Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოროსის ფონდის წარმომადგენლობა ცხინვალში, შესაძლოა, დაიხუროს


16 ივლისს ცხინვალის პოლიციამ თბილისის სამოქალაქო სექტორის სამი წარმომადგენელი დააკავა და თითქმის შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის” ხელმძღვანელს მაია ცაბოშვილს, სტუდია” რე” -ს მთავარ რეჟისორს მამუკა ყუფარაძესა და ფონდ -“ღია საზოგადეობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს დავით დარჩიაშვილს ოსი გამომძიებლები ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ოსმა შეიარაღებულმა პირებმა თბილისელი არასამთავრობოები ცხინვალიდან ერგნეთის საგუშაგომდე თავად მიაცილეს და ქართულ მხარეს გადასცეს. მომხდარი ინციდენტი კი, თავის მხრივ, შესაძლოა, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ცხინვალის წარმომადგენლობის დახურვის საბაბად იქცეს.

თბილისის სამოქალაქო სექტორის სამივე ზემოხსენებული წარმომადგენელი, შეიძლება თამამად ითქვას, ცხინვალის რეგიონში შესვლისას სრულიად ნეიტრალურ, სამშვიდობო გეგმებს ისახავდა მიზნად. ქართულ-ოსურ პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციის “იბერ-ირონის” ხელმძღვანელი მაია ცაბოშვილი, ვითარების ადგილზე გაცნობით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სუბიექტური პოზიციის გამორკვევასა და სიმართლის თქმას აპირებდა. მისი აზრით, პოზიციების შეჯერება კონფლიქტის განმუხტვის მთავარი იარაღია. სტუდია ”რეს” მთავარი რეჟისორი მამუკა ყუფარაძე ცხინვალის რეგიონის ოსი მოსახლეობის ცხოვრებისა და მიზნების ამსახველი ტელე-რეპორტაჟისთვის მასალებს აგროვებდა. ცხინვალელ პარტნიორებთან ერთად სამი წლის წინ სამხრეთ ოსეთში მან უკვე გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით ” მშობლიური კერის სითბო”. ფილმი რეგიონში ქართველი და ოსი დევნილების დაბრუნების შესახებ მოგვითხრობს. დაახლოებით ერთი კვირის წინათ მაია და მამუკა დაბრკოლების გარეშე შევიდნენ ცხინვალში. მათ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაშინ კეთილგანწყობილი კოლეგიალობით დახვდნენ. 16 ივლისს კი რადიკალურად განსხვავებული ვითარება შეიქმნა: მანამდე, ვიდრე თბილისელ არასამთავრობოებს ძალით ცხინვალის მილიციის განყოფილებაში მიიყვანდნენ, ისინი ოსი პარტნიორებისგან აღმოჩნდნენ იგნორირებულნი. ცხადი გახდა, რომ ცხინვალის ხელისუფლებისა და, მისი გავლენით, ოსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პერსონა ნონ-გრატად ქართული არაოფიციალური დელეგაციის მესამე წევრი, სოროსის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი იქცა. ამ უკანასკნელის თქმით, “ვარდების რევოლუციისა” და რუსეთში სოროსის ფონდის დახურვის შემდეგ ცხინვალის ხელისუფლების ფონდისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო ნეგატიური გახდა.თავის მხრივ, ბოლო ხანს სოროსის ფონდის ცხინვალის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა თბილისის სათავო ოფისმაც შეაჩერა. დავით დარჩიაშვილის ცხინვალში ჩასვლის ძირითადი მიზანი, ზოგადი ვითარების გაცნობის გარდა, ფონდში არსებული პრობლემების გარკვევაც იყო. ეს არ მოხერხდა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, როგორც ჩანს, რადიკალური იქნება. დავით დარჩიაშვილის აზრით, სოროსის ფონდის წარმომადგენლობა ცხინვალში უნდა დაიხუროს.

[დავით დარჩიაშვილის ხმა]”დღევანდელ პირობებში წარმომიდგენია, რომ მათი ეს გრანტები ნამდვილად არ მოხმარდება დემოკრატიზაციას და მშვიდობის მშენებლობას.”

გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში, სოროსის ფონდის წარმომადგენლობის გარდა, რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ქართველ კოლეგებთან აქამდე მათი უმრავლესობა ენთუზიაზმით თანამშრომლობდა.

გამწვავებული კონფლიქტის პირობებში მათ, იმავე დავით დარჩიაშვილის თქმით, ალბათ, გმირობა არც მოეთხოვებათ. მით უმეტეს, ისეთ ჩაკეტილ საზოგადოებაში, როგორიც ცხინვალის რეგიონია:

[მაია ცაბოშვილის ხმა]”მანამდე სატელეფონო ზარებში ჩვენ ვიგრძენით, როდესაც მე ჩემს მეგობრებს ვუკავშირდებოდი, ბევრმა ღიად მითხრა: მაია, გაგვიგეთ, ჩვენ არ შეგვიძლია თქვენთან ღიად შეხვედრა. ერთ-ერთმა ქალბატონმა მე ისიც კი მითხრა, მაია, მე დღე-დღეზე ველოდები დაჭერასო.”(სტილი დაცულია)

მაია ცაბოშვილი, მამუკა ყუფარაძე და დავით დარჩიაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას, მშვიდობიანად დაბრუნდნენ თბილისში. ცხონვალელმა მილიციელებმა პირადი ნივთებიდან მათ მობილური ტელეფონები და ჯიბის კომპიუტერი აღარ დაუბრუნეს.
XS
SM
MD
LG