Accessibility links

დნესტრისპირეთში პრორუსული ძალები რუმინულ/მოლდავურ სკოლებს აუქმებენ


მოლდავეთში, დნესტრისტრისპირეთში მასწავლებლები მწვავედ აპროტესტებენ სკოლებიდან რუმინულ/მოლდავური ენის დევნას, რომელიც პრო-რუსულმა ძალებმა აქტიურად წამოიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დნესტრისპირეთში რუსულად და უკრაინულად მოლაპარაკე მოსახლეობა ჭარბობს, მოლდავეთში ძირითად სალაპარაკო ენად რუმინულ/მოლდავურია აღიარებული. სკოლების დახურვის გამო მკვეთრ პროტესტს გამოთქვამს ევროკავშირი და ეუთო. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები მომხდარს “ენობრივ წმენდას” უწოდებენ.

დნესტრისპირეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მიმდინარე კვირაში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსულენოვანმა მილიციამ უდედმამო ბავშვთა სკოლა დახურა. მეორე სკოლაში კი - დააპატიმრა მშობლები და მასწავლებლები მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სასწავლებლის დახურვას აპროტესტებდნენ.

ვითარებამ თანდათანობითი დაძაბვა ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ დაიწყო, ანუ როდესაც დნესტრისპირეთის პრორუსული ხელისუფლება რუმინულ/მოლდავურ ენოვანი სკოლების გაუქმებას შეუდგა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დნესტრისპირეთი მოლდავეთს 1990 წელს გამოეყო, რასაც 1992 წელს მხარეებს შორის ხანმოკლე ომიც კი მოჰყვა. თუმცა რეგიონს საერთაშორისო აღიარება დღემდე არ მოუპოვებია.

სკოლების დახურვასთან დაკავშირებული სკანდალი სწორედ ძველი დაპირისპირების ერთგვარი გაგრძელებაა. ამჟამად პრობლემა უშუალოდ ბავშვებს ეხება და ვითარებამ პიკს მიაღწია. დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გასაუქმებლად შვიდი სკოლის შერჩევა განაპირობა იქ მოლდავური ენის არა კირილიცაზე, არამედ ლათინურ ანბანზე დაყრდნობით სწავლებამ.

მომხდარს სასწრაფოდ გამოეხმაურა მოლდავეთის მთავრობა, მან დნესტრისპირეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციას მიმართა და რეგიონიდან ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მოლდავეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი არ აღიარებს დნესტრისპირეთის ხელისუფლებას, რომელსაც სათავეში იგორ სმირნოვი უდგას, და მასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს:

(ვლადიმირ ვორონინის ხმა) "დღეს მან ბავშვები აიყვანა მძევლად მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ მოლდავურ ენას სწავლობდნენ. ხვალ საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად, კონფლიქტის განახლებას შეეცდება და დაიწყებს ჩვენს დაშანტაჟებას. სმირნოვი და მისი გარემოცვა სეპარატიზმის ჩარჩოებს გასცდნენ. ეს აღარ არის პოლიტიკური უფლებებისთვის ან დნესტრისპირეთის ავტონომიისთვის ბრძოლა. ეს არის უკანასკნელი ადამიანების ჯგუფი – ისინი სხვა სახელს არ იმსახურებენ. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება და ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ მათ, როგორც პარტნიორებს პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის. ვიდრე იქ ნამდვილი დემოკრატიული მექანიზმები არ ამუშავდება, ჩვენ მათ სასიკეთოს არაფერს შევთავაზებთ".

მომხდარმა ძლიერ შეაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება. ინციდენტს უარყოფითად გამოეხმაურა ევროკავშირი და ეუთო. უილიამ ჰილი ეუთოს მისიის ხელმძღვანელი კიშინიოვში ვითარებას ფეთქებადსაშიშს უწოდებს:

(უილიამ ჰილი) "სიტუაცია ყველგან ძალიან დაძაბულია და ჩვენი შეფასებით – საკმაოდ ფეთქებადსაშიშიც. მე თავად ვიყავი ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატთან, სადაც, მართალია, სიჩუმე იყო, მაგრამ სიტუაციის მეტისმეტი დაძაბვა შეიმჩნეოდა. მოვლენათა განვითარების განჭვრეტა შეუძლებელია ხელისუფალთა წარმომადგენლების იქ ყოფნისა და სკოლების დახურვის მუქარის გამო".

შევიწროვებული მასწავლებლები და მშობლები მოუწოდებენ ყველას – იფიქრონ ბავშვებზე და ქვეყნის მომავალზე. აი, რა წერია ღია წერილში, რომლითაც ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელი პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას მიმართავს:

(ქალბატონი კითხულობს ღია წერილს) “შექმნილი ვითარება 620 მოლდოველ ბავშვს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეს ძალიან დიდი საფრთხეა. ჩვენ თქვენი მოწყალე გულის იმედი გვაქვს და ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი შვილებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი”.
XS
SM
MD
LG