Accessibility links

logo-print

ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის ადგილებს მეწყერი ემუქრება


გახშირებული წვიმების გამო მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებმა ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის მოსახლეობამ დღეს ნავთობსადენის მშენებლობასთან

მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა და სოფლიდან სასწრაფოდ გასახლება მოითხოვა. ბორჯომის რაიონის გამგებელი პრობლემის მოსაგვარებლად 2 მლნ ლარს ითხოვს და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ბრითიშ პეტროლიუმში კი აცხადებენ, რომ მათ თანხა, შესაძლებელია, მხოლოდ სკრუპულოზურად დასაბუთებული დოკუმენტის შემდეგ გასცენ. ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობის არაინფორმირებულობაზე საუბრობენ.

ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის მოსახლეობამ დღეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა. დამეწყრილ ზონაში მდებარე სოფელი გახშირებული წვიმების გამო კვლავ ნგრევის საშიშროების წინაშე დგას. დგვარის 118 ოჯახი ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დახმარებას სთხოვს.


[თინიკო მამასარაშვილის ხმა] ‘’ჩვენი სოფელი მდებარეობს მეწყერულ ზონაში. მთავრობისგან დაპირების მეტი არაფერი გვახსოს. სახლებში ვეღარ შევდივართ, პირდაპირ კედლიდან შეიძლება გასვლა. სახლების 95% ამ დღეშია. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, უფრო უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, აქედან ფეხს არ მოვიცვლით.”

[ამირან გოგოლაძის ხმა] “მოვითხოვთ სასწრაფოდ გადაწყდეს ჩვენი გასახლების საქმე. სახლების 90% დალეწილი და საცხოვრებლად უვარგისია. მიწა არის დაპობილი. სასწრაფოდ მოხდეს ამ საკითხის სამთავრობო დონეზე გადაწყვეტა და ამაში ბრითიშ პეტროლიუმმაც მიიღოს მონაწილეობა, რადგან ჩვენი სოფელი სამშენებლო ზოლშია მოქცეული. მოგვცენ საიმედო მდგრადი ადგილი და ჩაგვასახლონ ბორჯომის რაიონშივე.’’

ბორჯომის რაიონის გამგებელი ვანო გელაშვილი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებას 2 მლნ ლარი მაინც სჭირდება და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით როგორც ძველი, აგრეთვე ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ამჟამად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი იმნაძე ხელმძღვანელობს. ვანო გელაშვილი კომისიის მუშაობაზე საუბრობს:

[ვანო გელაშვილის ხმა] ,,სოფელ დგვარზე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელმაც იმსჯელა, რომ ხალხი არის გამოსასახლებელი. იქ არის გეოლოგიური დასკვნები. ეს პროექტი დევს მთავრობაში და უახლოეს დღეებში გადაწყდება, თუ რა ფორმით მოხდება ამ სოფლის გასახლება თუ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს უკვე ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია.’’

დგვარელები ნგრევის საშიშროების წინაშე 1970 წლიდან დგანან. დაძაბულობა კი გამოიწვია ნავთობსადენის მშენებლობამ, რომელიც სოფლიდან დაახლოებით 900-იოდე მეტრის დაშორებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივა’’ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სოციალური მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი კომისიის გადაწყვეტილებასა და მოსახლეობის არაინფორმირებულობაზე ამახვილებს ყურადღებას:

[ქეთი გუჯარაიძის ხმა] ,,ინფორმაცია ჩვენ ვიცით მოთხოვნის საფუძველზე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილია, თუ არ ვცდები, 1 მლნ 800 ათასი ლარი, რაც თითოეულ ოჯახზე 15 000 ლარს აღწევს. მოსახლეობას სწორედ ეგ აღელვებს, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი.’’

ბრითიშ პეტროლიუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ გამორიცხავს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობის მიღებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ნავთობსადენის მშენებლობის ტრასა ისე შეირჩა, რომ მეწყერზე მას ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა.

[რუსუდან მეძმარიაშვილის ხმა] ,,ნავთობსადენის მშენებლობაზე როდესაც მარშრუტის შერჩევა ხდებოდა, აბსოლუტურად გათვალისწინებული იყო ყველანაირი და, მათ შორის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მონაცემები - აგრეთვე, დამეწყრილი ზონის - და ისე იქნა შერჩეული და დაპროექტებული ნავთობსადენის ტრასა, რომ მას არავითარი ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა მეწყერზე.რაც შეეხება კომპენსაციის გადაცემას, ჯერ მთავრობამ უნდა მოამზადოს ზედმიწევნით დასაბუთებული დოკუმენტები და, შესაძლებელია, ჩვენ მივიღოთ მასში მონაწილეობა.’’

მოსახლეობა დგვარიდან სასწრაფოდ გასახლებას და ბორჯომის რაიონში ცხოვრებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება კი ცენტრის გადაწყვეტილებას ელოდება.


XS
SM
MD
LG