Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და “კანონის უზენაესობის მისია”


დღეს ერთ "ისტორიულ სიახლეზე" ვისაუბრებთ

- ასე უწოდებენ ექსპერტები ევროკავშირის მისიას საქართველოში. რატომ და, საერთოდ, რა სიახლეზეა ლაპარაკი?

ამ კვირაში ევროკავშირი იწყებს “კანონის უზენაესობის” მისიას საქართველოში - პირველად და ამის გამოა ლაპარაკი ისტორიულ სიახლეზე. თუმცა ამაზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ჯერ ზოგადად, მისიის არსზე.

ევროკავშირის მისია, რომლის შესრულება 8-წევრიან დელეგაციას ევალება, რჩევით უნდა დაეხმაროს საქართველოს იუსტიციის სისტემის სხვადასხვა სფეროს რეფორმირებაში.
[სილვი პანცის ხმა] “მიზანი ამ მისიისა, რომლის გაძღოლის ბედნიერებაც წილად მხვდა და რომელიც ქართველი ხალხის თხოვნით იწყება (ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია) - არის ის, რომ მას დავეხმაროთ საკუთარი გზის მიგნებაში ყველა ამ იდეას, ექსპერტების შეფასებებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამჟამად მიედინება საქართველოსაკენ. ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა მიაკვლიოს სტრატეგიას საკუთარი მომავლისათვის - მე იუსტიციის სფეროს ვგულისხმობ.”

ეს სიტყვები პარასკევს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოთქვა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, სილვი პანცმა - ფრანგმა მოსამართლემ, რომელიც ევროპაში სამართლის წამყვან ექსპერტებს მიეკუთვნება. საფრანგეთში ის 20 წელი მსახურობდა პროკურორად და მოსამართლედ. 90-იან წლებში 4 წელი ხელმძღვანელობდა ჰააგაში განთავსებული ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალის საგამოძიებო განყოფილებას, შემდეგ გახდა კოსოვოში გაეროს წარმომადგენელი სამართლებრივ საკითხებში, მოგვიანებით - ბოსნიაში სამართლებრივი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრი.

მაგრამ “კანონის უზენაესობის მისია”, როგორც ითქვა, პირველად საქართველოში ტარდება. აი, რა გვითხრა საქართველოში ევროკავშირის პროგრამების ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს უფროსმა, ნიკოლოზ ნადირაშვილმა: [იხ. აუდიოვერსია]

კანონის უზენაესობის, ანუ, როგორც ნიკოლოზ ნადირაშვილმა ინგლისურად ახსენა “Rule of Law” მისიის ფარგლებში, ევროკავშირის 8 ექსპერტი 1 წელი დარჩება საქართველოში. ისინი რამდენიმე სამინისტროში, აგრეთვე უზენაეს სასამართლოში, თბილისის საოლქო სასამართლოში, თბილისის პროკურორის ოფისში, სახალხო დამცველის ოფისში იმუშავებენ - როგორც მისიის ხელმძღვანელი სილვი პანცი ამბობს, გაერკვევიან საქართველოს კანონდამცველი ორგანოების მოქმედებაში. [სილვი პანცის ხმა] “მისია იწყება კანონების გაცნობით: ლაპარაკია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის, უწყებების, მოსამართლეების გაცნობაზე. როგორ შეიძლება მოსამსართლეების დამოუკიდებლობის მიღწევა? იგულისხმება მოსამართლეთა შემოსავლებიც. მისიის ამოცანაა ასევე, გაეცნოს, როგორ მუშაობენ პროკურატურაში, როგორ მუშაობენ ვექილები, ექსპერტები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მუშაკები - ყველა, ვინც იუსტიციის სფეროში მუშაობს”. ევროკავშირის მისიის ამოცანა არ არის საქართველოში მზა “რეცეპტის”, მზა სისტემის ჩატანა: [სილვი პანცის ხმა] “როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნლებს ავუხსენი (და ისინი ძალიან კმაყოფილი დარჩნენ), ეს არ იქნება ჩემი სისტემა, ფრანგული ან რაიმე სხვა სისტემა. ეს მათი სისტემა უნდა იყოს და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მისიაში, რომელშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა, ისე ჩანდა, თითქოს უცხოეთი, უცხოური ორგანიზაციები თავს ახვევდნენ თავიანთ კანონებს ამათუიმ ქვეყანას. ეს უბრალოდ სასაცილოა. საქართველომ საკუთარ გზას უნდა მიაკვლიოს. ქართველებს აქვთ საკუთარი სისტემა - მათ ანგარიში უნდა გაუწიონ თავიანთ ტრადიციებს, თავიანთ ისტორიას, ადამიანურ რესურსებს, გამოვლილ ტანჯვას - ყველა გავლენას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ყალიბდება”.

და მაინც, სილვი პანცს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველომ გაითვალისწინოს სხვა ქვეყნის გამოცდილება იუსტიციის რეფორმის სფეროში - საამისოდ ლიტვა შეირჩა და იუსტიციის სფეროში მისი 1998 წლის რეფორმების პროგრამა. ეს კი (ლიტვის შერჩევა), როგორც ჩანს, შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც საქართველოში ევროკავშირის პროგრამების ევრონული საკოორდინაციო ბიუროს ხელმძღვანელმა გვითხრა: [იხ. აუდიოვერსია]

ევროკავშირის მისიის “კანონის უზენაესობა” პრეზენტეცია თბილისში სამშაბათს საღამოს გაიმართა. მასზე საუბარი უთუოდ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ყოველკვირეულ პროგრამაში “ახალი ევროპა” და არა მარტო მასში. ევროკავშირმა ამ მისიით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში.

ბოლოს შეგახსენებთ ბოლოდროინდელ მთავარ გადაწყვეტილებებს: წელს, 14 ივნისს ევროკავშირმა საქართველო “სამეზობლო პროგრამაში” ჩართო, 16- 17 ივნისს კი ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე ევროკომისიამ 125 მილიონ ევრომდე გაზარდა საქართველოსათვის განკუთვნილი დახმარება, რაც, სხვათა შორის, აფხაზეთსა და ოსეთში სარეაბილიტაცო ზომების დაფინანსებასაც უნდა მოხმარდეს.
XS
SM
MD
LG