოცდილებისა და განცდების შესწავლა.

საქართველოში ეს იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული კვლევითი პროექტი, რომელმაც უშუალო მეთოდოლოგიად ზეპირი ისტორიის კვლევა აირჩია. თუმცა ისტორიის კვლევის ამ მეთოდს თავად აქვს დიდი ისტორია.

ზოგადად რომ ითქვას, წარსულის მოვლენათა შემდგომ თაობებში ზეპირი ფორმით გადაცემის პრაქტიკა, ალბათ, ყველა ეპოქასა და კულტურაში არსებობდა, მაგრამ ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის მეთოდი, 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს და შედეგია ისტორიის შენახვის ალტერნატიულ ფორმათა იმ ინტენსიური ძიებისა, რომელიც მე-20 საუკუნეში განხორციელდა. ისტორიკოსებმა ახალი მეთოდების და მიდგომების შემუშავება დაიწყეს, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ მათი დარგის პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ომებთან დაკავშირებულ ფაქტებზე ტრადიციული კონცენტრაცია არ ითვალისწინებდა ბევრი ადამიანისა და სოციალური დაჯგუფების გამოცდილებას.

ზეპირი ისტორიის მეთოდმა უშუალო შესწავლის ობიექტად ისტორიის ტრადიციულ წერილობით წყაროებში ხშირად უგულებელყოფილი, "ჩვეულებრივი" ადამიანების მოგონებები და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება გაიხადა. აქ ისტორიების შეგროვება ატარებს ინტერვიუს ფორმას, რომელიც მკვლევარსა და ინდივიდს შორის იმართება და, როგორც წესი, აუდიო ან ვიდეოფირზე იწერება. გენდერის საკითხების მკვლევარი თამუნა საბედაშვილი ამ მეთოდს ასე ახასიათებს: “ანალიზის ძირითად ერთეულად აქცევს ადამიანის გამოცდილებას. და არ მიაჩნია, რომ ეს არის აუცილებლად უტყუარი სიმართლე და ჭეშმარიტება, რასაც ადამიანი გვაწვდის ინტერვიუს დროს. მაგრამ თვითონ ის, თუ როგორ ახსოვს მას თავისი წარსული და რას წყვეტს, რომ უთხრას ინტერვიუერს, ითვლება მნიშვნელოვნად.”

ინდივიდთა მახსოვრობაში სტრუქტურირებულ მოვლენათა კვლევის გარდა, ზეპირი ისტორია ოფიციალურ წყაროებში იგნორირებული ფაქტების დაფიქსირებასაც ემსახურება. ამის მაგალითად თამუნა საბედაშვილი შემდეგ შემთხვევას იხსენებს: “ზეპირმა ისტორიებმა გახსნა ისეთი ფურცლები, რომლებიც ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში საერთოდ იგნორირებული იყო ან არ არსებობდა. მაგალითისთვის, როდესაც მეორე მსოფლიო ომისას გაათავისუფლეს ფრანგებმა და ამერიკელებმა იტალია, იქ ჰყავდათ დაქირავებული მაროკოელი ჯარისკაცები. მათ, როგორც ჯილდო, ჰქონდათ უფლება, რომ ქალებთან დრო გაეტარებინათ, იტალიელ ქალებთან. ეს მომენტი ისტორიოგრაფიაში არ არის დაფიქსირებული, რომ ესენი მასობრივად აუპატიურებდნენ ქალებს. ათიათასობით გაუპატიურებაზეა საუბარი.”

ტრადიციული ისტორიის მიერ უგულებელყოფილი გამოცდილების რეაბილიტაციის სურვილის გამო, ზეპირი ისტორიის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა ნიშნით უმცირესობას მიკუთვნებული სოციალური დაჯგუფებები იქცა. ისტორიის კვლევის ეს მეთოდი ინტენსიურად გამოიყენება, აგრეთვე, სქესთა ურთიერთმიმართების საკითხების შესწავლაში. თამუნა საბედაშვილი ამ ასპექტს ასე ხსნის: “გენდერული პოლიტიკის კუთხით არის ძალიან მრავლისმთქმელი და ძალიან დიდი პოტენციის მქონე. რატომ? იმიტომ რომ, ვთქვათ, თუ ჩვენ თეორიულად შეგვიძლია, რომ განვიხილოთ და გავაანალიზოთ ისეთი ცნებები, როგორიცაა დისკრიმინაცია, მსხვერპლად ყოფნა, ძალთა იერარქია და ასე შემდეგ. მოკლედ, თეორიულად გაანალიზება ამ პრობლემების არის ერთი მხარე და მნიშვნელოვანი, მაგრამ ზეპირ ისტორიას შეუძლია, რომ გადმოგვცეს კომპლექსურად ადამიანის ცხოვრების კუთხით.”

ღია საზოგადოების ქალთა ქსელური პროგრამის მიერ საქართველოში განხორციელებულ კვლევით პროექტს თამუნა საბედაშვილი იმ ადამიანების ხმად მიიჩნევს, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, როგორც წესი, გარიყულები არიან:
“საერთოდ, ქალების ისტორია და მონათხრობი ჩვენს ქვეყანაში მაინცდამაინც არ ფიგურირებს, არსად არ ჩანს ასეთი ფორმით – მით უმეტეს, არც იყო ზეპირი ისტორიები – და, მით უფრო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების, იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობების ხმა, საერთოდ, ნაკლებად ისმის. ძალიან ძლიერი არის ასეთი პროექტები ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის, იმიტომ რომ, როდესაც წავიკითხავთ ამ მასალას, იქ ეთნიკური უმრავლესობის თუ უმცირესობის წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა უმცირესობის, რომ წაიკითხავს მიხვდება, რომ უფრო მეტი საერთო აქვს ამ ადამიანს შენთან, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ვიდრე შენ გეგონა.”

23-26 ივნისს რომში ჩატარდა ‘მეხსიერება და გლობალიზაციად’ წოდებული ზეპირი ისტორიების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც თამუნა საბედაშვილმა “ღია საზოგადოების” მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტი წარადგინა. თამუნა ფიქრობს, რომ საქართველოში მცხოვრები ჩვეულებრივი ქალების ომებთან, მიგრაციებთან და ძალაუფლების სტრუქტურებთან დაკავშირებული ისტორიების ფართო საზოგადოებაში წარმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამით იმ ადამიანების გამოცდილებას შევიტყობთ, ვისი ხმაც არც წარსულში და არც აწმყოში არ გაგვიგია.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG