Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 549-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 549-ე გამოშვებას. დღეს ვიმსჯელებთ პოლიციის რეფორმის ზოგიერთ ხარვეზზე; გიამბობთ შვეიცარიელ და ქართველ ხელოვანთა ერთობლივ აქციაზე, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო; შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის დახმარებით, შევაფასებთ ქართველ სპორტსმენთა შანსებს ათენის მოახლოებულ ოლიმპიადაში; ისრაელში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის წინ შემოგთავაზებთ საუბარს ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩთან რევაზ გაჩეჩილაძესთან; "მეათე სტუდიის" ბოლოს კი ვეცდებით გავარკვიოთ, ვინ არიან ახალგაზრდა რუსების გმირები? რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

პოლიციის რეფორმის ხარვეზები

დავით კაკაბაძე:
საქართველოში პოლიციის რეფორმის გამოცხადებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საამისოდ ბევრი დრო არა აქვს. რას ნიშნავს პოლიციის გარდაქმნა მოკლე დროში? მიმდინარეობს თუ არა ის კანონის დაცვით? რამდენად შეიცავს საფრთხეს პოლიციელთა მასობრივი დათხოვნა? ამ და სხვა საკითხებზე დავით პაიჭაძე ესაუბრა იურისტ შალვა თადუმაძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლებიდან”, რომელიც სწორედ სამხედრო და გასამხედროებულ უწყებებში ეწევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

“ახალი პოლიტიკური გადანაწილება” და შვეიცარიელ და ქართველ ხელოვანთა ერთობლივი აქცია

დავით კაკაბაძე:
თბილისის ისტორიის მუზეუმში დაიხურა შვეიცარიელი ფოტოგრაფის ჟან-ჟაკ კისლინგისა და ქართველი მხატვრის კოტე ჯინჭარაძის ერთობრივი გამოფენა, რომელიც, ამავე დროს, საპროტესტო აქციას ჰგავდა. ეს შვეიცარიულ-ქართული პერფორმანსი სამყაროს პოლიტიკური გადანაწილების წინააღმდეგ იყო მიმართული. გამოფენაზე ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, გიორგი გვახარიას ყურადღება მიიპყრო ინსტალაციამ წარწერით: “უხილავი ტოტალური კონტროლის პირობებში მოხალისეთა ჯგუფი შევიდა ვირტუალურ გარემოში და ინტერაქტიულ სივრცეში დაიწყო ცხოვრება”.

გიორგი გვახარია:
კოტე ჯინჭარაძეს გამოფენების მოწყობა მაშინ უყვარს, როცა დედაქალაქის სამხატვრო დარბაზები ტაიმ-აუტს იღებენ და ქართველი ავანგარდისტები დასავლეთის ქვეყნებში ცდილობენ გამოფენების მოწყობას. კოტემ თავისი ამ აქციის შესახებ “რადიო თავისუფლებას” ჯერ კიდევ შარშან, ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ უამბო. სწორედ ჟენევის ტბაზე მოაწყო მან საპროტესტო აქცია “დუმილი თანხმობის ნიშანია, ანუ მოლაპარაკება თევზებთან”.

[კოტე ჯინჭარაძის ხმა]: “აქციებს ჰქვია "დუმილი თანხმობის ნიშანია", მე გამოვდივარ ინტერაქტიული სამყაროს წარმომადგენელი, თევზების სამყაროს კი დავარქვი "ინტერპასიური სამყარო"... ინტერაქტიური სამყარო თამაშობს თევზების სამყაროს, ისინი არ პასუხობენ. ეს ერთგვარი თამაშია. ადამიანები კარგავენ დიალოგის უნარს, ამიტომ მე ვუკავშირდები სამყაროს, რომელთანაც ადამიანს არავითარი კავშირი არა აქვს."

თბილისიდან ჟენევის ტბამდე შორია, მაგრამ კოტეს აზრით, დიალოგის უნარი ადამიანებს აქაც დაკარგული აქვთ. ამიტომაა, რომ გამოფენა-ინსტალაცია ამჯერად თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო... ერთი განსხვავებით – იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთთან დიალოგს ვერ ამყარებენ, სადაც უცხოსი ეშინიათ და ეჭვის თვალით უყურებენ, დიალოგს ამყარებს ორი თანამოაზრე, ორი მხატვარი - ქართველი და შვეიცარიელი, ჟან-ჟაკ კისლინგი, რომელიც კოტემ შვეიცარიიდან ჩამოიყვანა.

ჟენეველმა ფოტოგრაფმა შვეიცარიაში ძალზე პოპულარული კულტურის ცენტრის, “არტამისის” ფოტოები წარმოგვიდგინა, როგორც იმის ნიმუში, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას, გააერთიანოს ადამიანები, კოტე კი კვლავაც ელექტრონული მედიის ძალაუფლებაზე ქილიკობს – ქარვასლის საგამოფენო დარბაზის ცენტრში დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანის წინ მინიატურული მინის ეკრანები იყო განთავსებული. კოტე აქ სამყაროს ვიზუალური აღქმის მეტამორფოზაზე ლაპარაკობს. ყველაფერი გამოქვაბულის მხატვრობით დაიწყო და ტელეეკრანებით, კომპიუტერული მონიტორებით დასრულდა... თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. როცა ელექტრონული მედია მასების მანიპულაციას ეწევა და კონკრეტული ადამიანის ხმა არ ესმის, ეს ადამიანი, მით უფრო, თუ იგი მხატვარია, იძულებულია დაუკავშირდეს სამყაროს, სადაც მას მოუსმენენ, მაგრამ მის ქმედებას არავინ შეაფასებს, არავინ დასდებს ბრალს... თევზები ხმას არ იღებენ, მაგრამ დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია...

გიორგი გვახარია, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ათენის 28-ე ოლიმპიადის წინ

დავით კაკაბაძე:
ათენის 28-ე ოლიმპიური თამაშების გახსნამდე სამი კვირაღა რჩება. მართალია, სპორტის მოყვარულებს ჩვენ ყოველ კვირა დღეს ვთავაზობდით ოლიმპიური ციკლის გადაცემებს სახელწოდებით "ჰელსინკიდან ათენამდე", მაგრამ ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების მზადების შესახებ უკანასკნელად აპრილის დამდეგს გიამბეთ. მაშინ ოლიმპიური საგზური საქართველოს 28 სპორტსმენს ჰქონდა მოპოვებული. რა შეიცვალა მას შემდეგ? გაირკვა თუ არა საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა? და, საერთოდ, რა განწყობითა და იმედით მიემგზავრებიან ეროვნული გუნდის წევრები ათენის თამაშებზე საასპარეზოდ? ამ შეკითხვებით გიორგი კაკაბაძემ მიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს.

გიორგი კაკაბაძე:
ათენში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა 30-მა სპორტსმენმა, რომელიც ცხრა სახეობაში გამოვა. საქმე ის არის, რომ რიგ დისციპლინებში - მათ შორის, მძლეოსნობაში - საკვალიფიკაციო ტურნირები გრძელდება და არ არის გამორიცხული, საქართველოს დელეგაციას კიდევ 2-3 სპორტსმენი დაემატოს. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა (36 სპორტსმენი) საქართველოს ჰყავდა ატლანტისა და სიდნეის ოლიმპიადებზე. თუმცა, როგორც ემზარ ზენაიშვილი აღნიშნავს:

[ზენაიშვილის ხმა] “ეს, დაახლოებით, იგივე დონეა, რაც იყო წინა ორ ოლიმპიადაზე. ამ რაოდენობით ჩვენ აღმოვჩნდებით, დაახლოებით, 60 ქვეყანას შორის და ეს საკმაოდ ნორმალური და კარგი წარმომადგენლობაა ქართული სპორტისა, თავისი გეოგრაფიის გათვალისწინებით: სპორტის 9 სახეობა - ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს დღევანდელი ქართული სპორტის პოტენციალს.”

საქართველოს ნაკრების, დაახლოებით, ყოველ მესამე წევრს უასპარეზია ოლიმპიურ თამაშებზე. გუნდში ხუთი ოლიმპიური პრიზიორია. მათ შორისაა ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

სპორტსმენთა საშუალო ასაკი 25 წელია, ნაკრებში 5 ქალია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის შეფასებით, დაახლოებით, 10 სპორტსმენს ოლიმპიური მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს, ხუთმა მათგანმა კი შეიძლება ოქროს მედალზე განაცხადოს პრეტენზია:

[ზენაიშვილის ხმა] “თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ათენიდან 5-6 ოქროს მედლით უნდა დავბრუნდეთ. ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ დღეს ქართული დელეგაციის სპორტული, პროფესიული, ინტელექტუალური, ფიზიკური პოტენციალი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ, მინიმუმ, ერთი ოქროს მედლით და სხვა სინჯის რამდენიმე მედლით დავბრუნდეთ საქართველოში.”

რაც შეეხება ოქროს მედლის მაძიებელთა ვინაობას:

[ზენაიშვილის ხმა] “ვფიქრობ, რომ ელდარ კურტანიძეს, მანუჩარ კვირკველიას, მინდორაშვილს, ნოზაძეს, ასანიძეს, სალუქვაძეს და კიდევ სხვას შეუძლია თავისი შესაძლებლობების კარგად რეალიზება და მედლებით დაბრუნება. თუმცა სპორტის პეწი ისიც არის, რომ სიურპრიზების შემოთავაზება სხვებსაც შეუძლიათ და ამის პოტენციალიც აქვთ.”

ემზარ ზენაიშვილი ამბობს, რომ ათენის თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადება გაცილებით უკეთეს პირობებში მიმდინარეობდა წინა საოლიმპიადო ციკლებთან შედარებით.

[ზენაიშვილის ხმა] “ამ მხრივ, ჩვენთან საშუალო ევროპული დონე მაინც არის. ასე რომ, სპორტსმენებს თავის გამართლების საბაბი წართმეული აქვთ შესაძლო წარუმატებელი გამოსვლის შემთხვევაში.”

ვინ იქნებიან ქართველ ოლიმპიელთა მეტოქეები? ჭიდაობის სახეობებში, ტრადიციულად, ძლიერი სპორტსმენებით იქნება დაკომპლექტებული რუსეთის, თურქეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების გუნდები.

[ზენაიშვილის ხმა] “რაც შეეხება ძალოსან ასანიძეს, იცით, რომ მისი უპირველესი მოწინააღმდეგე არის არა პიროვნება, არამედ წონა და, ამდენად, თავადაა ის თავისი ბედის განმსაზღვრელი.”

ნინო სალუქვაძეს ეყოლება ძლიერი მეტოქეები რუსეთიდან, უკრაინიდან, სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან.

აპრილის გადაცემაში ჩვენი მსმენელი გაეცნო ინფორმაციას ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ქართველ სპორტსმენთა მატერიალური წახალისების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ქართული ოლიმპიური მოძრაობის საქმეში ქვეყნის მთავრობასთან ერთად დიდი წვლილი შეაქვს ცნობილ ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს. როგორც ბატონი ემზარი გვამცნობს:[ზენაიშვილის ხმა] “პირველი ქართველი, ვინც ათენში ოლიმპიურ ჩემპიონობას მოიპოვებს, სოლიდური თანხით დაჯილდოვდება და ეს არის რამდენიმე ათეული ათასობით ლარი, ხოლო ზუსტ თანხას ბატონი ბადრი უახლოეს ხანებში დაასახელებს.”

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ოთხ ნაკადად გაემგზავრება ათენში ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი სპონსორის ავიაკომპანია “აირზენას” თვითმფრინავებით. ემზარ ზენაიშვილი ამბობს, რომ ათენის ოლიმპიურ სოფელში ჯერ კიდევ ჩასატარებელია რიგი სამუშაოებისა.

[ზენაიშვილის ხმა] “და თუ მოხერხდა კონდიციონერების სისტემის გაშვება, მაშინ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი, რაც დღემდე გვინახავს. ვგულისხმობ ატლანტის, სიდნეისა და სხვა ქალაქების ოლიმპიურ სოფლებს.”

დავით კაკაბაძე:
იმედია, კონდიციონერების სისტემის გაშვება მოხერხდება და ქართველ სპორტსმენებს ათენში ყოფითი პრობლემები არ შეექმნებათ. მე კი შეგახსენებთ, რომ მომავალი ოლიმპიადისთვის საქართველოს სპორტული დელეგაციის მზადებაზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და რადიო "თავისუფლების" თბილისელი თანამშრომელი გიორგი კაკაბაძე გვიამბობდნენ. თქვენ უსმენთ "მეათე სტუდიას".

[მუსიკა]

ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ისრაელში რევაზ გაჩეჩილაძესთან

დავით კაკაბაძე:
27 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელში მიემგზავრება სახელმწიფო ვიზიტად. ამ ვიზიტისგან ბევრს მოელიან. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ შეძლებს ქვეყნისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას. მომავალ კვირაში ისრაელში მიემზგავრება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ბიძინა რამიშვილიც, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს გააშუქებს. დღეს კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას უნდა ველოდეთ ამ სტუმრობისგან. ბიძინა რამიშვილი პრაღიდან თელ-ავივში დაუკავშირდა საქართველოს ელჩს ისრაელში, რევაზ გაჩეჩილაძეს.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ელჩს ისრაელში, რევაზ გაჩეჩილაძეს ბიძინა რამიშვილი ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

ვინ არიან ახალგაზრდა რუსების გმირები?

დავით კაკაბაძე:
ახლა რამდენიმე წუთით რუსეთს მივაშურებთ, სადაც საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ბოლო გამოკითხვას მოულოდნელი შედეგები მოჰყვა. გამოკითხეს ახალგაზრდები: 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები იმის გასარკვევად, თუ ვინ არიან მათთვის მისაბაძი ადამიანები, მათი გმირები. რა გაირკვა - მარიამ ჭიაურელისაგან მოისმენთ. მე მხოლოდ იმას გავამხელ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც თანამემამულეთა შორის, როგორც ცნობილია, დიდი პოპულარობით სარგებლობს, მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგო.

მარიამ ჭიაურელი:
პუტინზე მეტი პოპულარობით რუს ახალგაზრდებში პოპ-ვარსკვლავები და... ოლიგარქები სარგებლობენ. პოპ-ვარსკვლავების შემთხვევაში უცნაური, შესაძლოა, არაფერი იყოს, მაგრამ ოლიგარქები?..

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა ჩაატარა და მისი თანამშრომელი დმიტრი პოლიკანოვი განმარტავს:

[დმიტრი პოლიკანოვის ხმა] “ახალგაზრდები წარმატებაზე არიან ორიენტირებული. რუსეთში, ბოლოს და ბოლოს, ჩაიარა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ და სავსებით ნორმალურია, რომ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ საბჭოთა პერიოდის ზოგადი მორალური ფასეულობები. კერპები ხდებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში სწრაფ წარმატებას განასახიერებენ და ძალიან ხშირად ხდება იმის იგნორირება, როგორ მიაღწიეს ამ წარმატებას."

ეს გაირკვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ასი ქალაქისა და სოფლის მკვიდრ 1538 ახალგაზრდას დაუსვეს შეკითხვა: ვინ არიან თქვენი გმირები?

ის, რომ გმირებს შორის ოლიგარქები აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საყურადღებოა ნავთობკომპანია "იუკოსის" გარშემო წარმოქმნილი სკანდალის ფონზე. აქამდე ყველა გამოკითხვა აჩვენებდა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისადმი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას. ანუ, თითქოს აღიარებული ჭეშმარიტება იყო, რომ ოლიგარქები რიგით რუსებს, რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებათ. მაგრამ იქნებ, არ არის ასე?

თან არის, თან არაო, ამბობს დმიტრი პოლიკანოვი. მისი განმარტებით, გამოკითხვის შედეგები, გარკვეული თვალსაზრისით, მოულოდნელი არ ყოფილა: პოსტსაბჭოთა ახალგაზრდა თაობას აშკარად მატერიალისტური ორიენტაცია ეტყობა. ახალგაზრდების თვალში წარმატება ფულს, მატერიალურ ფასეულობებს ნიშნავს და მათს შეხედულებას განუწყვეტლივ ამყარებს პოპულარული მასმედია. შესაბამისად - მისაბაძები, “გმირები” არიან ისინი, ვინც ბევრი ფული და მატერიალური ფასეულობა დააგროვა.

