Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა პრობლემები


სამხრეთი ოსეთის პრობლემით დატვირთულ ხელისუფლებას კიდევ ერთი საფიქრალი გამოუჩნდა – ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დასახლებული აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას

წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას კატეგორიულად სთხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საკითხით უკვე აზერბაიჯანშიც დაინტერესდნენ. ჩვენ კი ვცადეთ, გაგვერკვია, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტებმა - ილჰამ ალიევმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთს მეზობლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების პირობა მისცეს. თუმცა, უცხოეთში გავრცელებული ცნობის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ბოლოდროინდელმა შევიწროვებამ ამ მეზობლურ იდილიას საკმაო ჩრდილი მიაყენა.

უთანხმოების სათავედ სახელდება 2004 წლის 30 მაისი, ანუ თარიღი, როდესაც საქართველოს უშიშროების შენაერთებმა აზერბაიჯანის საზღვარზე მასშტაბური რეიდი მოაწყვეს. ამ ოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანიდან შემოდენილ კონტრაბანდასთან ბრძოლა სახელდებოდა.

ოდნავ მოგვიანებით, ბაქოში გამომავალი გაზეთი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების შევიწროვებაზე იწყებს საუბარს. ვრცელდება ინფორმაცია მათი ლიდერების უკანონო დაკავებასა და მათთვის ფულის გამოძალვის თაობაზე. იმავე წყაროს ცნობით, შევიწროვებულთა შორის, როგორც ადგილობრივი აზერბაიჯანელების ქომაგი, რუსულენოვანი ყოველდღიური გამოცემა "ზერკალოც" მოექცა.

პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში სოსო მაზმიშვილი, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბრისას, ამგვარი ფაქტების არსებობას სასტიკად უარყოფს და პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევს:

[სოსო მაზმიშვილის ხმა] "აზერბაიჯანელების უფლებების დარღვევაზე საუბარიც კი ზედმეტია. რასაც ამბობენ და წერენ, ყველაფერი ეს პროვოკაციაა. ჩვენში არავითარი პრობლემა არ არსებობს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მათ შევიწროვებაზე საუბარიც არ შეიძლება ".

ქვემო ქართლის მკვიდრი აზერბაიჯანელი იურისტი ისახან ასუროვი ფიქრობს, რომ ახალი მთავრობის ხელში სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ არც გაუმჯობესებულა და რომ სწორედ ეს აღელვებს ხალხს:

[ისახან ასუროვის ხმა] "არ შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია გაუარესდა. ის ისეთივე რჩება და სწორედ ეს აღაშფოთებს ხალხს. სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირება უმთავრესად მიწის რეფორმას და სახელისუფლო ორგანოებში აზერბაიჯანელების წარმომადგენლობის ხელშეწყობას ეხებოდა. ეს დაპირებები ჯერ არ შესრულებულა და ამიტომ გაჩნდა უკმაყოფილება".

ბოლნისის რაიონის დაბა თამარისში მცხოვრები აზერბაიჯანელი თემურ მამედოვი თანამემამულეების შევიწროების ინფორმაციას სასტიკად უარყოფს:

[თემურ მამედოვის ხმა] "მე არ ვიცი საიდან გაქვთ ამგვარი ცნობები, მაგრამ... აქ დაახლოებით 500 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და თუკი ერთი-ორი მათგანი გამოთქვამს უკმაყოფილებას, ეს მათი საქმეა. ეს მთელი ხალხის აზრი არ არის".

ისე კი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, ხელისუფალთა წინასაარჩევნო დაპირებებს შესრულება ნამდვილად სჭირდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG