Accessibility links

logo-print

დედაქალაქისათვის წვიმით მიყენებული ზარალის ოდენობა, წინასწარი მონაცემებით, 4 მილიონ ლარს შეადგენს


თბილისში კოკისპირული წვიმების შედეგად მიყენებული ზარალის დადგენისა და დაზარალებულთა დასახმარებლად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, 23 ივლისს საგანგებოდ შეიკრიბა დედაქალაქის მთავრობა.

სხდომა რატომღაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისთვის დახურული აღმოჩნდა. სხდომის დასრულების შემდეგ კი ქალაქის პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა 4 მილიონი ლარის ფარგლებში შეაფასა. მისი თქმით, ეს წინასწარი ციფრია და მის გამოთვლას სპეციალური კომისია უახლოეს ხანში დაასრულებს. აღნიშნული კომისიის გარდა, თბილისის რაიონულ გამგეობებში მუშაობას განაგრძობენ საგანგებო შტაბები, რომელთაც, დახმარების მიღების იმედით, უკვე აკითხავენ დაზარალებული თბილისელები. მე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე.

[დაზარალებულის ხმა] ”ეს მეწყერი, ძაან დიდი წვიმა რომ იყო გუშინ, საერთოდ ჩამოინგრა, ქვედა მხარე რაც არის ამ გორის. და ვართ ჰაერში გამოკიდებულები. დღეს შევიტანე განცხადება და დამიბარეს სამშაბათს და არ ვიცი, როგორ იქნება.” (სტილი დაცულია)

ელისო ჩუღურეთის რაიონში, ლენტეხის შესახვევში, ცხოვრობს. მან დახმარებისათვის რაიონის გამგეობას მიმართა. მისი განცხადება, როგორც ხდება ხოლმე, სპეციალურ აღრიცხვაზე აიყვანეს და, ამის დასტურად, ნომერი მისცეს. მის ქუჩაზე განთავსებული სახლების უმრავლესობა ისედაც ავარიული იყო, განსაკუთრებით, 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ. სახლები მთის ფერდობსაა შეფენილი. 22 ივლისის ძლიერი წვიმის შემდეგ კი მეწყერმა ფერდობი ისე გამორეცხა, რომ შენობების საძირკვლებს პრაქტიკულად საყრდენი გამოაცალა. იმავე მეწყერმა დაფარა ფერდობის ძირში გამავალი სარკინიგზო ლიანდაგიც. ლიანდაგი დღეისათვის პრაქტიკულად გაწმენდილია. რა ბედი ელით სახლებსა და მის ბინადართ, ჯერ არავინ იცის. მათ შორის, არც ქალაქის პრემიერმა ბიძინა ბრეგაძემ. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისადმი დახმარების ფინანსურ და მატერიალურ შესაძლებლობებზე იგი ამგვარ პასუხს იძლევა:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] ”რაიონების გამგეობების განკარგულებაში არის ჩინეთის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარება, გარკვეული რაოდენობით - თუნუქი, რომელიც მოხმარდება ძალიან მძიმე სიტუაციაში მყოფი სახლების გადახურვას.”

თუნუქი და გადახურვა კარგია, მაგრამ, ფაქტია, რომ იგი წვიმის შედეგად დაზარალებულთა მცირე ნაწილისათვისაა პრიორიტეტული. პრობლემა გაცილებით კომპლექსურია: მუდმივი მეწყერსაშიშროება, სანიაღვრე ჭებისა და კოლექტორების გაუმართაობით გამოწვეული წყლის ჭავლების ბინებში შეჭრა, შიდა საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნიაღვარში ფეკალური მასების შერევა და სხვა. სანიაღვრე სისტემების აშენებასა და რეაბილიტაციაზე, ბიძინა ბრეგაძის თქმით, საფუძვლიანად 2005 წლის ბიუჯეტი იზრუნებს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი უძლურია წვიმის სტიქიით გამოწვეული ზარალი დააფინანსოს.

[დაზარალებულის ხმა] ”ჩემი სახლი ოთხი ოთახია და ოთხივე ოთახში წვიმდა ისე, როგორც გარეთ. ნუ, მთავრობისგან მოვითხოვთ დახმარებას, რა თქმა უნდა. ქვეყანაში, სადაც არ არის ხელფასი, პენსია, არავითარი დახმარება, ამაში მაინც უნდა დაგვეხმაროს მთავრობა.”

ქალბატონი გუგული მთაწმინდაზე, აბაშიძის ქუჩაზე, ცხოვრობს. მისი ბინა ჯერ კიდევ მიწისძვრის დროს დაზიანდა. ბინას საგანგებო კომისიამ მეორე მწვავე კატეგორია მიუსადაგა. ქალბატონი კომისიას ამჯერად უკვე წვიმისგან დამატებული დაზიანების დასაფიქსირებლად იწვევს. იგი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ სახელმწიფოსგან კუთვნილ საკომპენსაციო თანხას მიიღებს. მის მდგომარეობაშია ზანდუკელის ქუჩის მცხოვრები ბატონი ნოდარიც.

[დაზარალებულის ხმა] ”წვიმა გუშინ, მაგალითად, შემომივარდა მე თვითონ. იქ სანიაღვრეც არ არის დაცული, პადვალში ჩამივარდა და, მიწისძვრის გამო, კიდევ უფრო დაემატა ეს და შეირყა შენობა.” (სტილი დაცულია)

დაზარალებული თბილისელების ფორმალურ გულშემატკივართა რიგებს ოფიციალური სტრუქტურებიდან 23 ივლისს თბილისის საკრებულოც შეუერთდა. წვიმისაგან მიყენებული ზარალის ანგარიშს საკრებულო მთავრობისაგან მომავალ კვირაში მოისმენს.
XS
SM
MD
LG