მაგრამ სხვა საქმეა, როცა ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებებზე ჩამოვარდება ხოლმე: ოლიგარქები არ უყვართ რიგით რუსებს, მათ შორის არც ახალგაზრდებს.

[დმიტრი პოლიკანოვის ხმა]: “პრინციპში, ორიენტაცია, როგორც უკვე ვთქვით, წარმატებაზეა, მაგრამ ოლიგარქებს (პიროვნებებს ვგულისხმობ) ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, სახელდებიან იმ ადამიანებად, ვინც ყველაზე ნაკლებ ნდობას იმსახურებს. ჩვენ ვადგენთ ტრადიციულ რეიტინგებს: ესენია რუსეთის წამყვანი პოლიტიკური მოღვაწეებისა და პიროვნებებისადმი ნდობისა და უნდობლობის ამსახველი რეიტინგები. და აი, იმათ, ვინც ოლიგარქების ბანაკის წევრად მიიჩნევა - მაგალითად, ჩუბაისს, აბრამოვიჩს, ხოდორკოვსკის, ბერეზოვსკის - აქვთ უნდობლობის ძალიან მაღალი რეიტინგი და ნდობის ძალიან დაბალი რეიტინგი.”

დასკვნა, ამბობს პოლიკანოვი, ასეთია: ახალგაზრდა რუსებს ძალიან მოსწონთ, როგორ ცხოვრობენ ოლიგარქები, მაგრამ უჭირთ დაასახელონ მათთვის მოსაწონი თუნდაც ერთი ოლიგარქი.

[დმიტრი პოლიკანოვის ხმა]: “გამოდის, რომ ადამიანებზე ერთი მხრივ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ახალი კაპიტალისტური საზოგადოების ფასეულობები. მაგრამ, მეორე მხრივ, არ არსებობს კონკრეტული პიროვნება, ოლიგარქიული კაპიტალის წარმომადგენელი, რომლისადმიც მართლაც პოზიტიური დამოკიდებულება იარსებებდა.”

რუსი ფსიქოლოგი, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ ასმოლოვი დადებითად აფასებს ახალგაზრდების მისწრაფებას ფულის მოხვეჭისაკენ. როგორც მან გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თქვა გაზეთ "ვედომოსტისთან" ინტერვიუში, ახალგაზრდა რუსები პრაგმატულობას იჩენენ და მზად არიან, პასუხისმგებლობა იკისრონ, თავად გადაწყვიტონ, რა მიზნებს დაისახავენ, როგორ წარმართავენ კარიერას.

მართლაც, კარგი სამსახური, ბევრი ფული, "მაგარი" მანქანა და დიდი სახლი დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაშიც არის საშუალო ფენაში გავრცელებული, ასე ვთქვათ, "სტანდარტული" მიზანი, გნებავთ, ოცნება. ოღონდ ეს 40-50 წლის ადამიანებში; 18 წლისები იქ უმეტესწილად, იდეალისტები არიან... თუ სახელგანთქმული უინსტონ ჩერჩილის ერთ გამონათქვამს მოვიშველიებთ, “თუ 20 წლისა ლიბერალი არა ხარ, გული არა გქონია, თუ 40-ისა კონსერვატორი არა ხარ - უჭკუო ყოფილხარ”.

მაგრამ რუს ახალგაზრდებს, ჩანს, დრო არა აქვთ “იდეალისტობისათვის”. ლეგენდარული ჩე გევარა, რომელიც დასავლეთში მილიონობით ადამიანის, უმეტესწილად მემარცხენე ახალგაზრდების კერპია, რუსეთში გამოკითხულთა სულ ერთმა პროცენტმა დაასახელა თავის გმირად. ისე, კერპებსა და გმირებზე ახალგაზრდებს შორის გამოკითხვის ჩატარება, ალბათ, საქართველოშიც საინტერესო შედეგებით დასრულდებოდა - უცებ გამდიდრებულების ბედი, შესაძლოა, ბევრმა არ ინატროს. მათ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, უჭირთ მოპოვებულის შენარჩუნება.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ამით დღევანდელი "მეათე სტუდია" დამთავრდა. დამთავრდა ჩვენი ერთსაათიანი გადაცემაც. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG